"თუ არ ვიბრძოლეთ, მითად ვიქცევით" - კვირის პალიტრა

"თუ არ ვიბრძოლეთ, მითად ვიქცევით"

"მტაცებელი ცხოველი იცავს თავის ტერიტორიას და ნუთუ ნადირზე უარესი ვართ..."

"ინდიფერენტულს აღშფოთებული და განრისხებული საზოგადოება მირჩევნია"

"ამ ხელისუფლებამ ახალი წელი თუ გადააგორა, მერე ხელს ვერაფერი შეუშლის. ხვდება, რომ ახლა უნდა მოასწროს ქართველი ხალხის ბოლომდე გატეხა... ხალხს ისეთი მეთოდებით აშინებენ, ამწარებენ და ფულს ართმევენ, რომ ერთი და იმავე პრობლემით შეწუხებული საზოგადოების კონსოლიდაციას ხელს უშლის და ყველას თავ-თავის ნიშაში ტოვებს. რაც მეტია ზეწოლა, მით ნაკლებ წინააღმდეგობას უწევს საზოგადოება.

ეს თვითგანადგურებისაკენ მიმავალი გზაა", - გვითხრა "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ. "ფორუმი", რომელიც რვა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მოლაპარაკებას მართავდა, თანაპარტიელის გათავისუფლებამდე ტაიმ-აუტს იღებს და აპირებს საზოგადოებას ჰკითხოს, როგორი ნაბიჯები გადადგას შემდგომ.

- საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის დასავლეთი დიდ ზეწოლას ახდენს ხელისუფლებაზე. რამე რომ გამოვიდეს, ამ პროცესში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს. უნდა მოვახერხოთ იმ 150 ათასი ხელმომწერის გააქტიურება, რომელთაც საარჩევნო გარემოს შესაცვლელად ხელი მოაწერეს საკანონმდებლო ინიციატივას. ჩვენ მათთან ერთად უნდა განვსაზღვროთ ამ პროცესის მისაღები შედეგები, ვადა და ის, საერთოდ, აქვს თუ არა აზრი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას.

თუ დავასკვნით, რომ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს არ ცვლის და სამართლიან არჩევნებს არასდროს ჩაატარებს, უნდა გადავწყვიტოთ, შევეგუებით ამას თუ მივდივართ სამართლიანი არჩევნებისკენ, ოღონდ ამ ხელისუფლების გარეშე.

ჩვენ გვაინტერესებს, საზოგადოების აქტიური ნაწილი ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში, თუ "ფორუმს" მარტო მოუწევს იმის გაკეთება, რაც საჭიროდ მიაჩნია.

KvirisPalitra.Ge- თუ "ფორუმი" მარტო დარჩა, მაინც დაიწყებს აქციებს?

- რა თქმა უნდა, რადგან პოლიტიკის გარდა ბევრი ადამიანური და მორალური ვალდებულებები გვაკისრია. ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მაშინ, როდესაც უდანაშაულო ადამიანი (ჩვენი თანაპარტიელი ზაზა ჩაკვეტაძე) ციხეში იტანჯება, არ არის გამართლებული. ან ზაზას გვერდით უნდა დავსხდეთ, ან ციხიდან უნდა გამოვიყვანოთ და ის რეჟიმი შევცვალოთ, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს.

არ გამოვრიცხავ, ვაჭრობაც დაგვიწყონ, თუ კარგად მოიქცევით, იმ ბიჭს გამოვუშვებთ, თუ ცუდად - მივუსჯითო. ეს პროვოკაცია ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოზე მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაც იყო. "ფორუმი" ქუჩაში უნდა გამოვარდნილიყო, უარი უნდა ეთქვა საარჩევნო გარემოს ცვლილებაზე და ხელისუფლებას ხელები დაებანა, ოპოზიციასთან მოლაპარაკება მინდოდა, მაგრამ "ფორუმმა" ჩაშალაო, მაგრამ ამ პროვოკაციას არ ავყევით, ჩვენი ტკივილისა და ტრაგედიის გამო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების ჩაშლაზე არ წავედით. თუმც ზაზას დაპატიმრებამ შეცვალა ჩვენი დამოკიდებულება მოლაპარაკების პროცესისადმი.

- ხელისუფლებამ მაინც განაცხადა, "ფორუმი" ულტიმატუმით გველაპარაკებაო.

- ულტიმატუმი ხელისუფლებამ წაგვიყენა ზაზას დაჭერით, მაგრამ მომავალში ულტიმატუმს საზოგადოება წაუყენებს ხელისუფლებას.

საზოგადოება ხელისუფლებას მოსთხოვს, აღიაროს, არჩევნების გამყალბებელია თუ სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს და დათმობს გაყალბების ინსტრუმენტებს. საზოგადოება ოპოზიციასაც მოსთხოვს, უთავბოლოდ წინ და უკან სიარულს თავი დაანებოს და გადაჭრით თქვას, რა ვადაში, რა შედეგებს ხედავს და თუ ხელისუფლება დროს გააჭიანურებს, რას აპირებს? სასურველიც კია, საზოგადოება ასე მოიქცეს, რადგან ინდიფერენტულს აღშფოთებული და განრისხებული საზოგადოება მირჩევნია.

- სანამ ოპოზიციას ურთიერთობა ვერ გაურკვევია, ხელისუფლება ბურების ჩამოსახლებაზე გველაპარაკება, სკოლებში კი გაუგებარი წარმომავლობის მასწავლებლები შეჰყავთ.

