"კრედიტორები კუთვნილ დავალიანებას ითხოვენ და თუ 10 დღეში არსებული დავალიანება არ დაიფარება, ისინი მიმართავენ სასამართლოს" - კვირის პალიტრა

"კრედიტორები კუთვნილ დავალიანებას ითხოვენ და თუ 10 დღეში არსებული დავალიანება არ დაიფარება, ისინი მიმართავენ სასამართლოს"

"რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი - პირველივე დღიდან არ წყდება სატელეფონო ზარები, ელექტრონული წერილები, რომლებიც გვამცნობენ, რომ კრედიტორები კუთვნილ დავალიანებას ითხოვენ

პირველივე დღიდან არ წყდება სატელეფონო ზარები, ელექტრონული წერილები, კანცელარიაში შემოსული, რომლებიც გვამცნობენ, რომ კრედიტორები კუთვნილ დავალიანებას ითხოვენ და თუ უმოკლეს ვადაში, ერთ კვირაში, 10 დღეში ჩვენს მიერ არსებული დავალიანება არ დაიფარება, ისინი მიმართავენ სასამართლოს, - ამის შესახებ "რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პაატა სალიამ ტელეკომპანიის გასხვისებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესი გამჭვირვალე იქნება.

"კომპანიის წილების გასხვისებასთან დაკავშირებული პროცესი იქნება საჯარო, მაქსიმალურად გამჭვირვალე, ჟურნალისტებს და საზოგადოებას გექნებათ შესაძლებლობა იცოდეთ პოტენციური მყიდველის თაობაზე, დაუსვათ მათ თქვენთვის სასურველი შეკითხვები და მიიღოთ მათგან პასუხები, თუ რაში გამოიხატება ინტერესი. ამ ეტაპზე ჩვენი პოზიციაა, რომ ამ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ მიიყვანა, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგია. ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზარება, მტკიცებულებები, დასკვნები. საბოლოო პოზიცია ჩვენ ამასთან დაკავშირებთ გვექნება იმ აუდიტორული დასკვნის მიღების შემდგომ, რომელიც უნდა განხორციელდეს კომპანიაში, შესწავლილ იქნას ვითარება. თუმცა დღეის მდგომარეობით, ვინაიდან უკვე 20 დღეზე მეტია კომპანიის დოკუმენტაციას ვეცნობი, პარალელურად იმისა, რომ ყველანაირ მოქმედებას ვახორციელებთ, რაც კომპანიის შეუფერხებელი მუშაობისთვის აუცილებელია, დღეის მდგომარეობით ძალიან ბევრი დეტალი გამოვლინდა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი შესაძლოა, ჰქონდეს მიზანმიმართულ მოქმედებას კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მე პირველივე დღიდან ვაცხადებდი, რომ ურთულესი მდგომარეობაა, არის ძალიან დიდი ვალები, რომელთა გადახდის ვადა არის მოსული და პირველივე დღიდან არ წყდება სატელეფონო ზარები, ელექტრონული წერილები, კანცელარიაში შემოსული, რომლებიც გვამნცობენ, რომ კრედიტორები კუთვნილ დავალიანებას ითხოვენ და თუ უმოკლეს ვადაში, ერთ კვირაში, 10 დღეში ჩვენს მიერ არსებული დავალიანება არ დაიფარება, ისინი მიმართავენ სასამართლოს“,- აცხადებს სალია.

მისივე თქმით, აღნიშნული ძალიან რთულია ახალი მენეჯმენტისთვის და ცდილობენ ყველასთან დაარეგულირონ ფინანსური ურთიერთობები.