"გვარამიამ "რუსთავი 2"-ს 30 მილიონის ზარალი მაინც მიაყენა" - კვირის პალიტრა

"გვარამიამ "რუსთავი 2"-ს 30 მილიონის ზარალი მაინც მიაყენა"

"რუსთავი 2"-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ბრალდების საფუძველზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, "გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია".

თადუმაძის უწყების განმარტებით, გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით "რუსთავი 2"-მა ვერ მიიღო 6.763.510 ლარი, რითაც მას დიდი ოდენობით ზიანი მიადგა... აზიანებდა თუ არა რეალურად "რუსთავი 2"-ს ნიკა გვარამია, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" ნინო ნიჟარაძის ადვოკატს, გიორგი ყავლაშვილს ესაუბრა.

- ჩვენი ფინანსური პრეტენზიები იყო გაცილებით მაღალი და არა მგონია, 6 მილიონი იყოს ის თანხა, რომლითაც დააზიანა გვარამიამ ტელევიზია. ვფიქრობ, ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ამხელს ყველა იმ პირს, ვინც მასთან ერთად ჩართული იყვნენ "რუსთავი 2"-ის საზიანო ქმედებებში. ამ ადამიანმა, რომლის მთავარი საქმიანობა ხალხის ლანძღვა-გინებაა, პასუხი უნდა აგოს კომპანიისთვის ამხელა ზარალის მიყენებისთვის.

- თქვენი გათვლებით, რამდენი მილიონის ზარალი მიაყენა გვარამიამ ტელეკომპანიას?

- ვფიქრობ, 30 მილიონი მაინც. ჩვენ არ მოგვეცა საქმის ბოლომდე შესწავლის საშუალება. მფლობელები შეიცვალნენ და არხზე ახალი დირექტორი დაინიშნა. ამიტომ გამოძიებას გადავეცით, თორემ ჩვენ მივიყვანდით ამ საქმეს ბოლომდე.

- ანუ მთელი ეს ზარალი გვარამიამ "რუსთავი 2"-ს "ინტერმედიის" გამო მიაყენა? - რა სქემით მოქმედებდნენ, არ ვიცი, მაგრამ როდის იყო, კონტრაქტორი კომპანია ბინებს გაძლევდა და მერე უკან უბრუნებდი? გვარამიამ კი თქვა, "რუსთავი 2"-ში ჩავდე, ტელევიზიას უჭირდაო. 100.000 ლარამდე ხელფასი ჰქონდა და თუ დახმარება უნდოდა კომპანიისთვის, ნუ აიღებდა ამხელა ხელფასს. 100.000 ლარისას რას აკეთებდა, მარტო პირი ჰქონდა დაღებული და აგინებდა ყველას.

- თქვენი აზრით, სად მიჰქონდა გვარამიას ეს ფული?

- თვითონ ამბობს, შარვლები ვიყიდეო და ეტყობა, ძალიანი ძვირიანია.

- რაში აწყობდა გვარამიას ტელევიზიისთვის ზიანის მიყენება? - როდესაც რაღაც მოქმედებას მოჰყვება ფინანსური სიამოვნება, კითხვა, რაში აწყობდაო, აღარ არის საჭირო. როდესაც შეგიძლია სარეკლამო შემოსავალი მეტი მიიღო და ნაკლები მისცე კომპანიას და ამას პირიქით აკეთებ, ეს საზიანო გადაწყვეტილებაა.

- ანუ ტელევიზიას ამხელა ზარალი მხოლოდ რეკლამებისა და "ინტერმედიის" საშუალებით მიადგა? - ტელევიზიას შემოსავალი რეკლამებით აქვს, შემოსავალს კი ცუდად განკარგავდა.

- ტელევიზიის სხვა მეწილეები უპირობოდ ენდობოდნენ გვარამიას? - კრებებზე, რომელთაც დავსწრებივარ, ყარამანიშვილები არც ერთზე არ ყოფილან. გვარამია თავის ჭკუაზე აკეთებდა ყველაფერს.