"თუ ადრე რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს სამხედრო ძალით იპყრობდა­, დღეს ჩვენს ცნობიერებას იპყრობს" - კვირის პალიტრა

"თუ ადრე რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს სამხედრო ძალით იპყრობდა­, დღეს ჩვენს ცნობიერებას იპყრობს"

გასულ კვირას საოკუპაციო ხაზთან ვითარება კიდევ ერთხელ უკიდურესად დაიძაბა - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართებისა და რკინის კონსტრუქციების დამონტაჟებით საოკუპაციო საზღვრის გავლება ისე დაიწყეს, რომ ამ უკანონო საზღვარს მიღმა საკარმიდამო ნაკვეთებთან ერთად, რამდენიმე ადგილობრივის სახლიც მოექცა. სამწუხაროდ, ოკუპანტის ასეთი დესტრუქციული მოქმედება, როგორც წესი, გაერთიანების ნაცვლად პრობლემის ერთმანეთზე გადაბრალებისა და ზღვარგადასული კრიტიკის სურვილს გვიჩენს. "ვურჩევდი ყველას, რომ ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ ამ ძალიან რთული პრობლემის დასაძლევად", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა, რომელიც უკანონო გამყოფ ხაზთან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა და მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე "მცოცავ ოკუპაციას" რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰუბრიდული ომის ნაწილად მიიჩნევს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- დღეს ჰიბრიდული ომის ძალიან აქტიური ფაზაა. თუ ადრე რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს სამხედრო ძალით იპყრობდა, ახლა სხვა ტაქტიკითაც მოქმედებს - ახლა ჩვენს ცნობიერებას იპყრობს. ამის მიზანია საქართველოს მოსახლეობა ფსიქოლოგიურად დანებდეს და ვიქცეთ კაპიტულანტ ერად, რომლის სამხედრო-პოლიტიკური დაპყრობა, ალბათ, აღარც დასჭირდება, მაგრამ თუ დასჭირდა, კრემლისთვის ეს უმარტივესი - ერთი დღის ამოცანა იქნება...

- ანუ მცოცავი ოკუპაციაც ჰიბრიდული ომის ნაწილია?

- ჩვენ ბევრი მიმართულებიდან გვიტევენ. მაგალითად, ცდილობენ ყველანაირად არარაობად გვაგრძნობინონ თავი. ამის ნათელი მაგალითია გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესი - ერთია, როდესაც მავთულხლართებს ოკუპანტი ავლებს დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მეორე, როდესაც სახლებში უვარდება მოსახლეობას და აიძულებს მათ კარ-მიდამო მიატოვონ. ეს ხდება ჩვენ თვალწინ, ამას მთელი ერი უყურებს და უსუსურობისგან ლამის ხელები დავიჭამოთ.

ამ ყველაფერზე ჩვენი ხელისუფლების პასუხი, ფაქტობრივად, არ ჩანს. ეს კი საბოლოოდ ემსახურება იმას, რომ არა მარტო უსუსურობის განცდა გაგვიჩნდეს, არამედ სწორედ არარაობად, არაფრისმაქნის ერად ვიგრძნოთ თავი.

ეს არის უმძიმესი რამ - ქვეყნის, ფაქტობრივად, სრული ოკუპაციისთვის შემზადება. ძალიან მაინტერესებს "ქართული ოცნების" პოლიტიკა ამ ვითარებაში რაში მდგომარეობს. არ დაგავიწყდეთ, ეს არის ხელისუფლება, რომელიც რუსეთთან ყველანაირ დათმობაზე მიდის, მაგრამ ეს რუსეთთან უშედეგოა.

ჰიბრიდული ომის ფორმატშივე ეწერება საქართველოს საზოგადოების გახლეჩა, ერთმანეთზე წაკიდება, ღირებულებების მიზანმიმართული დეგრადაცია, ისეთი თემების შემოგდება, რომლებიც კონფრონტაციას შეიტანს საზოგადოების სხვადასხვა ფენაში - ეს ყველაფერი კლასიკური საინფორმაციო-ფსიქოლოგიური დივერსიის აქტებია. ამ ურთიერთაგრესიის გაღრმავების მიზანია საზოგადოების დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია.

ამას ძალიან კარგად ხედავს ამერიკის შეერთებული შტატები და განსაკუთრებით მისი საელჩო, რომელიც ყოველდღიურად აანალიზებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ძალიან დიდ საფრთხეს ხედავს. სწორედ ამიტომ მოგვიწოდა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ერთიანობისკენ.

ეს ძალიან დიდი საფრთხეა, რადგან კლავს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებზე ერის ორიენტაციის მზაობას და ის სასიცოცხლო ენერგია, რომელიც საზოგადოებამ უნდა მიმართოს ქვეყნის შენებისკენ, რეალურად მიმართულია დაქუცმაცებისა და ერთმანეთის ჩაქოლვისკენ.

- ამიტომაც რა გასაკვირია, რომ ჩნდება ეჭვი, ხელისუფლება მიზანმიმართულად ხომ არ ცდილობს იმგვარი ვითარების შექმნას, რაც ნებით გვათქმევინებს დასავლურ კურსზე უარს?

- ვთქვი და გავიმეორებ - რაც დღეს ხდება, არის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური კაპიტულაცია და ამის შესაკავებლად ვერ ვხედავ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას. ჰიბრიდული ომი, სულ მცირე, 7 წელია მიმდინარეობს, კონტრაქციები კი არ ჩანს. სრულად ამის აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება გამკლავების ახალი მეთოდების შემუშავება. ბოლოს და ბოლოს, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების გამოყენება და თავდაცვის ანალოგიური ხერხების შემუშავება შეგვიძლია. ერთადერთი შეკითხვა მაქვს ხელისუფლებასთან, რა მიიღო მან ამ გაუთავებელი დათმობებით?

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად