აგვისტოს ომის პასუხგაუცემელი კითხვები - კვირის პალიტრა

აგვისტოს ომის პასუხგაუცემელი კითხვები

"ირწმუნებიან, მშვიდობიანი მოსახლეობა რომ გამოგვეყვანა, ეს ომის დაწყებას ნიშნავდაო. ამის მტკიცება არასერიოზულობაა! ჯარი შეიყვანეს, თავიანთი ჩავარდნის შემდეგ კი სამხედროებიც და იქაური მცხოვრებლებიც უპატრონოდ მიატოვეს!"

2008 წლის აგვისტოს ომ-ში დაშვებული შეცდომა იმაზე მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა ჯერჯერობით არ არის არავითარი წინა პირობა, რომ ოდესმე ყველაფერი ნათელი გახდება. სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე შეიარაღებულ ძალებში ომამდელ და ომისდროინდელ პრობლემებზე გვესაუბრება.

- 2008 წელს საქართველოს ბიუჯეტი უფრო მრავალრიცხოვანი იყო. დიახ, ფული იხარჯებოდა - შეიარაღებას, არტილერიას, მოტომსროლელ საბრძოლო ტექნიკას, ასე თუ ისე საჰაერო დაცვის საშუალებებსაც ყიდულობდნენ; უკრაინიდან შემოიყვანეს, თანაც - რუსული, მაგრამ ამ ყველაფერში დახარჯული თანხა მაინც არასაკმარისი იყო. პარალელურად, დაიწყეს შეიარაღებული ძალებიდან ომგამოვლილი ხალხის გათავისუფლება, რამაც ჯარის შესუსტება გამოიწვია. ამას ემატებოდა კლანური მმართველობა, გენშტაბის უფროსებისა და თავდაცვის მინისტრების ხშირი ცვლა, ყოველ ექვს თვეში ერთხელ სამხედროების სამსახურიდან გაშვება. პოლიციიდან პირადი შემადგენლობა გადმოჰყავდათ და ამით ცდილობდნენ დეფიციტის შევსებას. ასევე დიდი შეცდომა იყო იმ ადამიანების კარიერული ზრდის დაჩქარება, რომელთა მიმართაც კეთილგანწყობილი იყვნენ. ამ ყველაფერმა შეიარაღებულ ძალებში მართვის პრობლემები შექმნა და ეს კარგად დავინახეთ ომის დღეებში - მართვა, პრაქტიკულად, მოიშალა. გარდა ამისა, სამოქალაქო პირები აქტიურად ერეოდნენ მართვასა და სამხედრო ოპერაციებშიც კი და გადაწყვეტილებასაც იღებდნენ, რაც არანაკლები პრობლემაა, ვიდრე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

- ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ მაშინ სააკაშვილი რუსეთის მახეში გაება. რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინის ფაქტორი ვერ გათვალა. - დიახ, არ გვეგონა, თუ რუსეთი ჩაერეოდაო, არადა, ამის ყველა წინა პირობა არსებობდა. ჰქონდათ კონტრდაზვერვის ინფორმაცია, რომ იმ ზონაში შემოსული იყვნენ რუსეთის საბრძოლო შენაერთები. 1992-93 წლის გამოცდილება და მაგალითები გვედო წინ, ჩვენც ვეუბნებოდით, მაშინაც ერეოდნენ და არც ახლა დაიხევენ უკანო, მაგრამ...

ირიბად რომ ჩარეულიყო, მაშინაც არ იქნებოდა ჩვენი შეიარაღებული ძალები საკმარისი. დონბასში სამხედრო მოქმედებებში რუსეთი პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში პუტინი იბრძვის და ვხედავთ, რომ ადვილი დასამარცხებელი არ არის...

- თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ტერიტორიების დაბრუნებისკენ სწრაფვა შევწყვიტოთ... - რასაკვირველია! და არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ იმ გმირ ბიჭებს, ამ საქმეს რომ შესწირეს სიცოცხლე თუ ჯანმრთელობა. თუკი რამე გვაქვს საამაყო იმ დღეებიდან, მათი დამსახურებაა. მე ვლაპარაკობ იმ შეცდომებზე, რომლებიც ხელისუფლებამ დაუშვა და რომელთა თავიდან აცილება სწორი სტრატეგიის შემთხვევაში ძალიან იოლი იყო.

რუსეთი ძლიერი აღმოჩნდა და ამან გამოიწვია ყველაფერიო, ამბობენ, რაც არასერიოზულია. ყველაფერი რამდენიმე დღის წინ არ დაწყებულა და არც დაგეგმილა. ახლა ბევრს ლაპარაკობენ, წამოეგო თუ არა სააკაშვილი რუსეთის პროვოკაციაზე, არადა, მათი საომარი რიტორიკა ხელისუფლებაში მოსვლიდან დაიწყო. ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვებს გავიხსენებ - ახალ წელს ცხინვალში შევხვდებითო; სოხუმამდე ამდენი კილომეტრიაო... ეს ჩვენი ტერიტორიებია და ასეთი ფრაზები მიუღებელი არ იქნებოდა, ამ რიტორიკის მიღმა საქმეც რომ გაეკეთებინათ. არაფერს აკეთებდნენ, არ ტარდებოდა შესაბამისი წვრთნები, არც მარაგებს ქმნიდნენ, არც ეკონომიკა გადაუყვანიათ შესაბამის რელსებზე...

ანუ ყველაფერი იყო პიარი და კუნთების თამაში, რეალურად კი ომისთვის არავინ ემზადებოდა. ვინც ემზადებოდა, ვნახეთ... ესენი მხოლოდ ხმაურობდნენ, შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებაზე კი არავის უფიქრია, არც ქმედუნარიან რეზერვზე. სამთვიანი მომზადების შემდეგ რეზერვს ომში არც ერთი ქვეყანა არ უშვებს, ეს მათ გაწირვას ნიშნავს! მეტიც, მაშინ სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები ჯარიდან გაყარეს. ხელისუფლება ეიფორიაში იყო. სააკაშვილის ცნობილ ფრაზას გავიხსენებ, რომლითაც მან რეზერვისტებს მიმართა - თქვენმა მამებმა დაკარგეს აფხაზეთი და ჩვენ თქვენთან ერთად უნდა დავიბრუნოთო... ანუ 90-იანი წლების ომების მონაწილე ბიჭების წვლილი დააკნინა და ამაზე არც კი დაფიქრებულა. უფრო ადრე ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, მავნებლურ ტენდენციას ვებრძვიო და განმარტა: კაპიტანი ფიქრობს, კარგად უნდა ვიმსახურო, რომ მაიორი გავხდეო, მაიორი კი ვიცე-პოლკოვნიკის წოდებისკენ იწევსო... მისივე დამოკიდებულებით, სულაც არ არის საჭირო, ბრიგადის მეთაური სამხედრო პირი იყოს, ამ საქმეს კარგი მენეჯერი სამოქალაქო პირიც გაართმევს თავსო. ამის გამო ის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ გააკრიტიკა.

ფაქტობრივად, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სამხედრო იერარქიას ანგრევდა. ისიც მახსოვს, ირაკლი ოქრუაშვილმა ვერ გაიგო, რაში სჭირდებოდა ჯარს ოპერატიული და გენერალური შტაბი, ანუ სტრატეგიული დაგეგმარება. აი, ასეთი ადამიანების შექმნილი ჯარი აღმოჩნდა უზარმაზარი ჯარის პირისპირ. შეიარაღებულ ძალებში გადაწყვეტილებას არასამხედრო პირები იღებდნენ და ის გამართული ვერ იქნებოდა.

- მათ ეს ყველაფერი ვერ გაიაზრეს თუ გააზრება არ სურდათ?

