"კონტი ჯგუფს" გასვლით არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს კონსორციუმი" - კვირის პალიტრა

"კონტი ჯგუფს" გასვლით არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს კონსორციუმი"

"კონტი ჯგუფს" ამ ბოლო დროს ძალიან პასიური როლი ჰქონდა. არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს კონსორციუმი, - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის - "კონტი ჯგუფის" მიერ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დატოვებას.

ახვლედიანის თქმით, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ კონსორციუმის დატოვებასთან დაკავშირებით საუბრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოო გადაწყვეტილება დატოვებასთან დაკავშირებით "კონტი ჯგუფმა" გასულ კვირას მიიღო, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში დღეს გავრცელდა.

"კონტი ჯგუფს" ამ ბოლო დროს ძალიან პასიური როლი ჰქონდა. ისიც იცით, რომ დეკემბერში მათ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს და რჩებოდნენ მხოლოდ აქციონერებად. მათი გადაწყვეტილება გასვლასთან დაკავშირებით დღეს და გუშინ არ ყოფილა მიღებული. ამაზე საუბარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, თვითონ ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს კონსორციუმი.

დიახ, მსხვილი აქციონერი იყო, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილება ძალიან კრიტიკული არ არის. 70 მილიონი დოლარის ინვესტიციაში, რაც დღემდეა განხორციელებული, მათი მონაწილეობა არის ძალიან მცირე. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პროექტისთვის მთავარია სტრატეგიული ინვესტორი და ჩვენ ასეთი გვყავს. ეს არის "ესესეი მარინი", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ლევან ახვლედიანი არ პასუხობს კითხვას, უკავშირდება თუ არა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" "კონტი ჯგუფის" გასვლა ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას.

"კომპანიის ოფიციალური პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების მიზეზების საჯაროდ დაფიქსირებას ამ ეტაპზე. ჩვენ კონკრეტული გზა გვაქვს გასავლელი და გვინდა, რომ ეს ყველაზე ეფექტურ რეჟიმში გავიაროთ. ამდენად, თავს ვიკავებ მიზეზების დასახელებისგან," - განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, მისი თქმით, "კონტი ჯგუფის" მიერ კონსორციუმის დატოვება არ ნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის პროექტისადმი ამერიკული ინტერესები შესუსტდა.

მანვე ინფრასტრუქტურის სამინისტროში დასამტკიცებლად გენერალურ კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება წარადგინა.

როგორც კონსორციუმის გენერალურმა დირექორმა, ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გენერალურ კონტრაქტორთან შეთანხმება მიღწეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი მშენებლობის დასაწყებად ტექნიკურად მზადაა და როგორც კი ინვესტორებთან მოლაპარაკების პროცესი დასრულდება, პორტის მშენებლობა დაიწყება.

"გენერალურ კონტრაქტორთან დავასრულეთ კომერციულ-ტექნიკურ პირობებზე მოლაპარაკება. ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეული მიზანი, იმიტომ, რომ როგორც იცით, ჩვენ 1 წელი გავატარეთ ტენდერის პროცესში. ბოლო სამი თვე მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკება კონტრაქტორის შერჩევასთან მიმართებაში. დღეს ეს შეთანხმება ჩავაბარეთ მთავრობას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ასევე ჩვენს ინვესტორ ბანკებს, რათა განიხილონ და დაგვიმტკიცონ არსებული ხელშეკრულება. ეს გენერალური კონტრაქტი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად მზადაა იმისთვის, რომ როგორც კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები დასრულდება, ჩვენ შევძლებთ მშენებლობის მეორე დღესვე დაწყებას", -განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

იხილეთ ასევე: "როდესაც ყოველდღე გეუბნებიან, რომ შენი პარტნიორი ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი, ადრე თუ გვიან "კონტი ჯგუფი" ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა"

"ინტერპრესნიუსი"