"გახარიას გაპრემიერებას სერიოზული სირთულეები მოჰყვება" - რამდენად რეალურია სამთავრობო ცვლილებები?
"გახარიას გაპრემიერებას სერიოზული სირთულეები მოჰყვება" - რამდენად რეალურია სამთავრობო ცვლილებები?
ფოტო:გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილი, მაია ცქიტიშვილი, ალეკო ტაბატაძე
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება", უფრო ზუსტად თუ ვიტყვით კი, ბიძინა ივანიშვილი შემოდგომაზე  მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. ერთ-ერთი ვერსიით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვიცე-პრემიერის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა განიხილება, შსს მინისტრად კი - იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძე. რაც შეეხება გიორგი გახარიას, შსს მოქმედი მინისტრი მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამდებობას დაიკავებს, სადაც ის მიმდინარე წლის 30 აპრილს დაინიშნა. არის მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია,
შსს მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი მოიაზრება. ზოგიერთი იმასაც ირწმუნება, რომ პრემიერის პოსტს ისევ ბიძინა ივანიშვილი უბრუნდება. კულუარებში ამბობენ იმასაც, რომ თითქმის უკვე გადაწყვეტილია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბედიც.

საკადრო ცვლილებების შესაძლებლობას არ უარყოფენ პრემიერი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის
თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
"მე ვიყავი, ვარ და ვიქნები "ქართული ოცნების" გუნდის წევრი; რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას. ანალოგიური შინაარსის გახლავთ არჩილ თალაკვაძის განცხადებაც "ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ამ ცვლილებებს ყოველთვის ჰქონდა თავისი რაციონალური არგუმენტები", - განცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამ საკითხებზე  ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება:
რამაზ საყვარელიძე
- შესაძლო საკადრო ცვლილებებს ნამდვილად აქვს ლოგიკა. წინასაარჩევნოდ პარტია ყოველთვის ცდილობს განახორციელოს ცლილებები, რომელთა საშუალებითაც საზოგადოებაში უკეთესად წარმოჩინდება. უბრალოდ დროსა და ვითარებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებლი. როდესაც "ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდა უმრავლესობით მოსვლა, მაშინ ასეთ ცვლილებებს სხვა დატვირთვა ჰქონდა, დღეს როცა საქართველოში კოალიციური მთავრობის აჩრდილი დადის, ასეთი ცვლილებები ბევრ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ადამიანები, რომლებიც შემოდგომაზე შეთავაზებულ პოსტებს დათანხმდებიან, შეიძლება ითქვას, რომ ერთწლიანი მინისტრები იქნებიან. არავინ იცის, ვინ შეინარჩუნებს სავარძელს კოალიციური მთავრობის პირობებში. მგონია, რომ "ქართულ ოცნებას" გაუჭირდება კანდიდატების დათანხმება მინისტრების პოსტებზე.

- პრემიერ-მინისტრის პოსტზე, გავრცელებული ვერსიებიდან თქვენ ვისი კანდიდატურა უფრო რეალურად მიგაჩნიათ?

- უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ შესაძლოა ივანიშვილი ისევ დაუბრნდეს პრემიერის სავარძელს, თუმცა მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. "ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან", მით უფრო ივანიშვილი არ შევა, ეს არ არის მისი სტილი. თავის დროზე, საკუთარი სურვილით მიატოვა პრემერის პოსტი. ისიც ხომ ვიცით, რატომ მოიქცა ასე? თავად თქვა, პოლიტიკაში ყოფნა ჩემთვის არაკომფორტულიაო. ეს მოტივი დღესაც ძალაში რჩება... პოლიტიკა, თანაც პრემიერის პოსტი, რომელსაც დიდი დრო და ენერგია უნდა შეალიო, მისთვის არაკომფორტულია.

რაც შეეხება გახარიას, მის შესაძლო გაპრემიერებას, ვფიქრობ, სერიოზული სირთულეები მოჰყვება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა "ოცნების" ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა გამოწვევად აღიქვას და იფიქროს, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივ აზრს უგულვებელჰყოფს. სხვა მხრივ, გახარიას ორგანიზატორული ნიჭიც აქვს და მრავალმხრივი გამოცდილებაც - ეკონომიკურ თუ ძალოვანი სტრუქტურების სფეროში. როცა შსს მინისტრად დანიშნეს, მაშინ ვიფიქრე, რომ პრემიერობისთვის ამზადებდნენ, მაგრამ მერე მოვლენები ისე განვითარდა, რომ მგონია, "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ასეთი პრობლემური ფიგურის დაწინაურებას მოერიდება. მე ყველაზე რეალურად მაინც მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა მიმაჩნია. მის მიმართ საზოგადოება უარყოფითად არ არის განწყობილი (თუ არ ჩავთლით ბოლო პერიდოში, მის მიერ გაკეთებულ უტაქტო განცხადებებს) სხვა მხრივ, ცქიტიშვილი ყოველთვის ტოვებს გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას, რასაც დღეს  ქართულ პოლიტიკაში ოქროს ფასი აქვს.

- შინაგან საქმეთა მინისტრის სავარაუდო კანდიდატებზე რას იტყვით?

- ვინ გახდება შს მინისტრი, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოტივით იხელმძღვანელებს "ქართული ოცნება". თუ არჩევანს პროფესინალიზმსა და საქმის რეალურად კეთებაზე შეაჩერებენ, მინისტრის პოსტზე ალეკო ტაბატაძეს ვიხილავთ.
ღარიბაშვილის შემთხვევაში აშკარა გახდება პოლიტიკური მდგენელის წინა პლანზე წამოწევა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ღარიბაშვილი თავის დროზე საკმაოდ კარგად მუშაობდა შს მინისტრის პოსტზე. მე თუ მკითხავთ, შეცდომა იყო, ხელი რომ სტაცეს და პრემიერის პოსტზე გადმოიყვანეს. შესაძლოა, ახლა ამ შეცდომის გამოსწორებასაც შეეცადონ. თან ამას პოლიტიკური დატვირთვა ექნება. მისი შს მინისტრის პოსტზე ხილვა, ნიშნავს "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეურიგებელ ბრძოლას. აქ კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. როგორც მოგახსენეთ, რთული იქნება ერთწლიანი მინისტრის პოსტზე კანდიდატების დაყოლიება. ღარიბაშვილი კი სავარაუდოდ, თავპატიჟს არ გაიდებს, მგონია, რომ ის ივანიშვილის მიერ შეთავაზებულ ყველა ტიპის საქმიანობას დასთანხმდება. ახლა რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის პოსტს. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა მოტივით შეიძლება შეიცვალოს მინისტრი. ეს ისეთი დარგია, სადაც ვერც წარმატების მომტანი იქნება ვინმე და ვერც წარუმატებლობის მიზეზი.

- ზოგადად რას ფიქრობთ, ამ ერთი წლის განმავლობაში რა დივიდენდები შეიძლება მოუტანონ საკუთარ პარტიას ახალდანიშნულმა მინისტრებმა?
- ერთ წელიწადი კი არა, ზოგიერთ მინისტრს ოთხი წელიც არ ჰყოფნის შედეგის დასადებად. ასე, რომ ეჭვი მეპარება 2020 წლის არჩევნებამდე რომელიმე მინისტრმა რეალურად მოასწროს საქმის გაკეთება. თუმცა, ამ ცვლილებების მიზანი არც არის რეალური შედეგის მოტანა. ახალი საკადრო ცვლილებით "ქართულ ოცნებას" სურს ამომრჩეველს დაანახოს, რომ იმაზე უკეთესი რესურსი აქვს საქმის გასაკეთებლად, ვიდრე აქამდე იყენებდა. სულ ეს არის...

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)

ალექს
22 აგვისტო 2019 08:36
სამწუხაროდ ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსი გაიწურა ემიგრაციაში,იქ იწვრთნებაო ,ნეტამც !
აქ დარჩენილს უტევს სოციალური სენი- არყომანია,ნარკომანია,ლუდომანია !
ვცოტავდებით !
ვინ უნდა განახორციელოს დამოუკიდებლობა ,რომ ვიძახით რუსეთზე და აშშ-ზე დამოკიდებული ვართო ?
რომელიმემ დაგვაძალა მათი ნორმები მიგვეღო,პწკართა შუა წაუკითხავად,მექანიკურად გვეთარგმნა და დაგვეკანონებინა ?!
თუ გავიაზრეთ შედეგი ქართულ მენტალურ გარემოში რა შედეგს მოიტანდა უცხო მენტალობის სამართლებრივ ეკონომიკური ნორმებით მექანიკური ინტერვენცია ?!
არა ,ვჯეჯგვეთ პირდაპირ,ახლა გვაქვს ამერიკულ რუსული აჯაფსანდალი,ჰოდა არც კაპიტალიზმია და არც სოციალიზმი-მარაზმია,რაც გვაქვს !
ახლა სულ რომ ბადრი,უსუბი და ამირან დარეჯანიანი მოიყვანო და დალი ლომებით ამ ჩვენს ხელისუფლებაში ,სისტემის შეუცვლელად ,ვერაფერს იზამენ !
დევებს მიხედეთ,დევებს ,სადაა ის ჭინჭრაქა ?!
გააღვიძეთ ბაზალეთის ყრმა!
რა ამბავია ამდენი ძილი ?
ია
21 აგვისტო 2019 13:09
თითქმის უკვე გადაწყვეტილია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბედიცო - სწორი იქნება, მინისტრმა შედეგი უნდა დადოს!
ნათია9
21 აგვისტო 2019 11:56
გახარია არის პატრიოტი ადამიანი და ნუ დამაწერინებთ იმას რასაც ედავებიან, რომ არ მოცილდნენ იმ მთავრობის სახლს და რამდენჯერმე შეუტიეს გახარია ერეკებოდათ? ვაი თქენ პატრონს. გახარია უნდა იყოს შსმ სწორედ, თორემ ამ გაბიზინასტებულ ხალხს, რომელსაც მისი სახელის მეტი აღარაფერი ახსოვთ და სიზმარშიდაც მას ხედავენ თურმე რაღაცა უნდა მოუხერხოთ რომ სხვა სახელის დაძახება ისწავლონ ტორემ სალაპარაკო თემა აღარაფერი აქვთ და მეშინია არ გაგიჟდნენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები