"მოდაში შემოვიდა, ყველაფერი უკავშირდება ან პოლიტიკას ან ტელევიზიის დაარსების გეგმას, მაგრამ ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს" - კვირის პალიტრა

"მოდაში შემოვიდა, ყველაფერი უკავშირდება ან პოლიტიკას ან ტელევიზიის დაარსების გეგმას, მაგრამ ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს"

მოდაში შემოვიდა, ყველაფერი უკავშირდება ან პოლიტიკას ან ტელევიზიის დაარსების გეგმას, მაგრამ რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით, ისრაელში კეზერაშვილის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, დანაშაულის ნიშნების არსებობაზე გამოძიების არჩატარება იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ან გაშინებს ან ინდულგენციას ყიდულობს თავის პოლიტიკური გეგმების განცხადებით.

„ძალიან მოდაში შემოვიდა, ერთი ჩემი კოლეგის თქმის არ იყოს, ყველაფერი უკავშირდება ან პოლიტიკას ან ტელევიზიის დაარსების გეგმას, მაგრამ რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს, დანაშაულის ნიშნების არსებობაზე გამოძიების არჩატარება იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ან გაშინებს ან ინდულგენციას ყიდულობს თავის პოლიტიკური გეგმების განცხადებით. გააკეთებს განცხადებას, რომ პოლიტიკური გეგმები აქვს და ამავე დროს შეიძლება, მეორე მხრივ, სერიოზული მნიშვნელოვანი დიდი ფინანსური დანაშაული ქონდეს. ასე, რომ ერთი და მეორე ამ ფაქტების დაკავშირება ბოლო პერიოდში საინფორმაციო ველზე საკმაოდ ინტენსიურად ხდება, რაც არ მგონია, რომ მართალი იყო“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

რაც შეეხება კეზერაშვილის შესაძლო ექსტრადიციას, ვოლსკის თქმით, ამაზე ალბათ სამართალდამცავი ორგანოები ისაუბრებენ.

„მის ექსტრადიერებაზე მე ვერ გეტყვით, ამასთან დაკავშირებით ალბათ, სამართალდამცავი ორგანოები ისაუბრებენ, თქვენ როგორც იცით, მოთხოვნა იყო ამაზე და ინტერპოლმა მოხსნა ძებნიდან, ეს ყოველთვის ხდება ინტერპოლის მიერ, როდესაც რომელიმე ქვეყანა აღიარებს ამა თუ იმ ადამიანისთვის თავშესაფრის მიცემას, აღარ მახსოვს ზუსტად სამართლებრივი სტატუსი თავად კეზერაშვილის, მე რაც ზუსტად მახსოვს ის არის, რომ ომის შემდეგ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსებით ადამიანმა გადაინაცვლა ისრაელში და ყოველთვის იყო ცნობილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელი, წყარო. ახლა არ ვიცი ერთმანეთთან რა ურთიერთობა აქვთ ან სად დაეძაბათ ურთიერთობა, მაგრამ ფაქტია, რომ ისრაელის საინფორმაციო საშუალებებში ეს თემა ინტენსიურად დგას დღის წესრიგში. აქ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც ასევე ფინანსურ გადაცდომებს უკავშირდება” - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი საქართველოშიც საკმაოდ ბურუსით მოცულ ვითარებაში დატოვა.

„ინფორმაცია, რაც საზოგადოებაში გავრცელდა იმის თაობაზე რომ ისრაელში მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მისი და კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც იარაღით ვაჭრობას ეხება. კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი საქართველოშიც საკმაოდ ბურუსით მოცულ ვითარებაში დატოვა. იქამდე რამდენადაც ვიცი დეკლარირებული არ ჰქონდა ქონება, თუმცა შემდეგ უკვე, ომის შემდგომ პერიოდში ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაში მილიარდობით ბრუნვა იქნა გამოვლენილი. გარდა ამისა არის თემები, რომელიც ეხება პროკურატურის მიერ, რამდენადაც ვიცი მიმდინარე გამოძიებას - ერთი არის ფინანსური გადაცდომების საკითხზე და 7 ნოემბრის დარბევის საკითხზე. ასე რომ, ფინანსურ თემასთან დაკავშირებით, ბოროტად გამოყენების კვალიფიკაცია, არ მახსოვს ზუსტად, არის საქართველოშიც მიმდინარე საგამოძიებო პროცესი“- განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ.