"ოჯახების გაყოფა ძალიან სერიოზული პრობლემაა" - რას ამბობენ გუგუტიანთკარში ჩასული დიპლომატები - კვირის პალიტრა

"ოჯახების გაყოფა ძალიან სერიოზული პრობლემაა" - რას ამბობენ გუგუტიანთკარში ჩასული დიპლომატები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას, იმ ადგილზე, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ დამატებით დაიწყეს მავთულხლართების მონტაჟი, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მთავრობის წამომადგენლები ჩავიდნენ.

გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა რამდენიმე ელჩი და საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

იაპონიის ელჩის ტადაჰარუ უეჰარას განცხადებით, სამწუხაროა იმის ნახვა, თუ როგორ ხდება ადგილობრივი ხალხის ცხოვრების გაყოფა ახალი ღობეების აღმართვით.

"ნამდვილად შეშფოთებული ვარ არსებული ვითარებით. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას. ოჯახების გაყოფა ძალიან სერიოზული პრობლემაა. ასე რომ, ნამდვილად მესმის და დიდი თანაგრძნობა მაქვს დაზარალებული ოჯახების მიმართ. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გამოსწორდება", - განაცხადა ტადაჰარუ უეჰარამ.

საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანის ელჩის, კაი კაარელსონის განცხადებით, ესტონეთი საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ტერიტორიული მთლიანობის მკაცრად დაცვის მომხრეა.

"ესტონეთი, როგორც იცით, საერთაშორისო სამართლის, საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ტერიტორიული მთლიანობის მკაცრად დაცვის მომხრეა. რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების გამო, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ჩემთვის ძნელია იმის შეფასება, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ. მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება," - განაცხადა ელჩმა.

პეტრო ბოგდანი, უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი:

"ჩვენ ცოტა ხნის წინ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიის დაწყების მე-11 წლისთავი აღვნიშნეთ. ჩვენ ვდგავართ საოკუპაციო ხაზთან იმავე დღეს, როდესაც რუსეთის აგრესიული ძალები განაგრძობდნენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინელი ხალხი დგას ქართველი ხალხის გვერდით. უკრაინა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს, საქართველოდან და უკრაინიდან გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები, ასევე სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება".

კარლო ნატალე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე:

"მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით. ამ კონკრეტულმა შემთხვევამ, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება და დიდი გავლენა მოახდინოს მათ ცხოვრებაზე. ჩვენ ეს ძალიან გვაწუხებს. ვიყენებთ ყველა შესაძლო საშუალებას, მათ შორის ჟენევაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა მტკიცედ რეაგირებს არსებულ ვითარებაზე. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ სოლიდარობა გამოვხატოთ საქართველოს მთავრობისადმი".

"ინტერპრესნიუსი"