"ცდილობენ არარაობად, არაფრისმაქნის ერად ვიგრძნოთ თავი" - კვირის პალიტრა

"ცდილობენ არარაობად, არაფრისმაქნის ერად ვიგრძნოთ თავი"

"თუ ადრე რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს სამხედრო ძალით იპყრობდა, ახლა სხვა ტაქტიკითაც მოქმედებს - ახლა ჩვენს ცნობიერებას იპყრობს. ამის მიზანია საქართველოს მოსახლეობა ფსიქოლოგიურად დანებდეს და ვიქცეთ კაპიტულანტ ერად"

"გასულ კვირას საოკუპაციო ხაზთან ვითარება კიდევ ერთხელ უკიდურესად დაიძაბა - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართებისა და რკინის კონსტრუქციების დამონტაჟებით საოკუპაციო საზღვრის გავლება ისე დაიწყეს, რომ ამ უკანონო საზღვარს მიღმა საკარმიდამო ნაკვეთებთან ერთად, რამდენიმე ადგილობრივის სახლიც მოექცა. სამწუხაროდ, ოკუპანტის ასეთი დესტრუქციული მოქმედება, როგორც წესი, გაერთიანების ნაცვლად პრობლემის ერთმანეთზე გადაბრალებისა და ზღვარგადასული კრიტიკის სურვილს გვიჩენს. ვურჩევდი ყველას, რომ ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ ამ ძალიან რთული პრობლემის დასაძლევად", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა, რომელიც უკანონო გამყოფ ხაზთან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა და მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა. მან ასევე ისაუბრა ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ. შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დატოვება გადაწყვიტა ამერიკულმა კომპანია "კონტიჯგუფმა" (onti International LLC), რომლის აქციების წილი 42,18%-ს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მისი გასვლა ანაკლიის პორტის პროექტს დამანგრეველ დარტყმას არ მიაყენებს, ჩვენში ეს შეფასდა ამ პროექტისადმი ამერიკული დაინტერესების შემცირების ნიშნად, რის შედეგადაც შეიძლება წარმოიშვას მისი ჩაშლის საფრთხე. რუდის მტკიცებით კი ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს. სწორედ ამ საკითხის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან:

- "კვირის პალიტრასთან" წინა ინტერვიუში ვთქვი, რომ ამ ეტაპზე ანაკლიის პორტი არის ერთგვარი ტესტი იმისა, რად უღირს აშშ-ს საქართველო და რა როლს თამაშობს ჩვენი ქვეყანა თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაციის სტრატეგიაში. დღესაც ასევე ვფიქრობ, მით უფრო, რომ საქართველოს ფასი ძალიან უნდა იყოს აწეული, ერთი მხრივ, ირანთან გართულებული ურთიერთობისა და მეორე მხრივ, თურქეთში მიმდინარე პროცესების გამო. ყველასთვის, ვინც ანაკლიის პორტის პროექტში საქართველო-აშშ-ის დაახლოების კიდევ ერთ ფაქტორს ხედავს, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ ანაკლიის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელად დაინიშნა მაიკლ ქოუგლი, წლების განმავლობაში საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი. ამის შემდგომ ამ კონსორციუმიდან ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული ჯგუფის გასვლა სრულიად მოულოდნელი იყო, მით უფრო, რომ უცნობია ამ ინვესტორს ვისით ჩაანაცვლებენ.

დღეს, ფაქტობრივად, ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის ამარა ვართ: ერთია ქოუგლის დანიშვნა, რომელსაც ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის გახლდათ ბაქო-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის სტრატეგიული პროექტების რეალიზაციაში შევარდნაძისა და, საზოგადოდ, საქართველოს იმჟამინდელი მთავრობის მრჩეველი. ამ მხრივ პარალელის გავლება აუცილებელია - საქართველოს უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტები და ასეთივე როლი და ფუნქცია ენიჭება ანაკლიის პორტის პროექტსაც. აქედან გამომდინარე, ნამდვილად სიმბოლური გახლდათ ქოუგლის ამ პროექტში გამოჩენა.

