"უნდა შევწყვიტოთ ვარსკვლავბიჭუნას ძებნა... თუ ხაზარაძე პოლიტიკურ პროცესებში კარგად ჩაერთვება, საინტერესო პარტნიორი ან კონკურენტი იქნება"
13-08-2019
"უნდა შევწყვიტოთ ვარსკვლავბიჭუნას ძებნა... თუ ხაზარაძე პოლიტიკურ პროცესებში კარგად ჩაერთვება, საინტერესო პარტნიორი ან კონკურენტი იქნება"
თუ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ პროცესებში კარგად ჩაერთვება, იგი "შენების მოძრაობისთვის" და პირადად ჩემთვის საინტერესო პარტნიორი ან საინტერესო კონკურენტი იქნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" " შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

მისივე განმატებით, ქვეყანას სჭირდება ახალი ტიპის პოლიტიკური ძალები.

"მე მივესალმები ახლებურად აწყობილ და მოწყობილ პოლიტიკურ ძალებს. იქნებიან ისინი პარტნიორები თუ კონკურენტები, ეს ყველა ვარიანტში წაადგება ქვეყანას და მისი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას. თუ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ პროცესებში კარგად ჩაერთვება, იგი "შენების
მოძრაობისთვის" და პირადად ჩემთვის საინტერესო კონკურენტი ან საინტერესო პარტნიორი იქნება. მე ამ ტერმინს ბევრი პოლიტიკური ძალის მიმართ არ ვიყენებ, თუმცა მამუკა ხაზარაძეს და მის მეგობრებს ჯერ იდეა შინაარსით აქვთ შესავსები, ყველა დანარჩენი საკითხი კი ამის შემდგომი პერიოდისთვისაა. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ერთი ვარსკვლავბიჭუნას ან ერთი გადამრჩენელი
პოლიტიკური ძალის ძებნა. ასე ვერასდროს ვერ გადავრჩებით. საქართველოს სჭირდება რამდენიმე სერიოზული პოლიტიკური ძალა და ესაა მრავალპარტიულობა. ამიტომ, დღევანდელი მდგომარეობით, "შენების მოძრაობას" გაკეთებული აქვს ძალიან მკაფიო განაცხადები. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია და სწორედ იმიტომ არ ვართ, რომ გვინდა თანამონაწილე ვიყოთ სერიოზული პოლიტიკური ძალის და არა რამდენიმე მანდატის მოსაპოვებლად მებრძოლი ძალის. ჩვენ ძალიან ბევრი ინდივიდი შემოგვიერთდა და გვიერთდება. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი ტიპის პოლიტიკური ძალები. ამ პოლიტიკური ძალების მშენებლობაში კონსულტაციებისთვის ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით და ღია ვიქნებით. დანარჩენს უკვე პოლიტიკურ პროცესებში ყველა თავად გადაწყვეტს", - განაცახადა დავით უსუფაშვილმა.

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთხელ აანონსებს, რომ სექტემბერში სამოქალაქო მოძრაობას დააფუძნებს. როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, მისი მოძრაობის მთავარი მიზანი ღირსების დაცვა და ღირსეული საქართველოსთვის ბრძოლა იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?