"ამ ფონზე გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება“ პოლიტიკურად დასრულდება და ჩაიძირება" - კვირის პალიტრა

"ამ ფონზე გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება“ პოლიტიკურად დასრულდება და ჩაიძირება"

ამ ფონზე გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა საზოგადოების პირდაპირი გამოწვევა და ის უზარმაზარი ტვირთი იქნება "ქართული ოცნების“ კისერზე, რომელიც მთლიანად ჩაძირავს "ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძემ, რომელიც სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფება, მედიასთან შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არანაირი მოლოდინი არ აქვს, რადგან ყველანაირი ცვლილება მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული, რის შესახებაც პროგნოზირება შეუძლებელია.

"არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რადგან არც მე, არც თქვენ და არც საპარლამენტო უმრავლესობის სრულმა უმრავლესობამ არ იცის, რა მოხდება ხვალ. საქართველოში ცვლილებები ხორციელდება არა პოლიტიკური ლოგიკიდან და იქიდან გამომდინარე, რა სჭირდება ქვეყანას ან რა პრობლემები აქვს მოსახლეობას, არამედ მხოლოდ ერთი ადამიანის გეგმებისა და სურვილების მიხედვით, ხოლო როგორი იქნება ეს სურვილები ხვალ, არ ვიცით. პროგნოზს ვერ გავაკეთებ, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: როგორი შიდა გადანაცვლებებიც არ უნდა მოხდეს დღეს "ქართულ ოცნებაში“, ამ გუნდს არ გააჩნია შიდა რესურსი, მოაგვაროს პრობლემები და ქვეყანა წინ წაიყვანოს. შესაბამისად, საბოლოო ჯამში გამოსავალი ერთადერთია - მთლიანად "ქართული ოცნების“ საქმის გაშვება მშვიდობიანი, დემოკრატიული არჩევნების გზით და ამას აუცილებლად გავაკეთებთ პირველივე საპარლამენტო არჩევნებზე“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

მანვე უპასუხა შეკითხვას, ხომ არ გამოიწვევს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად შესაძლო დანიშვნა უფრო მეტ კრიზისს "ქართულ ოცნებაში“.

"ამ ფონზე გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა იქნება საზოგადოების პირდაპირი გამოწვევა და ის უზარმაზარი ტვირთი "ქართული ოცნების“ კისერზე, რომელიც მთლიანად ჩაძირავს "ქართულ ოცნებას“. ამიტომ, თუ ამას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი, ღმერთმა ხელი მოუმართოს. გახარიას დანიშვნა დღეს ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება“ პოლიტიკურად დასრულდება და ჩაიძირება. თუმცა ისევ ვიმეორებ, პროგნოზს ვერ ვაკეთებ, რადგან არ ვიცით, რა გადაწყვეტილებები მიიღება ხვალ“, - განაცხადა "ევროპული საქართველოს“ ლიდერმა.