- ვერ გეტყვით, არ ვიცი, მაგრამ როდესაც პოტენციურ მოწინააღმდეგეზე ლაპარაკობ, რაც უნდა საქმეში ჩაუხედავი იყო, ის მაინც უნდა შეგეძლოს, რომ მისი შესაძლებლობები შეაფასო. თუ ერთ ქვეყანას "აბრამსები" და "ლეოპარდები" ჰყავს, მას "თ 55"-ის მქონე ქვეყანა ვერ მოუგებს. არტილერიისა და ტანკების ყიდვა არ არის მთავარი. ჯარი ავიაციის გარეშე არ არსებობს. ის მაინც ხომ უნდა გაეთვალათ, რომ ქვეყნის სრული საჰაერო დაფარვა აუცილებელი იყო. რაღაც შეიძინეს, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. მათ სწორი აქცენტები ვერ გააკეთეს.

- სამხედროებს მათთვის რჩევის მიცემა შეეძლოთ?

- ერთ მაგალითს გეტყვით... 2008 წლის მოვლენებს უსწრებდა 2004 წლის ცხინვალის მოვლენები, როდესაც ასევე გვქონდა მსხვერპლი და ტერიტორიებიც დავკარგეთ, კონკრეტულად - სტრატეგიული სიმაღლეები. მაშინ სამხედროები შევხვდით პოლიტიკოსებს და დავუსაბუთეთ, რატომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ზურაბ ჟვანიაც ცოცხალი იყო, უცხოელი პარტნიორებიც ჩავრთეთ და როგორღაც გადავაფიქრებინეთ თავიანთი გეგმით მუშაობა, მაგრამ მერე ის ოფიცრები, ვინც ხმა ამოვიღეთ, ხალხის მტრებად შეგვრაცხეს და ნატოს სასწავლებლებში განათლებამიღებული კადრები შეიარაღებული ძალებიდან გაგვიშვეს.

მახსოვს პარლამენტში ირაკლი ოქრუაშვილის გამოსვლა - ის ოფიცრები, რომელთაც განათლება საზღვარგარეთ მიიღეს, იმავე ქვეყნების აგენტები არიანო. ასეთი დამოკიდებულებით ქმნიდნენ ჯარს - ურთიერთგამომრიცხავ ნაბიჯებს დგამდნენ და ძლიერი არმიის შექმნის სწორი კურსი და სტრატეგია არ ჰქონდათ. პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის შემდეგ აზერბაიჯანს ყველაზე ძლიერი და თანამედროვე ჯარი ჰყავს. აღარაფერს ვამბობთ ისრაელზე და ნატოს წევრ სხვა ქვეყნებზე, რომლებიც გეგმაზომიერად ქმნიან არმიას, საჭიროების მიხედვით ყიდულობენ სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებას, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება კი მხოლოდ პიარზე იყო გადართული. ყველა ხელისუფლება პასუხისმგებელია ჯარის განვითარებაზე და თუ შეიარაღება არ ჰყოფნიდათ, რესურსები სწორად უნდა გაენაწილებინათ. თუ კადრებმა თავიანთი მოვალეობა სრულყოფილად ვერ შეასრულეს, ესეც მათი დანაშაული იყო - საკადრო ცვლილებები სწორად უნდა განეხორციელებინათ.

- დაგეგმარება, მართვა, კონტროლი, კავშირგაბმულობა, ზურგი - სამხედრო ოპერაციების წარმატების ძირითადი ელემენტები, სხვა კომპონენტებთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად, დაზვერვა, იმ ხუთდღიან ომს არ ახლდა. ეს რამ გამოიწვია?

- ეს არის მაამებლური პოლიტიკის ნაწილი. პრობლემის მოგვარების სწორ გზებზე არავინ ლაპარაკობდა, პირიქით, ეს აკრძალულიც კი იყო. თუ ვინმე რამეს იტყოდა, შეიარაღებული ძალებიდან გააგდებდნენ და ამის უამრავი მაგალითი არსებობდა. ლოგისტიკის სპეციალისტების დიდი დეფიციტი იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, მათ ჯარიდან უშვებდნენ და საბრძოლო ოფიცრებით ცვლიდნენ, რამაც კრიტიკულ სიტუაციებში უზრუნველყოფის პრობლემები შექმნა. მათ სამხედრო ოფიცრები გაუშვეს და პოლიციის ოფიცრები მოიყვანეს, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ, რადგან სიტუაციას სწორად ვერ აფასებდნენ. მართვა აირია იმიტომ, რომ სამხედროების საქმეში პოლიტიკური ლიდერები ერეოდნენ. მათ მაშინდელი გენშტაბი გვერდზე გასწიეს. 8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, როდესაც რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პროცესებში ერეოდა, უარეს პანიკაში ჩაცვივდნენ... ახლა ირწმუნებიან, მშვიდობიანი მოსახლეობა რომ გამოგვეყვანა, ეს ომის დაწყებას ნიშნავდაო. ამის მტკიცება არასერიოზულობაა! ჯარი შეიყვანეს, თავიანთი ჩავარდნის შემდეგ კი სამხედროებიც და იქაური მცხოვრებლებიც უპატრონოდ მიატოვეს! არადა, ვალდებული იყვნენ, გამოეყვანათ - ეს მათი პასუხისმგებლობა იყო!

- ძალიან დიდი პრობლემები შექმნა უკან დახევამ, რადგან კავშირის მოშლისა და სხვა მიზეზების გამო ეს, ფაქტობრივად, არაორგანიზებულად მოხდა... - არა მხოლოდ კავშირის არქონის გამო! უკანდახევის სტრატეგია არ არსებობდა. მეთაურებმა დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცები მიატოვეს და გამოიქცნენ... საბედიეროდ, ეს ყველას არ ეხება და გამონაკლისებიც არსებობდა...

არ იყო განსაზღვრული, რის მიღწევა უნდოდათ ისევე, როგორც დასახული არ ჰქონდათ საბრძოლო ამოცანები.

დღემდე გამოუძიებელია კოდორის ხეობის საქმე. ბრძანება მივიღეთ და წამოვედითო... პლაცდარმი ისე მიატოვეს, მარაგის განადგურებაზე არც უფიქრიათ, არადა, მერე ტელევიზიით ვნახეთ, რუსი სამხედროები ორი-სამი კვირის განმავლობაში როგორ ეზიდებოდნენ ამ მარაგს. ომის დროს ასეთი რამ არ ხდება და თუ მოხდება, ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს! თავისუფლად შეეძლოთ, ფოთის პორტიდან მცურავი საშუალებები თურქეთის წყლებში შეეყვანათ და იქ დაემალათ. თუ წინააღდეგობას ვერ უწევდნენ, ტექნიკა მაინც გადაერჩინათ!

ერთი სიტყვით, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად სწორად ვერ შეაფასეს სიტუაცია, თითქმის ყველა რგოლში შეცდომა დაუშვეს. ამის შედეგი იყო უდიდესი ადამიანური დანაკარგი, რომ არაფერი ვთქვათ მატერიალურ ზარალზე.

შემდეგ კი ამ თემაზე საუბარიც აკრძალეს - რუსეთის ინტერესებში შედისო, არადა, ომის შემდეგ მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობდნენ. ყველას იშორებდნენ, ვინც კი მათ საწინააღმდეგოდ რამეს იტყოდა. ანუ იშორებდნენ არასასურველ მოწმეებს. იმ სამხედროებისა და პოლიტიკოსების დევნა დაიწყეს, ვინც მათ შეცდომებზე რამე იცოდა.

ახლა ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ლაპარაკობს იმაზე, რა მოხდა მაშინ. საზოგადოება არ ითხოვს გამოძიებას, არადა, ეს საჭიროა თუნდაც იმისთვის, რომ მსგავსი შეცდომები აღარ გავიმეოროთ.