"მოსალოდნელია, რომ ტელეკომპანია შეიძინოს ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა, ასეთი კი შესაძლოა ვანო ჩხარტიშვილი იყოს" - ვინ იყიდის "რუსთავი 2"-ს - კვირის პალიტრა

"მოსალოდნელია, რომ ტელეკომპანია შეიძინოს ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა, ასეთი კი შესაძლოა ვანო ჩხარტიშვილი იყოს" - ვინ იყიდის "რუსთავი 2"-ს

ვარაუდი, რომ ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გაყიდიდა, გამართლდა. ბიზნესმენმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომლიდანაც ცნობილი გახდა, რომ ის "რუსთავი 2"-ის გაყიდვას გამჭვირვალე კონკურსის წესით აპირებს, ამის მიზეზად კი ტელეკომპანიის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს.

"დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", ნიკა გვარამიას რამდენიმეწლიანი ზრუნვისა და ლოლიავის შედეგად, კატასტროფისწინა მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი კრედიტორული დავალიანება 70.000.000 ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27.000.000 ლარს შეადგენს. "რუსთავი 2" -ს პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს - წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული, ეგზიტპოლების ჩამტარებელი ამერიკული კომპანიით დამთავრებული. ვალის დიდი ნაწილი დაგროვილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სწორედ იმ პერიოდში, რაც დავა დავიწყე და ცხადია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა...

... დღეს ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობის იმისათვის, რომ დაიწყოს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება", - წერს ხალვაში.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: "სამწუხაროდ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობები კომპანიის ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად არ არის საკმარისი. ამიტომ, მსურს ღიად და საჯაროდ განვაცხადო, რომ მზად ვარ ვისაუბრო ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ვინც იყიდის "რუსთავი 2"-ს, დაეხმარება მას გამოვიდეს კრიზისიდან და გახდეს წარმატებული კომპანია. შესაბამისად მე, დავიბრუნებ იმ ზარალს, რომელიც მომაყენა კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობამ. ერთადერთი, ვისთანაც არ ვაპირებ საუბარს, იქნება "რუსთავი2"-ის ყოფილი არაფორმალური მფლობელი და მმართველი მიხეილ სააკაშვილი.

გადავწყვიტე, გავყიდო "რუსთავი 2" გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, კონკურსი უნდა დასრულდეს ერთი კვირის ვადაში.

იმავდროულად, პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად, ვისაუბრებ მხოლოდ იმ პირებთან, ვინც წარმოადგენს საკუთარ განზრახულობათა სერიოზულობის დასტურს, რაც შეიძლება იყოს საბანკო გარანტია ან სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ 1.000.000 აშშ დოლარის თანხის განთავსება".

ამ განცხადების გავრცელებისთანვე, გაჩნდა კითხვა, ვინ შეიძლება იყიდოს ტელეკომპანია, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია?!

ამ კითხვაზე ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ კომერციული ინტერესიდან გამომდინარე, "რუსთავი 2"-ს არავინ იყიდის. "თუ ვინმე მყიდველი გამოჩნდა, რაშიც მე ეჭვი მეპარება, ეს იქნება აუცილებლად პოლიტიკური გარიგება და არანაირი კავშირი ამას კომერციულ ლოგიკასთან არ ექნება", - ამბობს ხუხაშვილი.

თუმცა "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტის შეკითხვაზე, პოლიტიკური გარიგების შემთხვევაში, ვინ იქნება კანდიდატი, რომელმაც შეიძლება შეიძინოს "რუსთავი 2", ხუხაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი, ვისაც ის განიხილავს, არის დავით კეზერაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ახალი ტელევიზიის დაფუძნება სურს.

პოლიტიკური გარიგების თემად განიხილავენ "რუსთავი 2"-ის გაყიდვას პოლიტიკურ სპექტრშიც და მიიჩნევენ, რომ მისით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული.

"უშუალოდ ივანიშვილი ალბათ არ გამოჩნდება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ტელეკომპანია შეიძინოს მასთან დაახლოებულმა პირმა, ბიზნესმენმა, ასეთი კი შესაძლოა იყოს ვანო ჩხარტიშვილი. ესეც გარკვეულწილად იქნება ფიქტიური ინტერესი და შენაძენი", - ამბობს ჩვენთან საუბარში წყარო, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია.

ანა გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)