- ეს საქართველოს სინგაპურიზაციისკენ არის მიმართული. სააკაშვილს ნათქვამი აქვს, რომ ეროვნული სახელმწიფო საქართველოში არ იქნება, რადგან ეროვნული სახელმწიფო ორგანიზმის მართვა, დამონება-დაჩაგვრა და გამოყენება შეუძლებელია. ძალაუფლების შენარჩუნება თუ გინდა, ეროვნულს თავისი სახე და ბრძოლისუნარიანობა უნდა დააკარგვინო, შეამცირო და დაცარიელებული ტერიტორიები იმ ადამიანებით შეავსო, ვინც შენი, როგორც ხელისუფლის, მადლიერია და ყოველთვის მოგეხმარება "ურჩების" დაჩაგვრაში. თუ ბურები, ჩინელები თუ თურქები ქართველებს რიცხობრივად გაუტოლდებიან, ეროვნული სახელმწიფო წარმონაქმნი აღარ გვექნება და დღის წესრიგში ჩამოსახლებულთა უფლებები დადგება.

შესაბამისად, სახელმწიფო ენაც იმდენი გვექნება, რამდენი ეროვნებაც  ქართველების რიცხოვნობის ტოლი იქნება.  რადგან უფროს თაობაში ეროვნული ნიშანწყლის მოსპობა ძნელია, ახალგაზრდა თაობა უნდა გადააგვარო. ამას ემსახურება ინგლისურენოვანი მასწავლებლების ე.წ. დესანტი. თუ ქართველი ერი შემცირდება, დასუსტდება და ამ ტერიტორიაზე სხვა ერები შემოვლენ, რომლებიც ხელისუფლებას ხელს აძლევს, ისინი დაიცავენ ქართველებისაგან ამ ხელისუფლებას.

რეალური სახელმწიფოებრივი  ფუნქციის გარეშე დატოვებულ ტერიტორიას ფუნქციას გარე სამყარო მოუძებნის: სატრანზიტოს, სასაწყობეს თუ სხვადასხვა ქვეყნის გაჭირვებული და დევნილი ადამიანების ჩამოსასახლებელი ადგილისას. მიხეილ სააკაშვილი საქართველოსაგან ასეთ დერეფან-საკუჭნაოს აკეთებს...

ქვეყანაში ფული არ არის და მაქსიმალურად იღებენ ხალხისგან უკანასკნელ კაპიკებს. თუ არ ვიბრძოლეთ, ქართველი ერი მითად იქცევა. უპირველესად საკუთარ თავში დასადგურებულ შიშს უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, თავს ვუთხრათ, ვაპირებთ მონობას თუ არა. თუ ასე ფიქრი არ დავიწყეთ, ხელისუფლების შეცვლაც არ გვიშველის. თუ ქართველ ერს დეგრადირებაზე დასტური აქვს ნათქვამი, ხელისუფლება რამდენიც უნდა შეცვალო, დეგრადირება უფრო ინტენსიური გახდება. საკითხისადმი ასე მიდგომა გადაწყვეტს ერის ბედს და არა სახელმწიფო შენობებში შევარდნა.

ამის ორგანიზება შესაძლებელია, ხალხი საქართველოში საკმარისია, მთავარია, ამას ხელი არ შეუშალოს პიროვნულმა ამბიციებმა, ხუშტურებმა, გაფრენებმა, ახირებებმა და ა.შ. ყველაფერი უნდა დავივიწყოთ სამშობლოსათვის. მთავარი შეგრძნება უნდა იყოს ერთიანობა და ამოცანის გადაჭრამდე ერთად სიარული.

- თუ ეს ვერ მოხერხდა?

-  თუ საზოგადოება არ იაქტიურებს, მიშას ქვეშ დავრჩებით. ეს არ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკურ, ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ განადგურებას. წარმოვიდგინოთ ე.წ. მასწავლებელთა დესანტი და ამ ტიპის მასწავლებელთა მიერ გაზრდილი თაობა 10-15 წლის მერე და მივხვდებით, რაც გველის. ეს რომ წარმოვიდგინე, გამაჟრჟოლა. თუ ამ სურათის წარმოდგენისას არ შეგვაჟრჟოლებს, ეს სურათი რეალობად იქცევა. ამისთვის ჩამოიყვანეს მასწავლებლები, რომლებზეც ნახევარი მსოფლიო იცინის.

უეროვნებო, უთვისტომო, გაუნათლებელი, ამორალური, გადაგვარებული ადამიანების ერთი ტალღა თავად ქვეყანაში გამოძებნეს და მმართველი გუნდის ძირითადი ნაწილი დააკომპლექტეს. ახლა გარედან გადმოსხმულმა ასეთივე დესანტმა უნდა დაამთავროს ეროვნული სახელმწიფოს ჩანასახშივე მოსპობის საქმე, რომელიც უკვე დასკვნით სტადიამდეა მიყვანილი. ახლა ამ საქმის გამოსწორებას ან მოვასწრებთ, ან არა! მერე გვიან იქნება!

2011 წლის მერე "ფორუმი" ვერაფერს ხედავს. ჩვენთვის ამ წლით მთავრდება ყველაფერი. თუ ხალხი გვერდით არ დაგვიდგა, ჩვენ არჩევანი გაკეთებული გვაქვს და მას მივყვებით. ქვეყანას ამათ არ დავუტოვებთ. ბრძოლის სხვა ფორმებს მოვძებნით, რომ სამშობლოში თავი სტუმრად და მონად არ ვიგრძნოთ. ქართველ ერს კი ვეტყვი: მტაცებელი ცხოველი იცავს თავის ტერიტორიას და ნუთუ ნადირზე უარესი ვართ, რომ ჩვენი ტერიტორია არ დავიცვათ?