"როდესაც ყოველდღე გეუბნებიან, რომ შენი პარტნიორი ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი, ადრე თუ გვიან "კონტი ჯგუფი" ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა" - კვირის პალიტრა

"როდესაც ყოველდღე გეუბნებიან, რომ შენი პარტნიორი ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი, ადრე თუ გვიან "კონტი ჯგუფი" ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა"

"ეს არის ძალიან გრძელვადიანი, საკმაოდ აგრესიული დისკრედიტაციული კამპანიის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება კონსორციუმის მიმართ აწარმოებდა"

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ერთ–ერთმა დამფუძნებელმა და აქციონერმა– ამერიკულმა "კონტი ჯგუფმა" (Conti International LLC) დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" კონსორციუმის გენდირექტორმა ლევან ახვლედიანმა დაუდასტურა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული "კონტი ჯგუფი" ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი იყო.

როგორც აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს, ამერიკული "კონტი ჯგუფის" მიერ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დატოვების შესახებ დღეს, მედიასაშუალებებით შეიტყვეს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, დავით ჯავახაძის თქმით, "კონტი ჯგუფი" 2018 წლის დეკემბრიდან კონსორციუმის მენეჯმენტში აღარ მონაწილეობდა და არც მოლაპარაკებებში იყო ჩართული. მისივე თქმით, ინვესტორს გააჩნია ვალდებულება ნებისმიერი აქციის გასხვისება შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, რასაც ადგილი არ ჰქონია.

ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილება "ინტერპრესნიუსთან" ექსპერტებმა შეაფასეს.

გია ხუხაშვილი:

"ჩემი აზრით, "კონტი ჯგუფის" გასვლით, კონსორციუმს პრობლემები შეექმნება. გასაგებია, რომ ხელისუფლება ამის შემდეგ ფაქტობრივად თავის დიდი ხნის წინ დასახულ ამოცანას შეასრულებს, ანუ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" გაწევს ამ პროექტიდან და ამის შემდეგ ან საერთოდ დაიხურება პროექტი, ან მეორე ვარიანტია, რომ გამოცხადდება ახალი ინტერესის გამოხატვა და ინვესტორად ან რუსეთს ან უკეთეს შემთხვევაში ჩინეთს ვიხილავთ, რომლის უკანაც შესაძლოა ერთობლივი ჩინურ-რუსული სტრატეგია იდგეს. რაც პრინციპში პირადად ჩვენთვის ამ პროექტისადმი ინტერესს პრაქტიკულად ანულებს, იმიტომ რომ ჩვენთან საკმარისია პორტები იმისთვის, რომ მხოლოდ საპორტო მომსახურებაზე ვისაუბროთ. ხოლო უსაფრთხოების თემები ამ შემთხვევაში აქტუალობას კარგავს. პროექტში დასავლურ ინვესტიციებს აღარ ველოდები...

ეს არის ძალიან გრძელვადიანი, საკმაოდ აგრესიული დისკრედიტაციული კამპანიის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება კონსორციუმის მიმართ აწარმოებდა. "კონტი ჯგუფმაც" , საბოლოო ჯამში შეაფასა რისკები, როდესაც ყოველდღე გეუბნებიან, რომ შენი პარტნიორი არის მძიმე დანაშაულში, ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი, ბუნებრივია ადრე თუ გვიან "კონტი ჯგუფი" ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა და არაა ჩვენი ხელისუფლება იმდენად მიამიტი, რომ ეს არ სცოდნოდა".

პაატა შეშელიძე:

"რაც წავიკითხე, განმარტება ორ ფაქტს უკავშირდება. პირველი არის ის, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორის მთავრობისათვის წარდგენილი რვა მოთხოვნიდან შვიდი დაკმაყოფილებულია, თუმცა მთავრობა ერთზე არ მიდის. მეორე, თითქოს ეს ჯაფარიძე-ხაზარაძის ფაქტორს უკავშირდება.

ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეცვლილიყო პირობები, როცა ტენდერი მათ მოიგეს და ტენდერში ეს პირობები არ იყო. ტენდერი არის რაღაც წესი. ამ წესის მიხედვით ვიღაცამ ვალდებულება აიღო და თუ მას ვერ ასრულებს, მაშინ გვერდით უნდა გაიწიოს. ამიტომ ამ ნაწილში საქართველოს მთავრობის მხრიდან დანაშაულს ვერ ვხედავ. პირიქით, იყო გადავადებები და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ჯაფარიძე-ხაზარაძესთან დაკავშირებულ კომპონენტს, თუ რატომ მოხდა ამ თემის წამოწევა, ამ ადამიანების დევნა, გარიყვა, აქ არის ბევრი ბუნდოვანება. მთავარი კითხვაა, თუ რა იყო იმ დიალოგის საგანი, რომელიც ივანიშვილ-ხაზარაძე-ჩხარტიშვილის ფორმატში შედგა. რა იყო განხეთქილების თემა, რამაც ასეთი დაპირისპირება გამოიწევია? რა ინტერესების გადაკვეთაა? რა ხდება სინამდვილეში აქ და რაშია შეუთანხმებლობა?! როგორც ჩანს, ტენდერის პირობები საქართველოს მთავრობის მხრიდან ირღვევა. რაკი ტენდერი გაიმართა, მათ აქვთ ვალდებულებები და მისი გადახედვა არაკეთილსინდისიერი გზებით არ უნდა მომხდარიყო...

თუ ყურადღებას მიაქცევთ, მაშინ ხაზარაძე და მთელი მისი გუნდი აბსოლუტურად უჭერდა მხარს ივანიშვილს ყველა მის წამოწყებაში, მათ შორის ისეთ აგრესიულ წამოწყებებში როგორიც იყო, რეგულირებების შემოტანა, საპენსიო ფონდი შემოღება, სალომე ზურაბიშვილის არჩევა და ბევრი სხვა რამ. ისინი ყველაფერში მხარს უჭერდნენ, მაგრამ რა ფასად უჭერდნენ და რა იყო გარიგება, ჩვენს ეს უნდა ვიცოდეთ. აქცენტის მხოლოდ იმაზე გაკეთება, პორტი გვინდა-არ გვინდა, ასე არ არის. დიდი ხანია ცნობილია, რომ პორტი გვინდა, მაგრამ როგორ უნდა ავაშენოთ, ვინ უნდა ააშენოს, ვინ უნდა იხეიროს აქედან, ეს მნიშვნელოვანია საკითხებია. თუ პორტის მშენებლობა ჩაფიქრებულია სახელმწიფოს ხარჯზე, ეს ცხადად უნდა ვიცოდეთ, მაგრამ თითქოს და, ასე არ იყო და ინფორმაცია, რაც თავად მოგვეწოდებოდა, ეს კერძო წამოწყება იყო".

იხილეთ ასევე: "კონტი ჯგუფს" გასვლით არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს კონსორციუმი"