მეორე ინფორმაცია კი "კონტიჯგუფის" გასვლაა, მით უფრო მაშინ, როდესაც ძალიან მალე იწურება პროექტის განხორციელების ვადა. გაგახსენებთ, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უკვე მოვისმინეთ განცხადებები, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის დათქმული თარიღი აღარ გადავადდება, და თუ კონსორციუმმა არ შეასრულა პირობა, ინტერესთა გამოხატვის წესის თანახმად, პროექტის განსახორციელებლად თავიდან დაიწყება პროცესი, რაც ახალი ტენდერის გამოცხადებას ნიშნავს.

ერთი საკითხიცაა - ცნობილია, რომ აშშ-სა და ევროკავშირს არ სურდათ ჩინეთს პორტი ჰქონოდა შავ ზღვაზე. ერთ-ერთი არსებითი მიზეზი, რატომაც დაინტერესდნენ ამერიკელები ამ პორტით, ესეც იყო.

თუ კვლავ გამოცხადდა ტენდერი და კონსორციუმს აღარ ექნება პროექტის განხორციელების საშუალება, დიდი ალბათობაა, რომ პროექტი სწორედ ჩინელების ხელში მოხვდეს. რუსულ-ჩინური გავლენა რაოდენ მიუღებელია აშშ-ისთვის, ეს პომპეომ სულ რაღაც თვე-ნახევრის წინ გვითხრა. მაშ, რა შეიძლება შეცვლილიყო ამ მოკლე მონაკვეთში? - ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელიც დღეს ჰაერშია გამოკიდებული.

რაც შეეხება კონსორციუმის პირობებს, ერთი იყო ფინანსური რისკების დაზღვევა და მეორე ექსკლუზივი იმისა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოში სხვა ღრმაწყლოვანი პორტი არ აშენდება. ასეთი მოთხოვნები ხშირია, როდესაც გლობალური პროექტების და ძალიან მსხვილი ინვესტიციის განხორციელება ხდება. როდესაც ამხელა ფინანსები იდება, ინვესტორებს გარანტიებიც სჭირდებათ იმისა, რომ უკუგების საშუალება ექნებათ. მეორე მხრივ, თუ სტრატეგიულად ასეთი მნიშვნელოვანი და ღირებულია ამერიკისთვის ეს პორტი, რატომ არ შეიძლება თავად გადააზღვიოს ფინანსური რისკები და ამით საფრთხე არ შეუქმნას ამ გლობალურ პროექტს. სხვა საკითხია, რომ ჩინური ტვირთების გარეშე ეს ფინანსური რისკები იარსებებს, ანუ ანაკლიის პორტის სათანადო დატვირთვა მხოლოდ ჩინური ტვირთების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი.

ახლა მთავარი ის არის, თუ ვინ შეცვლის "კონტიჯგუფს". თუმცა იმედისმომცემია ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ბოლო დაბეჯითებული განცხადება, "ამერიკას სჯერა, რომ ანაკლიის პროექტი ამერიკული ინვესტიციით უნდა შესრულდეს".

ყველაზე მნიშვნელოვანია, შექმნილი ვითარება როგორ აისახება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მისცემს თუ არა აშშ ქართულ არჩევნებში კარტ-ბლანშს რუსეთის აქტიურ ჩარევას.

თუმცა არსებული ინფორმაციით, შემოდგომაზე ამერიკის ისეთი მასშტაბის ოფიციალური პირის ვიზიტი იგეგმება საქართველოში, რომლის მსგავსი ვიზიტებიც გადამწყვეტი არჩევნების წინ სხვაც გვახსოვს, მაგალითად, 2012 წელს და ემსახურებოდა ერთს: ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას ერთი პოლიტიკური ძალიდან მეორისთვის - ანუ ამერიკიდან საქართველოში ჩამოჰქონდათ მესიჯი, რომ ორი ვადის ამოწურვის და მოსახლეობაში დიდი ნეგატივის დაგროვების შედეგად მმართველი ძალა უნდა შეჰგუებოდა ხელისუფლების სხვისთვის გადაცემას. ამ მნიშვნელოვანი ვიზიტის მიზანი ლოგიკურად ანაკლიის თემაც უნდა იყოს.

