"აფხაზეთის მთავრობის უფლებამოსილება კი არ უნდა იზრდებოდეს, არამედ მინიმუმზე დავიდეს - ეს უწყება უკვე მეხუთე ბორბალივითაა" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთის მთავრობის უფლებამოსილება კი არ უნდა იზრდებოდეს, არამედ მინიმუმზე დავიდეს - ეს უწყება უკვე მეხუთე ბორბალივითაა"

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილება კი არ უნდა იზრდებოდეს, არამედ უნდა მცირდებოდეს, მინიმუმზე უნდა დავიდეს, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში, აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. კერძოდ, ზაქარეიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის, ვახტანგ ყოლბაიას მოსაზრებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული უფლებამოსილების ნაწილი ცენტრალური მთავრობიდან დევნილთა სამინისტროს უნდა გადაეცეს, რომელიც აფხაზეთის მთავრობაში დევნილთა დეპარტამენტის ნაცვლად შეიქმნა.

"აფხაზეთის დევნილთა მთავრობა ეს არის უფრო სიმბოლური ფენომენი. იქ უზენაესი საბჭო არის, რომელიც არჩეულია ომამდე, ამიტომ თავის სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. უზენაესს საბჭოს პოლიტიკური დატვირთვა აქვს, პოლიტიკური ლეგიტიმაცია გააჩნია. დანარჩენი კი რაც ხდება : მთავრობა, სამინისტროები... ეს ცოტა ნონსენსი მგონია. პირიქით, მგონია, რომ უნდა მცირდებოდეს მათი უფლებამოსილებები და არ უნდა იზრდებოდეს. მინიმუმზე უნდა დავიდეს, მხოლოდ დეპუტატები უნდა დარჩნენ და მათი აპარატი, მინიმალური ფუნქციებით. ახალი სამინისტროები კი არ უნდა იქმნებოდეს... ის კი არადა, მათ აქვთ ნდობის აღდგენის და შერიგების სამინისტრო. საინტერესოა, როგორ აგვარებენ კონფლიქტებს? - არასდროს მომისმენია მათი ანგარიში.

აფხაზეთის მთავრობის მთელი ფუნქცია უნდა გადაეცეს ცენტრალურ მთავრობას. იქ ჰყავთ ფეხბურთის გუნდები, ანსამბლები, თეატრი... ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ხალხი უმუშევარი რომ არ დარჩეს, გადაჰყვეს თან. გადავიდეს მაგალითად, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ცენტრალურ ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტის სახით და გადაჰყვნენ კადრები. ასე სახელმწიფო სახელმწიფოს დაემსგავსება, ხალხის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. თორემ ეს უწყება უკვე მეხუთე ბორბალივითაა თავისი აღმასრულებელი ფუნქციებით," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. რეორგანიზაციის ფარგლებში ლიკვიდირებულია აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო, ხოლო მისი ფუნქციები გადაეცა აფხაზეთის მთავრობის აპარატს; აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი გაერთიანდა; დაიწყო აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის პროცესი, იუსტიციის დეპარტამენტის ფუნქციები გადაეცა აფხაზეთის შესაბამის დაწესებულებებს; რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს აფხაზეთის მთავრობის აპარატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში. გარდა ამისა, დევნილთა დეპარტამენტი დევნილთა სამინისტროდ გარდაიქმნება.

"ინტერპრესნიუსი"