"არ გვინდა, თუმცა "რუსთავი 2"-ის გაკოტრებულად გამოცხადების ფაქტობრივი საფუძველი არსებობს" - კვირის პალიტრა

"არ გვინდა, თუმცა "რუსთავი 2"-ის გაკოტრებულად გამოცხადების ფაქტობრივი საფუძველი არსებობს"

"რუსთავი 2"-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ბრალდების საფუძველზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, "გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია".

თადუმაძის უწყების განმარტებით, გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით "რუსთავი 2"-მა ვერ მიიღო 6.763.510 ლარი, რითაც მას დიდი ოდენობით ზიანი მიადგა... აზიანებდა თუ არა რეალურად "რუსთავი 2"-ს ნიკა გვარამია, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს პაატა სალიას ესაუბრა:

- კატასტროფული სიტუაცია დაგვხვდა, კომპანიას ათეულობით მილიონის დავალინება აქვს, როგორც საგადასახადო, ასევე კრედიტორების: წყლის კომპანიის, სატელიტური კომპანიის და ა.შ.. მილიონობით ზარალია, არის ბევრი გაურკვეველი საკითხი, კომპანიის მენეჯმენტი არ იყო კომპანიის ინტერესებისკენ მიმართული და არსებული მდგომარეობა აჩენდა ბევრ კითხვას, რის გამოც პროკურატურას მივმართე. ალბათ, გვარამიაც გააკეთებს ახსნა-განმარტებას, თუ რატომ მოხდა მის საკუთრებაში კომპანია "ინტერმედიის" მეშვეობით დიდი ოდენობით უძრავი ქონება.

- "ინტერმედიასთან" დადებულ ხელშეკრულებას თუ გაეცანით? - ძალიან ბევრ ხელშეკრულებას გავეცანი, მათ შორის "ინტერმედიასთან" გაფორმებულსაც და ბევრი კითხვა გამიჩნდა. მიმაჩნია, რომ ხელშეკრულება "რუსთავი 2"-ის საზიანოდ დაიდო. დანარჩენი აუდიტის შემდგომ გამოჩნდება.

- აქამდე აუდიტი არ ჩატარებულა? - მე არ დამხვედრია აუდიტის დასკვნა.

- სხვა პირებსაც ხომ არ წარედგინებათ ბრალი? - ამ ეტაპზე გამიჭირდება სხვა პირთა ბრალეულობაზე საუბარი, თუმცა ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებელია გენერალური დირექტორი. ამის გათვალისწინებით მივმართე გენერალურ პროკურატურას.

- ხომ არ არის საშიშროება, რომ ამ დავალიანების გამო ტელეკომპანია გაკოტრებულად გამოცხადდეს? - არ გვინდა, თუმცა ფაქტობრივი საფუძველი არსებობს.

- გადარჩენა შესაძლებელია? - იმედია, ყველაფერი გამოვა.