- სანამ არჩევნების საკითხზე გადავალთ, მინდა შევაფასოთ საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება, რას ცდილობს რუსეთი და რა ტიპის გართულებებს უნდა ველოდოთ? - სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რას იზამს აშშ, მისცემს თუ არა რუსეთს კარტ-ბლანშს, გააგრძელოს ეს ძალიან მძიმე საინფორმაციო-ფსიქოლოგიური შეტევა საქართველოზე. დიდი ალბათობით, ეს კიდევ უფრო გამძაფრდება 2020 წლის არჩევნების წინ.

დღეს ჰიბრიდული ომის ძალიან აქტიური ფაზაა. თუ ადრე რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს სამხედრო ძალით იპყრობდა, ახლა სხვა ტაქტიკითაც მოქმედებს - ახლა ჩვენს ცნობიერებას იპყრობს. ამის მიზანია საქართველოს მოსახლეობა ფსიქოლოგიურად დანებდეს და ვიქცეთ კაპიტულანტ ერად, რომლის სამხედრო-პოლიტიკური დაპყრობა, ალბათ, აღარც დასჭირდება, მაგრამ თუ დასჭირდა, კრემლისთვის ეს უმარტივესი - ერთი დღის ამოცანა იქნება...

- ანუ მცოცავი ოკუპაციაც ჰიბრიდული ომის ნაწილია? - ჩვენ ბევრი მიმართულებიდან გვიტევენ. მაგალითად, ცდილობენ ყველანაირად არარაობად გვაგრძნობინონ თავი. ამის ნათელი მაგალითია გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესი -

ერთია, როდესაც მავთულხლართებს ოკუპანტი ავლებს დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მეორე, როდესაც სახლებში უვარდება მოსახლეობას და აიძულებს მათ კარ-მიდამო მიატოვონ. ეს ხდება ჩვენ თვალწინ, ამას მთელი ერი უყურებს და უსუსურობისგან ლამის ხელები დავიჭამოთ.

ამ ყველაფერზე ჩვენი ხელისუფლების პასუხი, ფაქტობრივად, არ ჩანს. ეს კი საბოლოოდ ემსახურება იმას, რომ არა მარტო უსუსურობის განცდა გაგვიჩნდეს, არამედ სწორედ არარაობად, არაფრისმაქნის ერად ვიგრძნოთ თავი.

ეს არის უმძიმესი რამ - ქვეყნის, ფაქტობრივად, სრული ოკუპაციისთვის შემზადება. ძალიან მაინტერესებს "ქართული ოცნების" პოლიტიკა ამ ვითარებაში რაში მდგომარეობს. არ დაგავიწყდეთ, ეს არის ხელისუფლება, რომელიც რუსეთთან ყველანაირ დათმობაზე მიდის, მაგრამ ეს რუსეთთან უშედეგოა.

ჰიბრიდული ომის ფორმატშივე ეწერება საქართველოს საზოგადოების გახლეჩა, ერთმანეთზე წაკიდება, ღირებულებების მიზანმიმართული დეგრადაცია, ისეთი თემების შემოგდება, რომლებიც კონფრონტაციას შეიტანს საზოგადოების სხვადასხვა ფენაში - ეს ყველაფერი კლასიკური საინფორმაციო-ფსიქოლოგიური დივერსიის აქტებია. ამ ურთიერთაგრესიის გაღრმავების მიზანია საზოგადოების დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია.

ამას ძალიან კარგად ხედავს ამერიკის შეერთებული შტატები და განსაკუთრებით მისი საელჩო, რომელიც ყოველდღიურად აანალიზებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ძალიან დიდ საფრთხეს ხედავს. სწორედ ამიტომ მოგვიწოდა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ერთიანობისკენ.

ეს ძალიან დიდი საფრთხეა, რადგან კლავს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებზე ერის ორიენტაციის მზაობას და ის სასიცოცხლო ენერგია, რომელიც საზოგადოებამ უნდა მიმართოს ქვეყნის შენებისკენ, რეალურად მიმართულია დაქუცმაცებისა და ერთმანეთის ჩაქოლვისკენ.

