"კობი-გუდაურის ჩქაროსნულ მაგისტრალზე სააკაშვილის განცხადება სისულელეა" - კვირის პალიტრა

"კობი-გუდაურის ჩქაროსნულ მაგისტრალზე სააკაშვილის განცხადება სისულელეა"

ექსპერტი მამუკა არეშიძე კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას სტრატეგიული თვალსაზრისით დადებითად აფასებს და აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პოპულისტურს უწოდებს.

როგორც არეშიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილის ეს განცხადება საქმეში ჩაუხედავ ადამიანებზეა გათვლილი.

"სააკაშვილის გუშინდელი შეფასება კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით პოპულისტური განცხადებაა, უფრო მძიმედ რომ ვთქვა - სისულელე. ჯერ ერთი, თუ რუსეთს საქართველოში შემოჭრა უნდა, ის გზა რომელიც არსებობს, იმითაც შემოიჭრება და ორივე შემთხვევაში შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა. ახალი გზის შემთხვევაში, რომელსაც ჩქაროსნულ მაგისტრალს ვეძახით, იქ გვირაბები არსებობს, შეგიძლია გაანადგურო და საერთოდ ჩაუკეტო გზა მოწინააღმდეგეს. თუ თავდასხმა უნდა რუსეთს რატომ წამოვა მთა-მთა და რატომ იწვალებს? თუ მაინც და მაინც რუსეთს შემოჭრა მოუნდა, მისთვის ბევრად უფრო მომგებიანი და იოლი იქნება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან დარტყმა. მას შეეძლება გადაკეტოს ტრანსკავკასიური მაგისტრალი. ასე, რომ სააკაშვილის ეს განცხადება არის იმ ტიპის, რომელიც გათვლილია საქმეში ჩაუხედავ ადამიანებზე, ანუ ეს იყო განცხადება განცხადებისთვის", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისივე განმარტებით, ერთადერთი, რაც შეიძლება ამ პროექტის მინუსად ჩაითვალოს არის ის, რომ ხეობა, სადაც ახალი გზა გაივლის, გაჭრის შემთხვევაში დაზიანდება.

"თვითონ პროექტს მე პირადად დადებითად ვაფასებ, ვთვლი, რომ გზა შემოკლდება და მგზავრობა ბევრად უფრო კომფორტული იქნება. იქნება ბევრად უფრო ცივილიზებული მარშრუტი, მითუმეტეს, რომ იქ კურორტული ინფრასტრუქტურაა განვითარებული. ერთადერთი, რაც შეიძლება მინუსად ჩავთვალოთ, არის ის, რომ ხეობა, სადაც ახალი გზა გაივლის, გაჭრის შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს. ეს არის და ეს. ჩვენ რა გვირჩევნია, ის უნდა ავირჩიოთ. სტრატეგიული თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაგისტრალია", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს "ახალ როკის გვირაბი" უწოდა და როგორც მან აღნიშნა, ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს თბილისის სწრაფი აღებისათვის სამხედრო გზა გაეხსნება.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული პროექტი - კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი.

"ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე მაგისტრალი და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. მას სჭირდება შესაბამისი ინვესტიციები, რომელიც უკვე მოზიდული და ხელმოწერილია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"