"ბიბილოვის განცხადებებს ჩვენი დაშანტაჟებისთვის იყენებენ" - კვირის პალიტრა

"ბიბილოვის განცხადებებს ჩვენი დაშანტაჟებისთვის იყენებენ"

"ამ 7 წლის განმავლობაში მშვიდობას ვინარჩუნებთ და ახალ ომსა და ესკალაციაში არ ვებმებით"

"ნაციონალების" ხელისუფლების მმართველობისას შემოიჭრა რუსეთი და ამის შედეგებს დღემდე ვებრძვით"

აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდგომ კვლავ გრძელდება სასაზღვრო სოფლების მავთულხლართებში გახვევა და მცოცავი ოკუპაცია. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის დუმას 1920 წელს "ქართველი ნაციონალისტების მხრიდან გენოციდის აღიარების" მოთხოვნით მიმართა. ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ქართველებსაც წაუყენა ულტიმატუმი - საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ოსი ხალხის გენოციდსა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ვაღიარებთ. სულ ახლახან კი იმავე ბიბილოვმა განაცხადა, რომ ოსეთის მომავალი მხოლოდ რუსეთთან შეერთებით წარმოუდგენია.

კრემლი ძველებურად ათასგვარი ხრიკით ცდილობს საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციას და საკუთარი გავლენის დაკანონებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ მიზნით პუტინი მართავს მოლაპარაკებებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან. ამ თემებზე "კვირის პალიტრას" საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ესაუბრა:

- ბიბილოვის განცხადებები დამატებითი ინსტრუმენტია, რომელთაც მუდმივად იყენებენ პროცესების მეტად დაძაბვისა და ჩვენი დაშანტაჟებისათვის. ამით სურთ 2008 წელს ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი ქართველებზე გადმოიტანონ, რაც სათავეს ჯერ კიდევ 2008 წელს იღებს - ომის შემდგომ მათი ლიდერი აცხადებდა, თითქოს ქართული მხარე ისტორიულად ცდილობდა ოსებსა და მერე რუსეთის მოქალაქეებზე იერიშის მიტანას, რათა შემდგომ თავიანთი მოქმედებების ლეგიტიმაცია მოეხდინათ. ახლახან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მსგავსი განცხადებები, რომლებიც ისედაც პროვოკაციულ გარემოში ჩვენს წინააღმდეგ დამატებით გამაღიზიანებლებად ჩამოყალიბდა. რუსეთს ბიბილოვისთვის მის მოთხოვნაზე (გენოციდის აღიარება) დადებითი პასუხი არ გაუცია, თუმცა არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

- გამორიცხავთ, რომ რუსეთის დუმამ დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა? - ვერაფერს გამოვრიცხავთ. ამ ტალღას სწორედ პუტინის განცხადებამ მისცა იმპულსი. დარწმუნებული ვარ არავის სჯერა ოსების გენოციდისა და მთელი ამ ნარატივის ფაბრიკაციის. ჯერჯერობით ამას დაშინებისა და ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებენ. ჩვენმა ისტორიკოსებმა გასცეს ამას კვალიფიციური პასუხი და მომავალშიც გასცემენ. ვინც უნდა იყოს, ერთი პირი ისტორიას ხელის ერთი მოსმით ვერ გადაწერს, მაგრამ ჩემთვის ის არის მნიშვნელოვანი, რატომ კეთდება ასეთი განცხადებები. ამ ყველაფრის პოლიტიკური დანიშნულება ის არის, რომ დამატებითი დაძაბულობა შეიტანონ ქართულ-ოსურ ურთერთობაში. არადა, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში კონტაქტები და თანამშრომლობით დაინტერესება საგრძნობლად გაიზარდა.