- ამიტომაც რა გასაკვირია, რომ ჩნდება ეჭვი, ხელისუფლება მიზანმიმართულად ხომ არ ცდილობს იმგვარი ვითარების შექმნას, რაც ნებით გვათქმევინებს დასავლურ კურსზე უარს? - ვთქვი და გავიმეორებ - რაც დღეს ხდება, არის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური კაპიტულაცია და ამის შესაკავებლად ვერ ვხედავ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას. ჰიბრიდული ომი, სულ მცირე, 7 წელია მიმდინარეობს, კონტრაქციები კი არ ჩანს. სრულად ამის აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება გამკლავების ახალი მეთოდების შემუშავება. ბოლოს და ბოლოს, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების გამოყენება და თავდაცვის ანალოგიური ხერხების შემუშავება შეგვიძლია. ერთადერთი შეკითხვა მაქვს ხელისუფლებასთან, რა მიიღო მან ამ გაუთავებელი დათმობებით?

- დავუბრუნდეთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, როგორ ფიქრობთ, რა პოლიტიკური კონფიგურაცია შეიძლება დალაგდეს როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე მომავალ პარლამენტში? - უპირველესად ვიტყვი, რომ იმედია აშშ 2020 წლის არჩევნებისთვის გარკვეულწილად ხელს შეუწყობს იმგვარი პოლიტიკური კონფიგურაციის დალაგებას, რაც იქნება ქვეყნის პროდასავლური ვექტორის საყრდენი. სხვა შემთხვევაში დასავლეთი დაკარგავს საქართველოს და მასთან ერთად მთელ რეგიონსაც. ამაზე პასუხს ოქტომბერში ამერიკის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირის ვიზიტის დროს გავიგებთ.

დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, საინტერესოდ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი. ამ მოცემულობით მომავალ პარლამენტში 3 შესაძლო კომბინაცია შეიძლება განვიხილოთ.

თუ მიიღეს არჩევნების პროპორციულად ჩატარების წესი, პარლამენტში ბევრი ძალა შევა. სოლიდური უპირატესობით, სავარაუდოდ, შევლენ: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", მათ მოჰყვება "ევროპული საქართველო". შედარებით ნაკლები მასშტაბით წარმოდგენილი იქნებიან: "პატრიოტთა ალიანსი", ალეკო ელისაშვილის მოძრაობა, დავით უსუფაშვილი, "გირჩი", ნინო ბურჯანაძე, ლეიბორისტული პარტია, გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო", ოქრუაშვილ-სანიკიძის ერთობა, ვასაძე, რომელიც თუ რუსეთს დასჭირდება, აუცილებლად შექმნის პარტიას... რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მისი წარმატების მასშტაბი დამოკიდებული იქნება, ვის შემოიკრებს და რამდენად სწორად გაივლის მისთვის დაგებულ მახეებს.

რა მოხდება, თუ "ქართულ ოცნებას" მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა დასჭირდება? მას ექნება 2 პირობითი გზა, პირველი: კოალიცია შექმნას "პატრიოტთა ალიანსთან", ბურჯანაძესა და ვასაძესთან ერთად, რაც, ფაქტობრივად, პრორუსული ვექტორის არჩევა იქნება, და მეორე ალტერნატივაა - კოალიცია "ევროპულ საქართველოსთან", "გირჩსა" და უსუფაშვილთან ერთად, რაც პროდასავლურ ძალებთან გაერთიანებას ნიშნავს.

"ოცნებისთვის" პრობლემა ის არის, რომ პირველი სახის კოალიცია ამერიკისთვის იქნება მიუღებელი, მეორე ვერსია კი, ანუ "ევროპულ საქართველოსთან" ერთად მთავრობის ფორმირება, მისივე ამომრჩევლისთვის. ამიტომ "ოცნებას" რჩება ორი გზა: ან იმგვარი ავტორიტარიზმის გზით წასვლა, რომ სრულად მოასუფთაოს ოპოზიციისგან პოლიტიკური და მედიაველი, ან უნდა ველოდოთ ახალი პოლიტიკური პარტიების გამოჩენას, რომლებთან ერთადაც კოალიციის შეკვრა არც დასავლეთს გააღიზიანებს ზომაზე მეტად და არც "ოცნების" ამომრჩეველს. კოალიციური ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს ამოსუნთქვის საშუალებასაც მისცემს.

