"აგვისტოს ომის დროს ჩემს არცერთ ევროპელ კოლეგას არ სურდა, ნატო-ს განცხადება გაეკეთებინა - ამბობდნენ, რომ..." - კვირის პალიტრა

"აგვისტოს ომის დროს ჩემს არცერთ ევროპელ კოლეგას არ სურდა, ნატო-ს განცხადება გაეკეთებინა - ამბობდნენ, რომ..."

საქართველოს ჯარი არ დგას რუსეთში, რუსული ჯარი დგას საქართველოში, - ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატო-ში კურტ ვოლკერი "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას აცხადებს.

თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი და ვის აძლევს ხელს საუბრის ამ კუთხით წარმართვა, ამაზე ვოლკერი აცხადებს - რუსეთს სურს განხილვებში უწყვეტად შეინარჩუნოს ნარატივი, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამის მიზანი კი, მისივე თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის გამართლებაა.

"პირველ რიგში ვისაუბროთ ფაქტებზე. ფაქტები ცხადია, რუსეთი საქართველოზე უდიდეს ზეწოლას ახორციელებდა, მათ შორის, სამხედრო ზეწოლასაც, დაახლოებით, ორი წელი. ამაში შედის საქართველოს დრონის ჩამოგდება, რადარების დაბომბვა, დღეს ოკუპირებულ და მაშინ გაეროს მიერ დაცულ კონფლიქტურ ზონებში სამხედრო პერსონალის გაზრდა, ჯარების შემადგენლობის შეცვლა, საინჟინრო ბატალიონების გადაყვანა. ყველაფერი ეს მიუთითებდა იმისკენ, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა და საქართველოზე ზეწოლას ახორციელებდა. შემდეგ კი იყო სამხედრო წვრთნები, რომლის დროსაც რუსეთი საქართველოში დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანას აპირებდა. საქართველომ ამაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა, ამ ყველაფრის მანამდე შესაჩერებლად, ვიდრე ვითარება გაუარესდებოდა. შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ საქართველომ იმ კონკრეტულ დღეს პირველი ტყვია გაისროლა, მაგრამ ეს [არგუმენტი] მთლიანად სცდება კონტექსტს, რომელიც იმაზე მიანიშნებს, თუ რა ხდებოდა ამ კონფლიქტში.

რუსეთს სურს განხილვებში უწყვეტად შეინარჩუნოს ნარატივი, რომ ომი საქართველომ დაიწყო. იმიტომ, რომ მათი გადმოსახედიდან, ეს ამართლებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციას. რუსეთში საქართველოს ჯარი არ დგას. მხოლოდ რუსეთის ჯარი დგას ტერიტორიაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიად, გარდა თავად რუსეთისა. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ამ ნარატივის შენარჩუნება. ამიტომ, ჩვენ, ვიყავით თუ არა იქ, ვიცნობდით თუ არა საკითხებს მაშინ, თუ მათ შესახებ ახლა ვსწავლობთ, მნიშვნელოვანია ჩუმად არ ვიყოთ და რუსეთის ეს შეხედულება კამათის გარეშე არ გავატაროთ", - აცხადებს ვოლკერი.

როგორ შეცვალა რუსეთ-საქართველოს ომმა სტრატეგიული გარემო, ამაზე ვოლკერი აცხადებს, რომ "საქართველო პირველი ნაბიჯი იყო და უკრაინა მეორე, რომლებმაც ფუნდამენტურად შეცვალა დასავლეთის შეხედულება იმაზე, თუ როგორ იქცევა პუტინი მსოფლიოში და რა უნდა გააკეთოს ამერიკამ საპასუხოდ".

"ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის იყო, რომ დასავლეთ ევროპას არ სურდა ამ საკითხისთვის თავის გართმევა. ელჩად დავინიშნე და ნატო-ში 11 აგვისტოს ჩავედი, როცა ომის დაწყების შემდეგ ნატო-ს საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ბრიუსელში ვერ ჩამოვიდა, რადგან ომის გამო თბილისის აეროპორტი დაკეტილი იყო. მის ნაცვლად საქართველოს ელჩს ვესაუბრეთ. ჩემს ნატოელ კოლეგებს შევთავაზე, რომ გამოგვექვეყნებინა ნატო-ს განცხადება იმაზე, რომ ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომ ჯარები უნდა დაბრუნებულიყვნენ იმ პოზიციებზე, რომელიც ჰქონდათ 2008 წლის 6 აგვისტომდე და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას და ასევე მხარს ვუჭერდით პრეზიდენტ სარკოზის მიერ გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე მოლაპარაკებას.

ჩემს არცერთ ევროპელ კოლეგას სურდა ნატო-ს ამ მარტივ განცხადებაზე დამთანხმდებოდა. ამბობდნენ, რომ ამის დრო არ იყო, რომ ლიდერები დასასვენებლად იყვნენ წასულები, რომ ეს ყველაფერი რთული იყო. ვერ ვთანხმდებოდით ტექსტზე და ა.შ. ყველაზე დასამახსოვრებელი კი ის იყო, რომ მაშინ, როცა ვიცოდით, რომ რუსული ტანკები თბილისისკენ მიდიოდა, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ ნატო-ს განცხადება არ უნდა გაეკეთებინა, რადგან არ გვსურდა "კონფლიქტის მილიტარიზება."

დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას აგრძელებს, საქართველო, როგორც ქვეყანა წინ მიიწევს. ამიტომაც იმსახურებს და ამიტომაც სჭირდება საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა", - აცხადებს ვოლკერი.

"ინტერპრესნიუსი"