სახლი კანარის კუნძულებზე და გუდიაშვილის ფერწერული ტილოები - რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი ქართველი დეპუტატი? - კვირის პალიტრა

სახლი კანარის კუნძულებზე და გუდიაშვილის ფერწერული ტილოები - რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი ქართველი დეპუტატი?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, კობა ნაყოფია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატია.

კობა ნაყოფიამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2019 წლის 29 ივნისს შეავსო. მის საკუთრებაშია ბინები საქართველოში, რუსეთსა და ესპანეთში. უფრო კონკრეტულად კი, ნაყოფია ფლობს 55 კვ.მ ფართობის ბინას მოსკოვში, რომელიც 1995 წელს 56 000 დოლარად შეიძინა, ორ ბინას თბილისში, რომელთა ფართობია 198 კვ.მ და 223,3 კვ.მ და მათი ღირებულება ჯამში 650 000 დოლარია. ის ასევე ფლობს ბინას ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, რომელიც 1995 წელს 50 000 დოლარად აქვს შეძენილი. მემკვიდრეობით მიღებული აქვს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გალში, მის საკურებაშია 14 კვ.მ ფართობის მქონე ავტოფარეხი. 2016 წელს ნაყოფიამ გონიოში შეიძინა მიწის ნაკვეთი 100 000 დოლარად, მასვე ეკუთვნის მშენებარე სახლი გონიოში.

ის ფლობს მსუბუქ ავტომანქანას Mercedes Benz GL 500-ს, რომელიც 2010 წელს 95 000 ევროდ შეიძინა, მის საკუთრებაშია ლადო გუდიაშვილის ორი ფერწერული ტილო, რომლებიც 2006 წელს იყიდა და ჯამში 50 000 დოლარი გადაიხადა.

საანგარიშო პერიოდში, ნაყოფიას "თიბისი ბანკში" 14629,72 დოლარის ოვერდრაფტი ჰქონდა. "ვითიბი ბანკში" 20850,07 ლარის ოვერდრაფტი, საქართველოს ბანკის საბარათე ანგარიშზე კი 27081,43 ლარი.

ნაყოფიას ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 20 00 ლარი.

რაც შეეხება მის სამეწარმეო საქმიანობას, ის არის 100%-იანი წილის მფლობელი შპს Bioneli limited LTD ბრიტანეთი ვირჯინიის კუნძულები, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი მითითებულია ნული დოლარი. ის არის ასევე შპს "გოლდინვესტი თბილისის რეგიონალური ცენტრის" 100%-იანი წილის მფლობელი.

კობა ნაყოფიამ 2018 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე პარლამენტის წევრობისთვის ანაზღაურების სახით აიღო 48 228 ლარი.

დეკლარაციის შევსების მომენტში კობა ნაყოფიას "თიბისი ბანკში" ოვერდრაფტის სახით ჰქონდა 30 000 დოლარი, რომლის გასავალმაც საანგარიშო პერიოდში შეადგინა 4182,87 დოლარი. "ვითიბი ბანკში" ჰქონდა 60 000 ლარის ოვერდრაფტი, რომლის გასავალმაც საანგარიშო პერიოდში 432 ლარი შეადგინა. დეკლარაციის შევსების მომენტში ნაყოფიას გაფორმებული ჰქონდა ლიზინგის ხელშეკრულება 70 000 დოლარის ოდენობოთ, ამ განვადების გასავალმა კი 71 640 ლარი შეადგინა.