"განსაკუთრებით 26 მაისს ვერ ვაპატიებ თავს" - კვირის პალიტრა

"განსაკუთრებით 26 მაისს ვერ ვაპატიებ თავს"

"ჩემი გული რჩება თქვენთან, სული კი -  ჩემს პარტიაში"

სალომე ზურაბიშვილმა ხუთთვიანი დუმილი იმისთვის დაარღვია, რომ საზოგადოებისათვის ემცნო, რადგან საქართველოში ოპოზიციონერისთვის საქმიანობა პრაქტიკულად შეუძლებელია, ტაიმ-აუტს ვიღებო. "საქართველოს გზის ლიდერის" დამშვიდობებას ქართველ ჟურნალისტებთან სენტიმენტალობა ახლდა:

- ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის, სად მივდივარ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ მივდივარ და რატომ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე.  მართალია, მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები. ვისაც ნაადრევად გაუხარდა ჩემი წასვლა, იმას შეიძლება, არ გაუხარდეს ჩემი დაბრუნება და ამის დროც მოვა. ამ ქვეყანაში იმიტომ ჩამოვედი, რომ მჯეროდა, საქმე იყო გასაკეთებელი და საქმეც გავაკეთე მთელი ძალით, სადაც ვიყავი - ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც. როცა საჭირო იყო ხალხთან ერთად დგომა, ყველგან ვიყავი.

დღეს ყველაზე მეტად სიმართლე გვჭირდება და  სიმართლე კი  ის  არის, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს მინიმალური დემოკრატია ოპოზიციის არსებობისთვის. Aჩაკლეს დემოკრატიის ნასახიც კი. ასეთ პირობებში ოპოზიციონერობა ნიშნავს, რომ ჩვენც ვმონაწილეობთ ხელისუფლების ილუზიებსა და ტყუილში. მე კი აქ ტყუილისთვის არ ჩამოვსულვარ, ამ ტყუილში ვერ მივიღებ მონაწილეობას.

დღეს ჩემი ვალია, გავიდე ამ საშინელი მდგომარეობიდან იმისთვის, რომ როდესაც დაბრუნების დრო მოვა, უფრო ძლიერი დავბრუნდე. ყველაზე კარგად ჩემს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეების ის ნაწილი გაიგებს, ვინც წასულია ქვეყნიდან. ღრმად ვარ დარწმუნებული, მოვა დრო, როდესაც ყველა ერთად დავბრუნდებით. ამიტომ არ გემშვიდობებით. ეს მხოლოდ და მხოლოდ ტაიმ-აუტია.

- ბრძანეთ, ოპოზიციაში ყოფნა ხელისუფლების ილუზიებში ცხოვრებას ნიშნავსო. გამოდის, თანამებრძოლებმა გაგიცრუეს იმედი?

- ოპოზიციის ლანძღვა-კრიტიკას არ ვაპირებ. სხვების შეფასება არ მინდა. იმაზე ვლაპარაკობ, რაც მე მეხება. რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეცდომები არ ყოფილა. განსაკუთრებით 26 მაისს ვერ ვაპატიებ თავს, - ვერ მივიყვანეთ პროცესი იმ კონდიციამდე, სადამდეც უნდა მივსულიყავით... დღეს ქვეყანაში ისეთი რეჟიმია, რომელიც არ ტოვებს არც ერთ სფეროს: ეკონომიკურს, სოციალურს თუ კულტურულს, რომ მის კონტროლქვეშ არ იყოს.

ვერ ვხედავ საშუალებას, დღევანდელ ვითარებაში რამე შევცვალო. დავბრუნდები მაშინ, როცა დავინახავ, რომ აქ ჩემი ადგილი არის და მექნება საქმის გაკეთების საშუალება. ვერ გეტყვით, ეს ექვს თვეში იქნება თუ ერთ წელიწადში. ხელისუფლებამ 2003 წლიდან ვერ გაამართლა ვერც ერთი იმედი. ხელისუფლება აღარ აცლის ამ ქვეყანას, განვითარდეს, ადამიანებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ვიარსებოთ. ბიზნესი დარეკეტებულია. არ არსებობს ამ ქვეყანაში ადგილი, სადაც თავისუფლება სუფევს და რომელ პოლიტიკურ მოქმედებაზეა ლაპარაკი? უმოქმედოდ კი მე ვერ ვიქნები.

- "საქართველოს გზა" გააგრძელებს არსებობას?

- ჩემი გული რჩება თქვენთან, სული კი -  ჩემს პარტიაში, რომელიც ასეთ პირობებშიც მზად არის შეინარჩუნოს მთავარი გეზი -  სიმართლის თქმა. პარტიას კახა სეთურიძე უხელმძღვანელებს. ხომ ამბობენ, "საქართველოს გზა" ერთი ქალის პარტიააო, დაინახავთ, რომ არ იქნება ის ქალი, მაგრამ იქნება პარტია. მისი წევრები არიან იმ ნდობის ღირსი, რომელსაც ვუცხადებ. პოლიტიკური პარტიები იძულებული არიან დისიდენტური ცხოვრებით იცხოვრონ. მაგრამ ამ გაუსაძლის ვითარებაშიც კი "საქართველოს გზა" სიმართლეს იტყვის.

- ბრძანეთ, მნიშვნელოვანი არ არის, სად მივდივარო, მაგრამ იქნებ მაინც დააკონკრეტოთ, რა თანამდებობაზე დაინიშნეთ?

- გაეროს უშიშროების საბჭომ დააარსა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ირანის საკითხებზე. 5 ნოემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა ოფიციალურად დამნიშნა ჯგუფის ხელმძღვანელად. ეს ახალი სტრუქტურაა უშიშროების საბჭოში.

ვინც იცის საერთაშორისო ვითარება, იცის, რომ ირანის საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია ყველასთვის და ამ  რეგიონისთვისაც.  ეს არის საკითხი, რომელიც მაინტერესებს.

- თუ საქართველოში პოლიტიკური პროცესები გამწვავდა და აქციები დაიწყო, რას იზამთ?

- როდესაც ამის დრო მოვა, საქართველოში ვიქნები. მე ჩამოვალ. თუ ამ ხელისუფლებამ ხალხი რევოლუციამდე მიიყვანა, ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნება.  მე ერთი რამის მჯერა, - ადრე თუ გვიან, საქართველო მოიპოვებს ნამდვილ თავისუფლებას.

კვირის ფრაზა

"თავისუფლება არ არის ის, რომ ყველა ტელევიზია დღე და ღამე მთავრობას ლანძღავდეს. ჩემთვის ეს ტესტი ძალიან მარტივია - კუკავა 08:00 საათზე  რომ გაიღვიძებს "პახმელიაზე" და ტვინში აზრი მოუვა, თუ ეს საქართველომ დღის 15:00 საათზე "კურიერის" რომელიმე გამოშვებიდან გაიგო, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არის დემოკრატია"