"გუგუტიანთკარში ერთ-ერთი ოჯახი საკუთარი სახლის დემონტაჟს ახდენს, უთხრეს, რომ სამ დღეში უნდა დაცალოს" - კვირის პალიტრა

"გუგუტიანთკარში ერთ-ერთი ოჯახი საკუთარი სახლის დემონტაჟს ახდენს, უთხრეს, რომ სამ დღეში უნდა დაცალოს"

ერთ-ერთი ოჯახი საკუთარი სახლის დემონტაჟს ახდენს, რომ რაც შესაძლებელი იქნება გამოიტანოს სახლიდან. უთხრეს, რომ სამ დღეში უნდა დაცალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე სამ დღეში ვეღარ იქნება შესაძლებელი ამ ტერიტორიაზე შევიდეს,-ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. ნინო ლომჯარია გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, სადაც ვითარებას გაეცნო და ადგილობრივებს გაესაუბრა.

ნინო ლომჯარია მოუწოდებს ხელისუფლებას, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებულად ზარალდებიან მიმდინარე პროცესებისა და ბორდერიზაციის გამო.

"ვნახე ბოლო დღეების განმავლობაში დამონტაჟებული კონსტრუქციები, მიმდინარეობს შემოღობვა. გავესაუბრე ადგილობრივებს, ვნახე, რომ ორი სახლი ექცევა ღობის მიღმა. ვესაუბრე ერთ-ერთი სახლის მესაკუთრეს, ამჟამად ეს ოჯახი საკუთარი სახლის დემონტაჟს აკეთებს, რომ რაც შესაძლებელი იქნება გამოიტანოს სახლიდან. უთხრეს, რომ სამ დღეში უნდა დაცალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში , უკვე სამ დღეში ვეღარ იქნება შესაძლებელი ამ ტერიტორიაზე შევიდეს. ოჯახის დიასახლისსაც ვესაუბრე, რომელიც ამბობს, რომ მიუხედავად საფრთხისა ამ ტერიტორიაზე ჰქონდა წვდომა, შემოდიოდა, ჰქონდა ხეხილის ბაღი, ხილი, რომელსაც კრეფდა, თუმცა სავარაუდოდ, სამ დღეში ამ ოჯახს უკვე იქ შესვლის შესაძლებლობა აღარ ექნება.

ჩემი თხოვნა, მოწოდება იქნებოდა ხელისუფლებისადმი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებულად ზარალდებიან, ვისაც უშუალოდ ეხება ეს პროცესი, აღმოუჩინონ დახმარება. დღეს მოვისმინე, რომ ის ოჯახი, რომელიც დღეს საკუთარი ხელით ახდენს საკუთარი სახლის დემონტაჟს, ცხოვრობს დღემდე გორში და მათ არ აქვთ დაკანონებული ის შენობა, სადაც ცხოვრობენ და უკვე წლებია ისინი ითხოვენ, რომ თუნდაც ის საკუთრება დაუკანონდეთ, სადაც ცხოვრობენ. მინდა მივმართო თვითმმართველობას, ხელისუფლებას, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს. ისედაც ძალიან მძიმე არის ემოციურად და მორალურად ეს ყველაფერი და თუნდაც ეკონომიური თვალსაზრისით ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს“,-განაცხადა ომბუდსმენმა.