ლუკ კოფი: რას ამზადებს რუსეთი საქართველოში?
ლუკ კოფი: რას ამზადებს რუსეთი საქართველოში?
ფოტო:ლუკ კოფი
თურქული სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის TRT-ის ინგლისურენოვანი სამსახურის - TRT World-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია აშშ-ის "მემკვიდრეობის ფონდის" (The Heritage Foundation) საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის, ლუკ კოფის სტატია, რომელშიც საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლო დროს მომხდარი მოვლენებია გაანალიზიებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იმ დროს როცა ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები შეშფოთებულები არიან "ბრექსითით" ან ირანული და ამერიკული არჩევნებით, საქართველოში ისეთი რაღაც "დუღს " და "იხარშება", რაც ყურადღებას იმსახურებს.

ქართველებისათვის ზაფხულის თვეები ყოველთვის მღელვარების გამომწვევია. საკმარისია
გადავხედოთ ქვეყნის ახლო ისტორიას და მივხვდებით, თუ რატომაც. სწორედ აგვისტოში, 11 წლის წინათ, როცა მსოფლიო პეკინის ოლიმპიური თამაშებით იყო გართული, რუსეთის ჯარი საქართველოს შეიჭრა.

ქართველებისთვის ეს ზაფხული უჩვეულოდ ცხელია - როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი თვალსაზრისით: ბოლო დროს რუსეთი აძლიერებს თავის აგრესიულ რიტორიკას საქართველოს მიმართ და
ამით კიდევ უფრო აღრმავებს ისედაც პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციას, რომელიც მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებიით არის განპირობებული.

საქართველოში ბოლო დროს სამი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რასაც პოლიტიკოსებმა ყურადღებით უნდა შეხედონ.

პირველი ფაქტი, რომელმაც სიტუაცია დაძაბა, თბილისის ქუჩებში დაწყებული (ძირითადად) მშვიდობიანი საპროტესტო აქციები იყო. მართალია, თვით აქციები უშუალოდ რუსეთს არ შეეხებოდა, მაგრამ რუსეთმა თავისი დამოკიდებულებით გაამწვავა ის სოციალური უთანხმოება, რომლებიც დემონსტრაციების მოტივი გახდა. მხედველობაში მაქვს ივნისში თბილისის ქუჩებში "ლგბტ-საზოგადოების " მიერ დაგეგმილი "ღირსების მარში", რომლის თარიღი იმის შიშით, რომ მონაწილეთა მიმართ ძალადობა მოხდებოდა, გადაიტანეს. ვინ ემუქრებოდა მარშის მონაწილეებს? მუქარების უკან პრორუსი ბიზნესმენი და მილიონერი ლევან ვასაძე იდგა.

იმავე ივნისში რუსეთის სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი სკანდალურად გამოვიდა მართლმადიდებელი ქვეყნების პარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე, თანაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან. გასაკვირი არაა, რომ ამ ფაქტმა მოსახლეობის პროტესტი და ადამიანების ქუჩაში გამოსვლა გამოიწვია.

რუსეთი ჰიბრიდული ომის ჩარჩოებში თანმიმდევრულად ეძებს სოციალური უთანხმოების ისეთ სფეროებს, რომ შემდეგ თავისი გავლენით სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოს, კიდევ უფრო დიდი ბზარი შეიტანოს საზოგადოებაში, მისი დასუსტების მიზნით. მოსკოვმა კარგად იცის: სუსტი სამოქალაქო საზოგადოების პირობებში მისი გავლენა უფრო ძლიერი იქნება. საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის გაძლიერების კვალობაზე, რუსეთი მზადაა მის საშინაო პოლიტიკაში კიდევ უფრო მეტად ჩაერიოს, რაც ვითარებას ძალზე საგანგაშოს ხდის.

მეორე მომენტი, რომელსაც საჭიროა თვალი მივადევნოთ, ესაა რუსეთის ამასწინანდელი მოქმედება, რომელიც უშუალოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული. თბილისში გამართული ანტირუსული აქციების ფონზე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩათვალა, რომ საქართველოში რუსი ტურისტების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ არისო და ამიტომ რუსეთიდან პირდაპირი ავიარეისები აკრძალა. ეს ფაქტი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ეკონომიკურ კომპონენტს წარმოადგენს.

ორ მეზობელს შორის დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, საქართველო რუსი ტურისტებისთვის მაინც დასვენების პოპულარულ ადგილად რჩებოდა: გასულ წელს საქართველოს რუსეთის 1,8 მილიონი მოქალაქე ეწვია. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, რუსეთიდან ტურიზმის ნაკადის შემცირებით, თუ აკრძალვა გაგრძელდება, საქართველოს ეკონომიკამ შეიძლება წელიწადში 250 მილიონიდან 300 მილიონ დოლარამდე შემოსავლები დაკარგოს. ტურიზმის წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში თითქმის 8 პროცენტს შეადგენს.

და ბოლოს, მესამე მომენტი -
რუსეთი ფართომასშტაბიან სამხედრო წრთვნებს ატარებს ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს საზღვრებთან. ძალიან საყურადღებოა, რომ წრთვნებში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე დისლოცირებული ორი არმიის ქვედანაყოფები მონაწილეობენ, მათ შორის 58-ე არმიაც, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეიჭრა. ამ შემთხვევაში შეშფოთების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ აგვისტოს ომის წინაც რუსეთის არმია წრთვნებს თავისი განზრახვისა და მობილიზაციის შესანიღბავად იყენებდა.

სხვათა შორის, საქართველოში სულ ცოტა ხნის წინათ დასრულდა ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლებები, რომელშიც ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან (მათ შორის უკრაინიდანაც), 3300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.


ეს სწავლებები - როგორც აშშ-ის, ასევე რუსეთის ხელმძღვანელობით, საკმაოდ რუტინული მოვლენაა, მაგრამ თუ იმ კუთხით შევხედავთ, რაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, როცა, როგორც ზემოთ ვთქვით, მოსკოვმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წრთვნები თავისი სამხედრო ინტერვენციის შესანიღბავად გამოიყენა, მაშინ კრემლის მოქმედებაზე თვალის დევნისათვის ნამდვილად კარგი მიზეზი არსებობს.

რუსეთის ჩარევა საქართველოს პოლიტიკაში, ეკონომიკასა და საზოგადოების ცხოვრებაში რაიმე ახალი მოვლენა არ არის. ეს ყველაფერი მოსკოვის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის სტრატეგიულად მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს სამი საკითხი ერთობლიობაში შეშფოთების საბაბს იძლევა.


სხვათა შორის, ამას ემატება ისიც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ არ ჰყავს ელჩი საქართველოში. ამჟამად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისათვის ძირითად გეოპოლიტიკურ ფოკუსად ირანი რჩება, ქვეყნის პოლიტიკური სისტემა კი საპრეზიდენტო არჩევნების მორიგი ციკლისათვის ემზადება.

საქართველოსთვის უკეთესი სიტუაცია არც ევროკავშირის ფოკუსითაც არაა: ევროპის კავშირი გარდამავალ პერიოდში იმყოფება და იქ ახალი კომისიების არჩევნების პროცესი მიმდინარეობს. დარჩენილი პოლიტიკური ენერგია ბრექსითთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ხმარდება. ტრანსატლანტიკურ ალიანსში კი წევრებს შორის ურთიერთობა დაძაბულია...

ამიტომაც, როცა დასავლელი პოლიტიკოსები აგვისტოს პაპანაქებაში დასვენების მიზნით "სალაშქროდ " ემზადებიან, როცა აშშ სულ უფრო და უფრო "ეფლობა " საპრეზიდენტო კამპანიის მზადებაში, როცა ევროკავშირი შიდა დავებით არის გართული, ვიღაც სამხრეთ კავკასიას უფრო მეტი ყურადღებით უყურებს...


მოამზადა სიმონ კილაძემ


რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?