თუ დავუკვირდებით, საქართველო შედის ივანიშვილის მმართველობის მესამე სტადიაში, რას ნიშნავს ეს? - პირველი სტადია იყო, როდესაც ივანიშვილის ხელშეწყობით მოვიდა "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში. მას 2008-2009 წლებამდე მასზე დიდი გავლენა ჰქონდა, ანუ ივანიშვილს სხვა პოლიტიკური პარტიის გავლით ჰქონდა გავლენა ქვეყნის მართვასა და ძალაუფლებაზე.

2012 წელს მან გადაწყვიტა ერთპიროვნულად უკვე მისივე შექმნილი ძალის - "ოცნების" მეშვეობით ემართა ქვეყანა. ახლა დგება მესამე სტადია, როდესაც "ოცნების" საშუალებით ერთპიროვნულად მართვის მეთოდი ივანიშვილს ამოეწურა და სხვა ალტერნატივაც არ ჩანს, გარდა 2020 წლიდან კოალიციური მმართველობისა, რაც თეორიულად მას მისცემს საშუალებას დარჩეს მესამე ვადით ქვეყნის რეალურ მმართველად და იმავდროულად, პასუხისმგებლობა გადაანაწილოს სხვა პარტიებზეც. მიეცემა თუ არა მას საშუალება ქვეყნის მესამე, 8-წლიანი ვადით, თუმცა კი განსხვავებული, კოალიციური ფორმატით მართვისა, ამაზე პასუხსაც, ვფიქრობ, ამერიკულ მესიჯებში მოვისმენთ. მნიშვნელოვანია ისიც, შეიქმნება თუ არა სხვა პოლიტიკური ძალებისგან დასავლეთისთვის მისაღები კონფიგურაცია.

პოლიტიკური კონფიგურაციის მეორე ვერსია ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში იმ მასშტაბით შევიდეს, რომ გამწევი ძალა გახდეს. ასეთ შემთხვევაში მის გარშემო თავს მოიყრიან: "ევროპული საქართველო", ნათელაშვილი, გუბაზ სანიკიძე, გიორგი ვაშაძე და შესაძლოა "გირჩიც". თუმცა პროპორციული არჩევნები ოპოზიციურ ელექტორატს იმდენად დაქსაქსავს, რომ "ნაციონალების" მასშტაბური წარმომადგენლობა მომავალ პარლამენტში საარჩევნო გზით შეუძლებელი ხდება.

მესამე კონფიგურაცია ხაზარაძის პოლიტიკური ძალა და მის გარშემო გაერთიანებული პარტიები შეიძლება გახდნენ. ხაზარაძის გარშემო შეიძლება დაჯგუფდეს პარლამენტში შესული ყველა პარტია, გარდა რადიკალური ფრთებისა: ვასაძე- "პატრიოტებისა" და "ნაციონალების".

ახლა რა ნიშაც თავისუფლდება რუსეთიდან იერიშის ფონზე, არის ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეის საფუძველზე პოლიტიკური პროცესის წამოწყება. თუ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებზე ხაზარაძის გამოხმაურებას გავითვალისწინებთ, შესაძლოა მან ეს ნიშაც მოირგოს.

ხაზარაძეს საარჩევნოდ ყველაზე რთული დისტანცია ექნება გასავლელი, რადგან ის სახელისუფლებო საინფორმაციო-მორალური იერიშის მთავარი ადრესატი იქნება. გარდა ამისა, ბანკებთან ხალხის დამოკიდებულებაც არ ასხამს მამუკა ხაზარაძის წისქვილზე წყალს.

გადამწყვეტი მაინც ის იქნება, ვის დაიყენებს გვერდით და განიხილავს თუ არა აშშ მას ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის, თუ ასეთი იქნა, მთავარ სუბიექტად. ასე რომ, წარმატების მაღალ შანსთან ერთად მას აქვს ფალსტარტის დიდი ალბათობაც.