"სააკაშვილი დედამისს კარგად არ უსმენს, თორემ ამდენ შეცდომას არ დაუშვებდა"
მთავარია დოქი იყოს, თორემ ყურს საიდანაც გინდა, იქიდან მიაწებებ(!)

პოლიტიკოსები არცთუ იშვიათად ისტორიულ მოვლენებს თავიანთი ინტერპრეტაციით წარმოგვიდგენენ. არც საქართველოს პრეზიდენტია გამონაკლისი, რომლის გამონათქვამები იმ წუთშივე პოპულარული ხდება. იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილს ისტორიული მეხსიერება არ დაუქვეითდეს, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, მედიასაშუალებებით გავრცელებულ "ხატოვან ფრაზებზე" ისტორიკოსის ახსნა-განმარტებებიც მოგვესმინა.

გთავაზობთ ინტერვიუს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიასთან:


- ადამიანს შეიძლება დაავიწყდეს თარიღი, მაგრამ ისტორიული ფაქტის გაყალბება, არარსებულის არსებულად გასაღება შეუწყნარებელ ცოდვად მიმაჩნია.
სააკაშვილი ხშირად ცდება. საუბრისას ძალიან უყვარს ისტორიული ფაქტების მოშველიება. არადა, პრეზიდენტის დედა  გიული ალასანია შესანიშნავი ისტორიკოსი გახლავთ. ჩემი აზრით, პრეზიდენტი დედამისს კარგად არ უსმენს, თორემ ამდენ შეცდომას არ დაუშვებდა.

- პრეზიდენტმა ახლახან განაცხადა: "წყალტუბო იციან ყველა არაბულ ქვეყანაში... დამპყრობლები აქ აზიიდან ჩამოდიოდნენ, მაგალითად, თემურ-ლენგს ფეხი
ჰქონდა სამკურნალო და იმის გამო, რომ უცებ ვერ მოარჩინეს, თბილისი გადაწვაო".

- მოდი, გადავავლოთ თვალი ისტორიას და გავარკვიოთ, იყო თუ არა თემურ-ლენგი წყალტუბოში და  მით უფრო, ცდილობდა თუ არა იქ განკურნებას. შესაბამისად, დასკვნასაც ადვილად გამოვიტანთ, თუ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს თბილისის გადაწვასთან.

პირველად თემურ-ლენგი 1386 წელს შემოიჭრა საქართველოში და დიდი დარტყმა მიაყენა თბილისს. მაშინ, ბაგრატ V, სამეფო ოჯახი, დღევანდელი ნარიყალის ტერიტორიაზე იყო გამაგრებული. მოგვიანებით ქართველები იძულებული გახდნენ, მტერს დანებებოდნენ იმ პირობით, რომ სამეფო ოჯახს სიცოცხლე შეუნარჩუნდებოდა. ხეიბარმა გადამთიელმა პირობა შეასრულა, მაგრამ ბაგრატ V და მისი ოჯახი მძევლად წაიყვანა.

ყარაბაღში დაბანაკებულმა თემურ-ლენგმა ბაგრატს მაჰმადიანობის მიღება აიძულა. სანაცვლოდ, გაათავისუფლა და საქართველოში დაბრუნების ნება მისცა, თან მონღოლთა მცირერიცხოვანი ლაშქარიც გამოაყოლა. მაშინ ბაგრატ მეფის ძალისხმევით ქართველებმა გზაში თანმხლები მონღოლები გაანადგურეს, რასაც თემურ-ლენგმა ხელახალი შემოჭრით უპასუხა და ქართველები ისევ დამარცხდნენ.

მომდევნო წელს თემურ-ლენგმა კიდევ ერთხელ სცადა საქართველოს დამორჩილება. ერთი წუთით დავუშვათ, რომ ის წყალტუბოსკენ წასვლას მართლაც ცდილობდა. ასეთ შემთხვევაშიც კი ამ ამბავს თბილისის გადაწვასთან კავშირი არ ექნება, ვინაიდან თბილისი უკვე კარგა ხნის გადამწვარი იყო, როცა თემურ-ლენგმა დასავლეთ საქართველოსკენ წასვლა სცადა.

დასავლეთ საქართველოში თემურ-ლენგმა ერთხელ ილაშქრა. ეს იყო მისი ბოლო ლაშქრობა საქართველოში. 1403 წელს, ფარცხისისა და ბირთვისის აღების შემდეგ, თემურ-ლენგმა 14-20 დღის განმავლობაში დაასვენა ლაშქარი, სავარაუდოდ, შიდა ქართლის ტერიტორიაზე. შემდეგ როგორც უკვე მოგახსენეთ, დასავლეთ საქართველოში გადასვლა განიზრახა, მაგრამ ეს არც ისე ადვილი გამოდგა. ოქტომბერი სამხედრო მოქმედებებისთვის არცთუ ხელსაყრელი პერიოდი იყო, ლიხის ქედის გადალახვის სირთულეს ქართველების არნახული წინააღმდეგობაც ემატებოდა და ამასობაში ზამთარიც მოახლოვდა.

წელიწადის ეს დრო თემურ-ლენგს ცუდად ჰქონდა დაცდილი. ამიტომ ქუთაისისკენ წასვლა ვერ მოხერხდა. მაშასადამე, დამპყრობელი არათუ წყალტუბომდე, ქუთაისამდეც კი არ მისულა. აქედან გამომდინარე, წყალტუბოს "სიკეთეს" ვერავითარ შემთხვევაში ვერ იგრძნობდა, ვერც დასასვენებლად მივიდოდა იქ და ვერც სამკურნალოდ. ყოველივე ამის დაკავშირება თბილისის  აღებასთან, როგორც უკვე გითხარით, ისტორიულად გაუმართლებელია.

- თავის დროზე, სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსულ ყაზახეთის პრეზიდენტსა და მის თანმხლებ დელეგაციას უთხრა: "არ არსებობს ქართველი, რომლის ძარღვებშიც თუნდაც მცირე რაოდენობით ყივჩაღური სისხლი არ ჩქეფდეს". ამით სტუმრებს ასიამოვნა?
- მეეჭვება, ყაზახებს ეს გახარებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ შუა საუკუნეებში (V-VI სს) ყაზახები და ყივჩაღები შედიოდნენ ერთ სახელმწიფო გაერთიანებაში, რომელსაც თურქული ხაკანატი ერქვა. იგი დღევანდელი ყაზახეთისა და რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. შემდეგ ყივჩაღთა თურქულენოვანი ტომი ხაკანატს მოსწყდა და სამხრეთ რუსეთის ტერიტორიაზე დასახლდა.

ყაზახების ეთნოგენეზში როგორც თურქულენოვანმა, ასევე, მონღოლოიდურმა ტომებმა მიიღეს მონაწილეობა. ამიტომ ასე ხელაღებით ამ ორი ეთნოსის გაიგივება გამართლებული არ არის... ის კი, რომ "ყოველ ქართველში ყივჩაღური სისხლიც ჩქეფს"... არასერიოზული განცხადებაა. განვმარტავ: ყივჩაღების ჩამოსახლება ქართველებს არასწორად აქვთ აღქმული. მათი ჩამოსახლება 1118-1119 წლებში დაიწყო და რამდენიმე თვე მაინც გაგრძელდა. მათი დასახლების არეალი იმ ტერიტორიებს მოიცავს, რომელიც დღეს საქართველოს შემადგენლობაში, ფაქტობრივად, აღარ არის.

ეს არის ჩრდილოეთ სომხეთის ტერიტორია და დღევანდელი აზერბაიჯანის დასავლეთის ნაწილი - შამქორ-განჯამდე არსებული მიწა-წყალი. სხვათა შორის, ამ ადგილებში შემორჩენილია ყივჩაღური ტოპონიმიკა. ამ ტერიტორიაზე  ყივჩაღები მხოლოდ დავით აღმაშენებლის მეფობის დროს ცხოვრობდნენ, დემეტრეს გამეფების შემდეგ მათი დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა, მცირე ნაწილი კი გაქართველდა.

ეს იყო მომთაბარე ტომი, საქართველოს ტერიტორია კი მომთაბარეობისთვის ხელსაყრელი ადგილი ნამდვილად არ იყო. რაც მთავარია, დასახლების არეალიდან გამომდინარე, ყივჩაღებს დასავლეთ საქართველოსთან არავითარი შეხება არ ჰქონიათ. სხვათა შორის, არც  შიდა ქართლთან ან თუნდაც კახეთთან, მით უფრო იმ დონეზე, რომ ვთქვათ, თუნდაც ყოველ მესამე ქართველში მცირე რაოდენობით ყივჩაღური სისხლი ჩქეფდეს.

- ერთხელ პრეზიდენტმა  ერთ-ერთი ისტორიული ეპიზოდის ინტერპრეტაცია შემდეგნაირად მოახდინა: "საქართველოს უკანასკნელ დედოფალთან მარიამ ციციშვილთან შევარდა  გენერალი ციციანოვი და  ძალადობა დაუპირა, მაგრამ დედოფალმა ხანჯლით განგმირაო".
- ამ შემთხვევაში საქმე  ფაქტობრივ შეცდომასთან გვაქვს. მარიამ ციციშვილი ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი  XII -ის მეუღლე იყო, რომელსაც არა პავლე ციციანოვი, არამედ ივანე ლაზარევი შეუვარდა. ივანე ლაზარევს (ბევრს იგი სომხური წარმოშობის ლაზარევი ეგონა, მაგრამ ივანე ლაზარევი ყაზანელ ლაზარევთა ჩამომავალი იყო) მინისტრ კოვალენსკისთან ერთად დავალებული ჰქონდა საქართველოს სრული ანექსიის მომზადება.

1801 წელს საქართველო რუსეთს შეუერთდა და ქართლ-კახეთის ბაგრატიონების რუსეთში გასახლება დაიწყო. ლაზარევი იყო სამხედრო პირი, რომელიც ფაქტობრივად განაგებდა ქართლ-კახეთში მყოფ რუსულ ასეულებს, ხოლო რაც შეეხება ციციანოვს, ის რუსეთის წარმომადგენელი გახლდათ კავკასიაში და საქართველოს მმართველის სტატუსითაც იყო აღჭურვილი.

1803 წლის 19 აპრილს პავლე ციციანოვმა  ბაგრატიონების სამეფო ოჯახის წევრების რუსეთში გასახლების თაობაზე განაჩენი გამოიტანა, აღსრულება კი სწორედ ივანე ლაზარევს დაევალა. ის ორი რუსული ასეულით მიადგა მარიამ დედოფლის სამყოფელს. როცა ლაზარევის მეომრები ოთახში შეიჭრნენ, მარიამი ტახტზე იჯდა, გვერდით ედგა ორი შვილი:

ჯიბრაელი და თამარი, რომლებმაც გარეთ გასვლაზე უარი განაცხადეს. მაშინ მოიხმეს  მეომრებმა ლაზარევი, რომელიც დედოფალს მიუახლოვდა, როგორც ჩანს, ხელი მოჰკიდა, რაც სამეფო ეტიკეტის დარღვევად და დიდ შეურაცხყოფად ითვლებოდა. დედოფალმა ქვეშაგებიდან ხანჯალი დააძრო და ფერდში ჩაარტყა ლაზარევს, რომელიც კარამდე ძლივს მივიდა და იქვე სული განუტევა. ასე გადმოგვცემს ისტორიული წყაროები. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც იმის თაობაზე, რომ ლაზარევი არა მარიამ დედოფალმა, არამედ  ნიკოლოზ ხიმშიაშვილმა განგმირა, რომელიც შემდეგ უკანა კარიდან გაიპარა. რუსმა მეომრებმა კი ოთახში მხოლოდ სისხლიანი გენერალ-მაიორი და მარიამ დედოფალი იხილეს.

ამის შემდეგ მარიამ ციციშვილი გადაასახლეს რუსეთში, სადაც ჯერ მონასტერში იყო გამწესებული, შემდეგ კი მოსკოვში ცხოვრობდა. სხვათა შორის, საკმაოდ დიდხანს იცოცხლა და 1850 წელს გარდაიცვალა. პავლე ციციანოვის ცხოვრების დასასრული კი ასეთი იყო: ის რუსეთის ძალაუფლების გავრცელებასა და განმტკიცებას აზერბაიჯანის მიმართულებით ცდილობდა. ერთ-ერთ მოლაპარაკებაზე, როდესც ბაქოელებს ვითომდა ციხე-ქალაქი უნდა ჩაებარებინათ ციციანოვისათვის და ქალაქის გასაღები გადაეცათ, იგი შეიპყრეს. მოკლეს, ცხედარი ზარბაზანში ჩადეს და სიმბოლურად, თბილისის მიმართულებით გამოისროლეს ნიშნად იმისა, საიდანაც მოხვედი, იქ გაბრუნებთო.

- თამარ მეფე ოსადაც კი მოიხსენია პრეზიდენტმა. რა გახდა ამის საფუძველი?
- არ ვიცი, რა მიზნით თქვა ეს პრეზიდენტმა ან რომელ წყაროს დაეყრდნო. თამარი ბაგრატიონთა იმ შტოს ბოლო მემკვიდრე იყო, რომელსაც სათავე აშოტ კურაპალატმა დაუდო. ეს გახლდათ ტაო-კლარჯეთის ბაგრატოვანთა შტო. სამწუხაროდ, გიორგი III-მ ძმისწული, დემნა უფლისწული ცნობილი აჯანყების შემდეგ შეიპყრო (ეს 1178 წელს მოხდა), დაასაჭურისა, შემდეგ კი კლდეკარის ციხიდან გადმოაგდებინა. ამით ბაგრატიონთა მამრობითი ხაზი დასრულდა.

