"ჩემგან გადაეცით პაატა სალიას, თავზე გადაიხიოს სარჩელი - ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება" - კვირის პალიტრა

"ჩემგან გადაეცით პაატა სალიას, თავზე გადაიხიოს სარჩელი - ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება"

პირადად შენ, პაატა სალია, დახურე “რუსთავი 2“ და ამიტომ აუცილებლად აგეხევა სახე - გპირდები! - ამ განცხადებით “რუსთავი2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ არხის მოქმედ დირექტორს პაატა სალიას მიმართა.

გვარამიამ სალიას და „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის, ქიბარ ხალვაშის ბრალდებებს ამავე ტელევიზიის ეთერში უპასუხა.

“ვერაფერს გააკეთებ ამ ქვეყანაში, როგორც კი “ქოცები“ წავლენ, ვერაფერს, პირობას გაძლევ, ქუჩაში ვერ გამოხვალ. შენს ფეხქვეშ მიწა დაიწვება - შენ არარაობა, წარმოდგენა გაქვს, რა დახურე?.. პირობას ვდებ, როგორც კი “ქოცები“ გადაშენდებიან, ქიბარ ხალვაში დაადგამს თუ არა ფეხს საქართველოს მიწაზე, პირდაპირ ციხეში აღმოჩნდება, ამ ისტრიული კატასტროფის მოწყობისათვის. პირობას ვდებ, ეს არარაობაც, პაატა სალიაც ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამია პაატა სალიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილი მენეჯმენტი კომპანიის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა და მათ შორის ერთ-ერთ მაგალითად, სამაუწყებლო კომპანიის კუთვნილი არქივის გაყიდვა დაასახელა.

“არქივის გაყიდვას რაც შეეხება, არქივი არ გაყიდულა ერთხელ, გაყიდულა რამდენიმეჯერ და ამაში ჩვენ ვიღებდით ფულს. არარაობავ, ისწავლე, რას ნიშნავს კომერციული საქმიანობა და სად იმყოფები, არ ხარ შენ იურიდიული ბიუროს უფროსი, ხარ შენ ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ტელევიზიის დირექტორი, მაგრამ ხარ არარაობა და ვერ იქნება ის, რაც უნდა იყო! “, - მიმართა გვარამიამ პაატა სალიას.

გვარამია სალიას მიერ დაანონსებულ ახალი სამართლებრივი დავის დაწყებასაც გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, ციხეში ჩაჯდომა თავად სალიას მოუწევს.

“ჩემგან გადაეცით, თავზე გადაიხიოს ეგ სარჩელი იმ სასამართლოსთან ერთად, რომელიც სასამართლო არ არის. ასე გადაეცით პაატა სალიას, რომელსაც ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება ისტორიული ღალატისათვის. დამელოდოს, დამელოდოს...", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.