"რუსეთი სპეციალურად ამთხვევს თარიღებს..." - კვირის პალიტრა

"რუსეთი სპეციალურად ამთხვევს თარიღებს..."

საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე კონფიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი: - ეს ოკუპაციის გაგრძელებაა. საინტერესოა, მიმდინარეობდა თუ არა მოლაპარაკებები მეორე მხარესთან. ხშირად ამბობენ, რა მოგვიტანა ამ შეხვედრებმაო? მოლაპარაკებები მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ შენსას მიაღწევ, მაგრამ სინდისი მაინც გექნება სუფთა, რომ სცადე...

როდესაც სავარგულების მიტაცებას იწყებდნენ, ჩვენ მათთან მოლაპარაკებას ვცდილობდით, ვთხოვდით, ხალხს მოსავლის აღება მაინც აცადეთო... ვიცი, ეს არ იყო საკმარისი, მაგრამ... ახლა რასაც რუსეთი აკეთებს, პოლიტიკური უბედურებაა, ვიცით, რომ მას სტიქიასავით ვერაფერი შეაკავებს, მაგრამ ასეთ დროსაც სახელმწიფო ვალდებულია თავის მოქალაქეებს აგრძნობინოს, რომ მარტო არ არიან...

- რამდენად ეფექტიანია ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის როლი ამ ვითარებაში? - ვერ ვიტყვი, რომ პასიურები არიან. მუდმივად ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასეთ ფაქტებზე ყოველთვის რეაგირებენ და ამბობენ, რომ უკანონობაა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თუმცა სხვა მექანიზმი მათ არა აქვთ ისეთ სახელმწიფოსთან შესადავებლად, როგორიც რუსეთია. მიუხედავად ამისა, მათი მხარდაჭერა ცოტას არ ნიშნავს, რადგან რომ გაჩუმდნენ, რუსეთი უარესს იზამს.

გავიხსენოთ, დონბასსა და ყირიმში როგორ უტიფრად იქცევა რუსეთი... ან როგორ იქცევა სირიასა და ვენესუელაში... ყველგან, სადაც ამერიკის ინტერესები იკვეთება, რუსეთი წარმოადგენს შეუვალ, თავხედ და ზღვარგადასულ ძალას, რომელთანაც ყველა ცდილობს თავშეკავებული იყოს, რადგან მასთან არაფერი ჭრის.

- რატომ მაინცდამაინც ახლა, რას ემსახურება საქართველოში რუსეთის გააქტიურება?

- ეს ნერვების ომია. რუსეთი სპეციალურად ამთხვევს ჯერ 2008 წლის 8 აგვისტოს, შემდეგ 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომის დაწყების თარიღს. განგებ არჩევს თარიღებს, რომ ისედაც დაძაბული საზოგადოებრივი განწყობა უფრო გაამწვავოს.

- უკვე ნათელია, რომ ანაკლიის პორტი რუსეთს ცუდად ეჩხირება თვალში. შეიძლება თუ არა ეს პროექტი მის ბოლოდროინდელ აგრესიულ ქმედებებს დავუკავშიროთ? - შესაძლოა, თუმცა ამ პროექტის გარშემო მიმდინარე პროცესები უფრო ჩვენი სამარცხვინო შიდაქმედებების გამოვლინებაა. ისიც აშკარაა, რომ ვიღაც დაინტერესებულია, ეს პორტი სხვის ხელში გადავიდეს. ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მკაცრი გზავნილი - ის ან ამერიკა იქნება, ან ჩინეთი და რუსეთი, არჩევანი საქართველომ უნდა გააკეთოს, ჩვენ ვერაფერს აგიკრძალავთო, ამერიკას გაზსადენის შემდეგ არ გამოუგზავნია. ამ მძიმე რეალობაში რუსეთი განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას, გვტაცებს მიწებს. საქართველო პომპეოს განცხადებას "ატარებს" და ამის ნიშნები ჩანს. ეს არის სამარცხვინო...

ჩვენი ხელისუფლება დამალობანას თამაშობს. საზოგადოებას არა აქვს სრული ინფორმაცია არაფერზე, მაშინ როდესაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი თამაშიდან გადის და არავინ იცის, ვინ შემოდის. არ გამოვრიცხავ, რომ გლობალურ თამაშებში ეს იყოს ბიზნესების გადალაგება ევროატლანტიკურიდან ევრაზიულისკენ, რაც ერთი უბედურებაა, მაგრამ ამაზე დიდი უბედურებაა ხელისუფლების ფარისევლობა. შევარდნაძემაც კი, სანამ დსთ-ში შეგვათრევდა, პირდაპირ განაცხადა, სხვა გამოსავალი არა გვაქვსო. ამას დიდი ხმაური მოჰყვა, მაგრამ... ესენი კი ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ, რაც რუსეთის პირდაპირ აგრესიაზე არანაკლებ საშიშია. როგორ უნდა მოახერხო, რომ პატიოსნებაში შევარდნაძემაც გაჯობოს?! ახლა ბნელ ოთახში ხელის ცეცებით დავდივართ და ჩვენი სამშობლოს ბედს ვარკვევთ, რუსეთი კი ამ დროს ნაწილ-ნაწილ გვტაცებს მიწებს და ხლეჩს საქართველოს. 25 წელი გავიდა, რაც დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და გეოპოლიტიკურ კოორდინატებზე ვერ ჩამოვყალიბდით. პირადად მე ბოლო წლებში პირველად, ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებული პროცესების შემდეგ, მეშინია, პროდასავლური კურსიდან ხომ არ გადავუხვიეთ... თუ ასეა, ქართველმა საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას!