"ეგენი ძლიერები მაშინ არიან, როდესაც მალულად აკეთებენ რამეს” - კვირის პალიტრა

"ეგენი ძლიერები მაშინ არიან, როდესაც მალულად აკეთებენ რამეს”

"მართალია, კრების  ჩასატარებლად ხელისუფლება დარბაზს არ გვაძლევს, მაგრამ წყალი არ გაუვა -  25 ნოემბერს "სახალხო კრება" ჩატარდება", - გვითხრა  წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნონა გაფრინდაშვილმა, რომელმაც თვითმხილველთა თქმით,  გასულ კვირას ზუგდიდში კრების ერთ-ერთი მხარდამჭერი მამუკა ბაღათურია, ფაქტობრივად, ხელიდან გამოჰგლიჯა სამართალდამცველებს:

- ზუგდიდში მოსახლეობასთან შესახვედრად თეატრის შენობა არ დაგვითმეს, ამიტომ ქაღალდის კომბინატის დარბაზში ჩავატარეთ კრება...  ზუგდიდიდან გამოვედით თუ არა, მათ, ვინც თვალყურს ადევნებდა ჩვენს მოძრაობას, ეტყობა, სადაც საჭირო იყო, აცნობეს, რომ ქალაქიდან გავედით. მამუკა ბაღათურიას, რომელიც სახალხო კრების მხარდამჭერია და ზუგდიდშიც აქტიურობდა, შინიდან რამდენჯერმე დაურეკეს, გამომძიებელია მოსული, შენი დაკითხვა უნდაო.

მამუკა ბაღათურიასთან ერთად წავედით მის სახლში. ჟურნალისტი ნანა ფაჟავა და ადვოკატიც გამოგვყვნენ. ტელეკამერით რომ დაგვინახეს, გამომძიებელი და კიდევ ორი პირი მანქანაში ჩასხდნენ და გაიქცნენ. გამომძიებელს ადვოკატი იცნობდა და დაურეკა, მამუკა ბაღათურიას დაკითხვა თუ გინდათ, მოვიყვანთო. სანამ დაკითხვაზე შეიყვანდნენ, კარგა ხანს გვალოდინეს. ვიცოდი, დაკითხვის არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ. ეს მის დასაშინებლად გაკეთდა, მაგრამ ზედმეტად აჩქარდნენ. ზუგდიდიდან წასული ვეგონეთ და ჩვენი მხარდამჭერისთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტეს.

რომელ რეგიონშიც ჩავდივართ, ყველგან გვითვალთვალებენ. იმის გამო, რომ ტელეკომპანია "თრიალეთმა" ფილარმონიაში ჩვენი შეკრება სრულად გადასცა, ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს სცემეს, მერე კი შარი მოსდეს, პოლიციას არ დაემორჩილაო და 400-ლარიანი ჯარიმა გადაახდევინეს. ამას ავცდით ზუგდიდში, რადგან ეგენი ძლიერები მაშინ არიან, როდესაც მალულად აკეთებენ რამეს.

- 25 ნოემბერს სახალხო კრება სად ჩატარდება?

- ჯერ კიდევ არ ვიცით. უარი გვითხრეს სპორტის სასახლეზე, უარს გვეუბნებიან სტადიონზეც. თავად ვერ გაურკვევიათ, ვის ეკუთვნის "დინამოს" სტადიონი. ახლა ეკონომიკის სამინისტროში დევს ჩვენი განცხადება და ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ხელისუფლების გასაგონად ვამბობ, რაც უნდა ხელი შეგვიშალონ, კრებას მაინც ჩავატარებთ.

ეს იმიტომ არის აუცილებელი, რომ ხელისუფლებამ სხვა გამოსავალი აღარ დაგვიტოვა, ბრძოლა აუცილებელია, რომ ტოტალიტარული რეჟიმი მოვიშოროთ. იმის გამო, რომ საპენსიო ასაკს ორი წელი მოუმატეს, საფრანგეთში მრავალათასიანი აქციები დაიწყო. საბერძნეთში პოლიციას შემთხვევით შემოაკვდა ერთი ახალგაზრდა და სანამ ხელისუფლება არ გადადგა, სახალხო  მღელვარება არ ჩაწყნარებულა. ჩვენთან ასე არ ხდება, რადგან "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ამაზრზენი სატელევიზიო დაჭერებით, დატერორებით, უდანაშაულო ახალგაზრდების დახოცვით ხალხი დაითრგუნა.

იმთავითვე  რომ გაგვეპროტესტებინა ხელისუფლების უსამართლობა და ერთმანეთს გვერდში დავდგომოდით, აქამდე არ მივიდოდა საქმე. ხალხი ფიზიკურად და მორალურად ნადგურდება. ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაშია ახალგაზრდობა განათლების სისტემის გამო?

- ალბათ, ე. წ. ოროსნების რევოლუციას გულისხმობთ?

- ჩემი შვილიშვილი სკოლას ამთავრებს. თუ მოსწავლეს არ ასწავლი, როგორ უნდა მოსთხოვო გამოცდის ჩაბარება? ეს ხდება იმისთვის, რომ ცოტამ აიღოს საშუალო სკოლის ატესტატი. თუ ატესტატს ვერ აიღებ, ვერ ჩააბარებ უმაღლეს სასწავლებელში. ახალგაზრდობა თუ ვერ ისწავლის, სპეციალისტებიც  არ გვეყოლება. ნელ-ნელა მივყავართ იქით, რომ  საქართველოს ინტელექტი კი არა, მომსახურე პერსონალი დასჭირდეს. ჩემი რჩევაა, ყველა მოსწავლემ თავისი უფლებები დაიცვას.

მათ მაგივრად სხვა ვერ იბრძოლებს.

- ამას წინათ პრეზიდენტმა საშიშ დამნაშავედ მოიხსენია ბადრი პატარკაციშვილი, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა და ხელისუფლება სწორად მოიქცა, მისი მცდელობა რომ აღკვეთაო.

- სააკაშვილის საქციელის და განცხადებების ახსნა-შეფასება შეუძლებელია. ყველანაირ ზღვარს გადასცდა. საფლავში მაინც მოასვენოს ბადრი. გარდაცვლილი უფრო მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე ცოცხალი სააკაშვილი. ასეთი კაცი გამოასალმეს სიცოცხლეს და კიდევ ქვეყნის გადატრიალებას აბრალებენ? დოკუმენტური ფილმი ვნახე ბადრის გაკეთებულ საქმეებზე და შოკში ჩავვარდი, რამდენი რამ ჰქონია გაკეთებული. ისტორია თავის ადგილს მიუჩენს ბადრი პატარკაციშვილსაც და სააკაშვილსაც.

- ოპოზიციის ნაწილი სახალხო კრების იდეას არ ემხრობა და ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შეცვლაზე ლაპარაკობს.

- ხელისუფლება მხოლოდ დროს აჭიანურებს. საარჩევნო კანონმდებლობა რომც შეიცვალოს, თუ არჩევნებს ისევ ვანო მერაბიშვილი ჩაატარებს, რა აზრი აქვს? ერთადერთი ძალა ამ ქვეყანაში ხალხია, ბოლოს და ბოლოს, ერთხელ ვართ ამ ქვეყანაზე და ხომ უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა?! ეს ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ. წინააღმდეგობის ფორმა როგორი იქნება, კრება 25 ნოემბერს გადაწყვეტს. კრება შესთავაზებს ხალხს ბრძოლის ფორმას და დაელოდება მის პასუხს.