"რუსთავი 2“ არასდროს გაკოტრდება - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2“ არასდროს გაკოტრდება

"რუსთავი 2“ არასდროს გაკოტრდება, - ამის შესახებ "რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სალიას თქმით, კომპანიის მენეჯმენტს აღნიშნულზე არც არასდროს უფიქრია.

"მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად სამართლებრივად იმგვარი მდგომარეობაა, რომ კომპანია იყოს გაკოტრების რეჟიმში, ჩვენ ამ ნაბიჯს შეგნებულად არ ვდგამთ. არც არასდროს გვიფიქრია და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასე არ მოხდება და "რუსთავი2“ არასდროს გაკოტრდება. სწორედ ამისთვის და ამ მიზეზით, რომ ეს არ მოხდეს, მიღებულ იქნა ქიბარ ხალვაშის მიერ ეს გადაწყვეტილება.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ბოლო დროს ძალიან ხშირად გვესმის სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობა გამოწვეულ იქნა იმ ყადაღის და შეზღუდვების შედეგად, რაც 2015 წელს სასამართლომ გამოიყენა. ყველას შეგახსენებთ და არაერთხელ გავიმეორე ეს, რომ ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ მაქსიმალურად გამოგვერიცხა ყველა შემაფერხებელი გარემოება, რომელიც ხელს შეუშლიდა კომპანიას ნორმალურ ფუნქციონირებაში და მზადყოფნა იყო გამოცხადებული საჯაროდ, არსებობს ამის საარქივო მასალები და შეგიძლიათ ნახოთ, მათ შორის სასამართლოში გაკეთებული ჩვენი ზეპირი განცხადებები. მიუხედავად ამისა, არც ერთი ნაბიჯი ჩვენი მიმართულებით არ იყო გადადგმული. გარდა ამისა შეგახსენებთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არც ერთი კვალიფიციური, დასაბუთებული მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის ზიანი შეიძლებოდა გამოეწვია ამ შეზღუდვებს, ან შეიძლებოდა თუ არა რეალურად რაიმე ზიანი გამოეწვია, ამასთან დაკავშირებით დღემდე არავისგან არ მოგვისმენია“,- აცხადებს პაატა სალია.