ქეთევან ციხელაშვილი - თქვით, რომ პუტინის განცხადებას ისტორიკოსებმა გასცეს საკადრისი პასუხი. იმავე ისტორიკოსების აზრით, პუტინის განცხადების ქვეტექსტი ის იყო, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე არც უნდა იოცნებოს. თქვენ, როგორც პოლიტიკოსს, ამაზე რა პასუხი გაქვთ? - პუტინმა გაიმეორა იგივე მესიჯი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, საომარი მოქმედებების შემდგომ ჰქონდა და რომლითაც ძალისმიერი პოლიტიკით მიღწეული შედეგების ლეგიტიმაციას ცდილობს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის მისაღებია ის პირობები, რომლებითაც დღეს რუსეთი მოქმედებს. პირიქით, დღეს ჩვენი პასუხია, რომ არ შევურიგდებით რუსულ ოკუპაციას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევრიგდეთ საზოგადოებებთან, რომლებიც ზუსტად ოკუპაციის გამო გაიხლიჩა.

ასეთი პროვოკაციების ფონზე მშვიდობის, თუნდაც პირობითი მშვიდობის დაცვა, პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, უნდა შეძლოს თავისი სუვერენიტეტის დაცვა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება.

ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ ევროატლანტიკური და ევროპული კურსი, რომელიც ჩვენი ხალხის არჩევანია, ასევე, მშვიდობა და მდგრადი სტაბილურობა რეგიონში.

დიდი ნაწილი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისა გაფართოებულ რუსულ ბაზებად იქცა. ასეთ დროს საბოლოო მიზნის მიღწევაზე გათვლილი ნაბიჯები უნდა გადავდგათ.

- მარიონეტული რეჟიმების მხარდამჭერები არ გამორიცხავენ, რომ რუსული მხარის დახმარებით შესაძლოა გაეროს წევრმა კიდევ რამდენიმე ქვეყანამ აღიაროს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. - არ ვიცი, ამას ვინ ამბობს, მაგრამ დღეს რა შედეგებიც გვაქვს საერთაშორისო დიპლომატიურ ასპარეზზე, ფაქტობრივად, რუსეთს ჩაუვარდა აღიარებითი პოლიტიკა. ორმა ქვეყანამ უკან წაიღო თავისი აღიარება და ერთადერთი "საჩუქარი", რომელიც რუსეთმა 10 წლის თავზე ამ რეგიონებს გაუკეთა, იყო ასადის რეჟიმისგან აღიარება. რუსეთი ამ ძალისხმევას აგრძელებს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ და ჩვენი დიპლომატიური სამსახურები უნდა მოვდუნდეთ. რისკები ყოველთვის არსებობს, თუმცა რუსეთის ამ მცდელობას არა აქვს არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არც საერთაშორისო ნორმებით, არც გაეროს და არც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით - ჩვენი რეგიონებიდან მოსახლეობის უმრავლესობა გამოდევნილია. არა მარტო ისინი, იქ მცხოვრები მოსახლეობაც მძიმე ვითარებაში ცხოვრობს.

ჩვენ გვაქვს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მყარი საერთაშორისო მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ ამ გზით ვივლით.

- პუტინი-ხაჯიმბას შეხვედრაც საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციას და საკუთარი გავლენის დაკანონებას ისახავდა მიზნად? - აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა და ეს ფიგურალური შეხვედრები საერთაშორისო ასპარეზზე ლეგიტიმაციის მცდელობას უკავშირდებოდა. ის, რაც ხდება, არ არის არც ქართველების, არც აფხაზების და არც ოსების ინტერესში.

- აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია და სასაზღვრო სოფლების მავთულხლართებში გახვევა... - მავთულხლართები სამხედრო ობიექტი ხომ არ არის, სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდეს - ჰუმანიტარული ურიერთობების, კონტაქტების, ადამიანების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკაა, რათა მეზობელმა მეზობელს ხელი ვერ ჩამოართვას, კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოვიდეს და წამალი ვერ იყიდოს, ფერმერი აქედან ვერ გადავიდეს და თავისი ნაკვეთი ვერ დაამუშაოს.

მავთულხლართებს იქით დარჩენილებს ჩვენ პასპორტის მიღების გამარტივებულ წესებს, ჯანდაცვას, განათლებას და ვაჭრობის პერსპექტივას ვთავაზობთ, რისი ინტერესიც ამ რეგიონებიდან უზარმაზარია. არაერთი კედელი დანგრეულა, ბერლინის კედლის დანგრევაც თავის დროზე წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დაინგრა.

- ამბობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკას აფხაზების და ოსების ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ, რაც დრო გადის, მათი შერიგების ნება არ ჩანს. ქართველ საზოგადოებასაც აღარ აქვს იმედი, რომ ისტორიული სამართლიანობა აღდგება. რას აკეთებს ხელისუფლება ამ რეგიონებში რუსეთის გავლენის დაკანონების საწინააღმდეგოდ და საბოლოოდ შერიგებისთვის?

- გახშირებული დიალოგიდან გამომდინარე, არის თანამშრომლობის მზაობა კონკრეტულ პროექტებში, განათლებაზე, ვაჭრობაზე და ა.შ.

ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს გრძელვადიანი ეფექტი იმიტომ აქვს, რომ ამსხვრევს წლების განმავლობაში ნაგებ სტერეოტიპებს. არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ პოლიტიკურად გადავჭრათ კონფლიქტი, დღეს ამისთვის მზად არა ვართ. ჩვენ მათ ვთავაზობთ დიალოგს პოლიტიკის გარეშე, ვაჭრობის, უკეთესი განათლების, ჯანდაცვის პროექტებს...

ბევრი პრობლემა და სამუშაოა, უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადავდგათ და რუსეთმა მხოლოდ რეაგირების, პროვოკაციების განეიტრალების რეჟიმში არ უნდა გვამყოფოს.

- ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ხშირად კრემლის ნარატივების გამხმოვანებლად მოიხსენიებს. მთავრობის ზოგიერთი წევრივით, თქვენთვისაც რიტორიკულია კითხვა - რუსეთი ოკუპანტია?

- "ნაციონალები" ხშირად გვაბრალებენ რუსეთუმეობას. ჩემთვის მიუღებელია ბევრ საკითხზე მათთან პოლემიკა. ნებისმიერი ხელისუფლების პოლიტიკა შედეგით ფასდება. ახლა ვთქვათ, რა შედეგი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში და რა შედეგია ჩვენი ხელისუფლების დროს. არ არის ლაპარაკი იმაზე, ომი ვინ დაიწყო და ვინაა ბრალდებული. შედეგი რა მივიღეთ? - ფაქტია, რუსეთმა გაატარა თავისი ინტერესები. არც ის არის ახალი, რომ ვხედავდით, რუსეთიდან მოდიოდა საფრთხე და შეგვეძლო ომი აგვერიდებინა. ეს ყველაფერი ჩემთვის 2008 წელს არ დაწყებულა, 2004 წელს ერგნეთის ბაზრობის დახურვაც შეცდომა იყო.

2008 წლის ივლისში რუსები სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ და აცხადებდნენ, რომ ომს აპირებდნენ. ის, რომ ომი მათ სურდათ და მათ მოაწყვეს ოკუპაცია, ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს.

- რა შედეგებს გულისხმობთ, რა არის თქვენი ხელისუფლების მონაპოვარი? - რუსეთმა თავისი ინტერესები გაატარა და მოახდინა ოკუპაცია, კონტროლი დააწესა დამატებით სოფლებზე, ადამიანები დაიღუპნენ, იყო დევნილების ახალი ტალღა და ქვეყანამ უმძიმესი დარტყმა მიიღო. ჩვენ ამ 7 წლის განმავლობაში მშვიდობას ვინარჩუნებთ Yდა ახალ ომსა და ესკალაციაში არ ვებმებით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება ვიღაცამ ჩვენკენ ხელი გამოიშვიროს და რაღაც აბსურდული და მიუღებელი ბრალდებები წამოგიყენოს? "ნაციონალების" ხელისუფლებას არაფერი აქვს სატრაბახო, მათი მმართველობისას შემოიჭრა რუსეთი და ამის შედეგებს დღემდე ვებრძვით.

ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანად - ყოველდღიური შრომით, განვითარებისკენ სწრაფვით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით. ეს კონფლიქტის გადაჭრის გასაღებია, მით უფრო, რომ გვაქვს ინიციატივები და საგზაო რუკა, თუ როგორ უნდა აღვადგინოთ ხიდები, რომლებიც დღეს მავთულხლართებით არის ჩახერგილი.