დავით ჭიჭინაძე: "კონსტიტუციის მიღების შემდეგ ყველამ დამოუკიდებელი თამაში დაიწყო" - კვირის პალიტრა

დავით ჭიჭინაძე: "კონსტიტუციის მიღების შემდეგ ყველამ დამოუკიდებელი თამაში დაიწყო"

ხელისუფლების შემოთავაზებულ საარჩევნო რეფორმასა და ეროვნული ვალუტის ყოველდღიურ გაუფასურებაზე მოძრაობა "ტრიბუნის" დამფუძნებელს, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, დავით ჭიჭინაძეს ვესაუბრეთ:

- საარჩევნო რეფორმა მეტ-ნაკლებად ასახავს საზოგადოების დღევანდელ განწყობას და მასზე მსჯელობა პოზიტიურად მიმდინარეობს - არც ერთი მხარისთვის გაჯიუტება არ შემიმჩნევია.

- მაშინ რატომ ეწინააღმდეგებით პროპორციულ სისტემას? - ჩემი აზრით, საარჩევნო სისტემა უნდა იყოს მაჟორიტარული, მაგრამ მთლიანად და არა შერეული. ყველა უნდა იღებდეს გარკვეულ ვალდებულებას ამომრჩევლის წინაშე. ყველა ჩვენი კუთხეების წარმომადგენლები ვართ და ამიტომ მაჟორიტარული სისტემით ეს პარიტეტი დაცულია, პროპორციული სისტემით კი ეს ასე არ იქნება.

- მაგრამ მაჟორიტარულმა სისტემამ არ გაამართლა. - იმიტომ, რომ მაჟორიტარები ამ შერეულ სისტემაში პოლიტიკური ჯგუფების დანამატებად ჩანან. როცა მათ წარადგენს პოლიტიკური ძალა, ისინი ამ ძალის წინაშე თავს ვალდებულად გრძნობენ...

- მაგრამ არც დამოუკიდებელი მაჟორიტარები გამოირჩევიან საქმით. - ეს ადამიანზეა დამოკიდებული. აბა, გადახედეთ, რამდენი დეპუტატია პარლამენტში პროპორციული სისტემით შესული და ხმაც არ ამოუღიათ, არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ.

- როგორც ვიცი, ივანიშვილი თავიდანვე იყო პროპორციული სისტემის მომხრე, თუმცა მერე 2024 წლამდე გადადო. - ამაში დიდი წვლილი მეც მიმიძღვის. ვთვლი, რომ ამ ქვეყანას მაჟორიტარი სჭირდება არა მგონია, ვინმეზე ნაკლები დეპუტატი ვიყო და ჩემს ფუნქციებს ვერ ვასრულებდე... მაჟორიტარულ სისტემაზე მხოლოდ მე და რამდენიმე ადამიანი ვიბრძოდით, თორემ უმრავლესობა მომხრე იყო პროპორციული არჩევნები 2020 წელს ჩატარებულიყო. მაგრამ ამას საკონსტიტუციო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა სჭირდებოდა, ჩვენ კი, სულ 4-5 კაცი, ბოლომდე ვიდექით ჩვენს პოზიციაზე და ეს საკმარისი იყო, რომ საკონსტიტუციო ერთიანობა დაშლილიყო. კვირიკაშვილმა არ იკადრა ოპოზიციის ხმების მობილიზება. თუ მოიზიდავდნენ "ევროპულ საქართველოსა" და "პატრიოტებს", გამოვიდოდა, რომ "ოცნებას" არ ჰყავდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, იტყოდნენ, რომ დამხმარე ძალის მეშვეობით მიაღწიეს ამ ცვლილებას, რაც "ოცნებას" არ აწყობდა. მაშინ კვირიკაშვილმა გუნდის ერთიანობა შეინარჩუნა...

- მაგრამ ამის შემდეგ რატომ არ მოხერხდა გუნდის ერთიანობის შენარჩუნება? - "ოცნება" აღარ ითვალისწინებდა განსხვავებულ მოსაზრებებს... კონსტიტუციის მიღების შემდეგ ყველამ დამოუკიდებელი თამაში დაიწყო.

- ბლოკების აკრძალვას თქვენც ეწინააღმდეგებით? - თუ ვინმეს ბლოკის შექმნა სურს, შექმნას, ოღონდ მათ უფრო მეტი ბარიერი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე დამოუკიდებლად მოთამაშე პარტიებს. ახლა ბლოკებში ზოგი იმიტომ შედის, რომ საეთერო დრო და მეტი დაფინანსება მიიღოს.

- გასაგებია, მაგრამ ოპოზიციას ხომ უნდა ჰქონდეს არჩევნის საშუალება? - საარჩევნო სისტემაში უნდა შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომ ოპოზიციას უფრო მეტი ხმა მიეცეს. ეს მოჩვენებითი კომისიის წევრები რეალურად ხელისუფლების დავალებებს ასრულებენ. აქედან გამომდინარე, დაკომპლექტების ეს სისტემა - უმრავლესობას ყველაფერი და ოპოზიციას არაფერი - უსამართლოა.

თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ 2003 წელს რევოლუციის გზით შეიცვალა ხელისუფლება და არა ბლოკით, 1992 წელს - სახელმწიფო გადატრიალებით. ერთადერთი მშვიდი არჩევნები 2012 წელს ჩატარდა. მაშინ ბიძინა ივანიშვილი უპირობო ლიდერი იყო და არჩევნებს ბლოკების გარეშეც მოიგებდა.

- რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, რატომ უფასურდება ლარი და რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება ადეკვატურად? - ხელისუფლებას მთავარი მიზეზის თქმა არ შეუძლია და როცა ამას ვერ ადგენს, ბუნებრივია, ადეკვატურ რეაგირებასაც ვერ ახდენს. საზოგადოებაში ჩაკვდა აქტიურობა - უსამართლო გარემო ჩამოყალიბდა, ხალხს ბიზნესის კეთების სურვილი არა აქვს, მოლოდინის რეჟიმში არიან. როდესაც ყველაფერი ჩერდება, ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ.

ლარის გამყარების გზა ხელისუფლების სწორი მუშაობაა. ამ პერიოდში ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელი დიდია, ექსპორტიც, მაგრამ ლარი მაინც რა დღეშია! ნოემბერში, როდესაც ეს ყველაფერი შემცირდება, რაღა დააბალანსებს ლარს?!

ლარი ისეთი განწირულია, 3,5 ზღვარი მისთვის აღარაფერი იქნება.