თამარს  ჰყავდა დებიც, რუსუდანი, რომელიც მონასტერში წავიდა, ხოლო თამარის არაკანონიერი და (რომელიც გიორგის ხარჭისაგან ჰყავდა) არზრუმელ უფლისწულ მუტაფრადინს მიათხოვეს. არც დავით სოსლანი ყოფილა ეთნიკური ოსი. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ  ბაგრატიონთა იმ შტოს წარმომადგენელი იყო, რომელიც ამჟამინდელი ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე არსებულ ოსურ სამთავროში დამკვიდრდა XIII საუკუნის 30-ანი წლებიდან. ოსეთი XI საუკუნეში სხვადასხვა პატარა სახელმწიფო წარმონაქმნების სახით არსებობდა.

ერთ-ერთი ამ სამთავროს პრინცესა გიორგი  I-მა მეორე ცოლად მოიყვანა, რომელიც დედოფალი ალდეს სახელით არის ცნობილი. მეფეს მასთან უფლისწული დემეტრე შეეძინა. უფროსი ვაჟიშვილის, ბაგრატის გამეფების შემდეგ (რომელიც გიორგის პირველი ცოლისგან ჰყავდა) დემეტრე და ალდე იძულებული გახდნენ წასულიყვნენ ბიზანტიაში. მოგვიანებით ალდემ თავისი შვილიშვილი ოსეთში დაამკვიდრა. სწორედ მათი შთამომავალია დავით სოსლანი, რომელიც შემდეგ თამარის მეუღლე გახდა.

- ერთხელ პრეზიდენტმა ესეც თქვა: "ქართველებს მეფე ძალიან უნდათ და გაითვალისწინონ, შესაძლებელია ბაგრატოვანების შტოს ერთ-ერთი შთამომავალი მეც ვიყოო".
- მეც მახსოვს ეს გამონათქვამი, თუმცა მიმაჩნია, რომ  ეს უფრო სარკაზმგარეული ხუმრობა იყო, რისი განხილვაც არასერიოზულად მიმაჩნია. თუმცა მაშინ მართლაც გავრცელდა ხმა, რომ პრეზიდენტს ნათესავები მართლაც ჰყავს იმერეთის ბაგრატიონების შტოში. ამ ცნობის სიზუსტეზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ.
სიმართლე და სამართლიანობა
12 თებერვალი 2013 18:33
სრული აბსურდია დავით სოსლანის ალდეს შვილის შთამომავლად გასაღება.
ეს "იდეა" მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში "მაჩიზმითა" და მასკულანური დომინაციის მანიით დაავადებული მწიგნობრების შეთხზულ ზღაპარს უფრო ჰგავს; რბილად რომ ვთქვათ, ძნელი წარმოსადგენია, შუა საუკუნეებში უცხო ქვეყნის მეფის არაკანონიერ ცოლის შთამომავალი დაესვა ვინმეს ხელმწიფედ. ამასთან, საყოველთაოდაა ცნობილი დავით-სოსლანის გენეალოგია; ათონისა და ჯადრონის ალდესთან კავშირი მარაზმია, რომლის დაჯერებაც ძალიან უნდა ზოგიერთ პატრიოტს.
წაიკითხეთ ბასილი ეზოსმოძღვარი და თამარის მეორე ისტორიკოსი ("თამარის ისტორიკოსის" სახელით ცნობილი) რას წერდნენ და ჯანსაღად შეხედეთ მოვლენებს, ბატონო ჯაბა.
ჰო, კიდევ... ოსებს პრინცები და პრინცესები არასდროს ჰყოლია, მეფეები, უფლისწულები და მეფისასულები ჰყავდა. ოსეთის სამეფო მეთორმეტე საუკუნის დასაწყისში დაიშალა. დავით სისლანი კი ერთერთი ოსი ბელადის ვაჟი იყო.
giorgi
16 ნოემბერი 2010 22:53
ისე ბატონო ჯაბა არც ტქვენ გეპატიებათ, როცა იმაზე საუბრობთ თემურ-ლენგს წყალტუბო იმიტომ არ ეცოდინებოდაო, რომ ქუთაისამდეც არ მიუღწევიაო, წყალტუბო 1921 წელს აღმოაჩინეს ერთმა მწყემსმა და მხოლოდ 1951 წელს სტალინის ბრძანებით ეწოდა ქალაქისა და კურორტის სახელი, თვით არქიტექტურაც ალმოსავლეთ გერმანულია და აბა ბატონო ჯაბა, მიშა რომ ისტორიას სათავისოდ გადააკეთებე ეგ ახალი არცაა, თან თვქნ ეს უფრო არ გეპატიებათ, როცა საუბრობთ რამეს შეფასებაზე
gio
16 ნოემბერი 2010 18:02
უვიცობა და შეცდომა სხვადასხვა რამეა, კლიენტი ტკემალზე ზის და ბლის კურკებს ისვრის. სად სააკოვი და სად ისტორია?

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები