"ჩემი დაწყებული საქმე ბოლოს ზოგმა ორ შაურად დაახურდავა, ზოგმაც მეტად" - კვირის პალიტრა

"ჩემი დაწყებული საქმე ბოლოს ზოგმა ორ შაურად დაახურდავა, ზოგმაც მეტად"

მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ "ქართული პარტიის" შექმნისა და მისი ლიდერების შესახებ გაიგო, ირაკლი ოქრუაშვილმა  განაცხადა: "ჩვენ შეგნებულად ჩავსხედით ერთ ნავში. ან მივალთ ნაპირამდე, ან ყველა ერთად ჩავიძირებით".

რა იმედს უკავშირებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ახალ პოლიტიკურ ერთობას, ირაკლი ოქრუაშვილთან ექს-კლუზიურ ინტერვიუში შეიტყობთ:

- ბატონო ირაკლი, მიგაჩნიათ, რომ "ქართულ პარტიაში" რამდენიმე ლიდერის ერთობა უფრო მოგიტანთ წარმატებას, ვიდრე სხვადასხვა პარტიის ბრძოლა?

- არაერთხელ მითქვამს, რომ ერთობის გარეშე რეჟიმის შეცვლა შეუძლებელია.

პარტიების 99% ბუტაფორიაა და არათუ რეჟიმის შეცვლა არ შეუძლია საკუთარი ძალით, არამედ ნებისმიერი დონის არჩევნების მოგებაც.

საამისოდ ინფრასტრუქტურის ჩონჩხიც კი არ გააჩნიათ. მხოლოდ ტრიბუნა, ოფისი ან კვირაში ერთხელ ბრიფინგის გამართვა არ არის საკმარისი, რომ პარტია გერქვას. ამ დასკვნებიდან გამომდინარე მივედით გაერთიანების აუცილებლობამდე და ეს ადვილი არ იყო ჩვენთვის. მაგრამ დავძლიეთ ყველა წინააღმდეგობა და ის პრიმიტიული საკითხები, რაც ხელის შემშლელი იქნებოდა გაერთიანებისათვის.

სწორედ ამ პრიმიტიულ საკითხებზე კინკლაობას გადააყოლა დღევანდელმა ოპოზიციამ ქვეყანა და აქედან გამომდინარეა, რომ სააკაშვილის რეჟიმი მყარად ზის და არა იმიტომ, რომ ისინი ძლიერები არიან.

უახლოეს მომავალში ამ შეცდომების გათვალისწინებით ვაპირებთ მძლავრი პარტიული მანქანის შექმნას, რაც საშუალებას მოგვცემს ეს რეჟიმი დავასრულოთ. ასეთი მანქანის გარეშე ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ხალხის უიმედობა ისეთ პიკზეა, რომ საპროტესტო ელექტორატის რაოდენობა, რომელიც ადრე დაძახებისთანავე ქუჩაში გამოდიოდა, დღეს 3-5 ათასს არ აღემატება.

- ბრძოლის ახალი ხერხები თუ გექნებათ?

- "ქართული პარტია" ჯერ ქაღალდზე არსებული ორგანიზაციაა, მხოლოდ შესაბამისი გუნდით. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ ორგანიზაცია იქცეს ბრძოლის და სიცოცხლისუნარიან ორგანიზაციად. 24 ნოემბერს დაგეგმილი გვაქვს ყრილობა, სადაც ყველა ორგანიზაციული საკითხი უნდა გადაწყდეს, რაც სწრაფად მოქმედების საშუალებას მოგვცემს. ლიდერებს შორის შეთანხმებით უკვე შევქმენით ისეთი საძირკველი, რაც თავიდან აგვაცილებს ყველა სახის გაუგებრობას.

თითოეულმა ჩვენგანმა გადავდეთ ყოველგვარი ამბიცია, რაც შეიძლება ადამიანს და განსაკუთრებით პოლიტიკოსს ჰქონდეს, რადგან სხვაგვარად მიზანს ვერ მივაღწევთ.

მაგალითად, თუ ვინმესთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ პირადად მე ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი არ მამოძრავებს, იმასაც გეტყვით, რომ არათუ ამაზე არ ვფიქრობ, პარტიის თავმჯდომარეობაზეც კი არ ვაპირებ კენჭისყრას. მხოლოდ პირადი ამბიციების გადადება გახდიდა შესაძლებელს, რომ ოპოზიცია გაერთიანებულიყო და ჩვენ შევქმენით ერთობა, რომელმაც წერტილი დაუსვა მუდმივ ქილიკს, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს გაერთიანებას. ჩვენ ეს შესაძლებელი გავხადეთ სრულიად ურთიერთგამომრიცხავი ადამიანებით.

ვინც ამ ნავში არ მოხვდა, ამბიციებს ვერ გადააბიჯა.

- ხელისუფლების წარმომადგენელთა უმეტესობას კარგად იცნობთ და იქნებ ახსნათ, რაზეა გათვლილი ბოლოდროინდელი  შეტევა საზოგადოებაზე, იქნება ეს ინდმეწარმეების მასობრივად დაპატიმრება, საგადასახადო ტერორი თუ ათასგვარი ჯარიმა. ხალხის მოთმინებას ცდიან თუ უკვე ფიქრობენ, რომ საბოლოოდ გატეხეს?

- ხალხი თავისი პასიურობისა და გულგატეხილობის შედეგს იმკის და ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ არ ირწმუნებენ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთაა. ჩვენ ვითხოვთ, მხოლოდ ერთხელ მოგვცენ ნდობის მანდატი და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება "ადეკვატური"" იქნება მთელი საზოგადოების მიმართ.

- თქვით, ხელისუფლებაში აღარ ვიქნებიო და დასძინეთ, ხელისუფლების წასვლის მერე ქვეყნიდან უამრავი ნაგავი იქნება გასატანიო. ეს ხომ არანაკლებ რთული საქმეა? "ნაგვის გატანაში" მონაწილეობას აღარ მიიღებთ?

- არა მაქვს ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი და არც იმის, რომ პასუხისმგებლობისაგან გარიდებულად გამოვჩნდე. "ნაგვის" გატანაზე" არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმეა, ახალი ნაგავი არ აღმოჩნდეს ხელისუფლებაში ძველის გატანის შემდგომ. მაგ მხრივ შეგიძლიათ იმ დარაჯად ჩამთვალოთ, რომელიც მუდამ იმის ფიქრში იქნება, რომ ხელისუფლებაში აღარ მოხვდნენ ისეთი მედროვეები და შეურაცხადები, როგორიც სააკაშვილი და მისი გუნდია.

ამას კი ხელისუფლებაში ყოფნის გარეშეც შეძლებს ადამიანი. სხვა ამბიცია არ გამაჩნია. ვწუხვარ, რომ ჩემი დაწყებული საქმე ბოლო სამი წლის განმავლობაში ზოგმა ორ შაურად დაახურდავა და ზოგმაც მეტად; აქედან გამომდინარე, დღეს ჩემს განსაკუთრებულ მოვალეობად მიმაჩნია იმის დასრულება, რაც 2007 წლის 25 სექტემბერს დავიწყე და ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი ჩვენი გუნდის პოზიციაა.

- თქვით, ჩვენი მიზანი ხელისუფლების შეცვლააო, ეს ზოგმა რევანშიზმის სურვილად მონათლა. სინამდვილეში რევანშია თუ სხვა რამ?

- ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, ვინ რევანშისტად მიგვიჩნევს და ვინ - მშვიდობის მტრედად. იმ ადამიანებს, ვინც ჩვენში რევანშიზმს ხედავენ, საკითხს ასე დავუყენებ: ან ამ რეჟიმს ეგუებით, ან რევანშიზმს. აირჩიონ, რომელიც სურთ. გაჩეჩილაძე მათ არ მოსწონთ, კიწმარიშვილი არ მოსწონთ, ოქრუაშვილი არ მოსწონთ;

უკაცრავად, მაგრამ მუსიკის მასწავლებლის მიერ შეცვლილი რეჟიმი ვინმეს სადმე უნახავს? ჩვენ არა ვართ სრულყოფილები, სრულყოფილი არც არავინ არის.

- ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკური სპექტრი კეთილგანწყობით შეხვდა "ქართული პარტიის" შექმნას. "ფორუმმა" თქვენთან თანამშრომლობა ეჭვქვეშ დააყენა, ირაკლი ალასანიამ კი თქვენც გაგაკრიტიკათ. ბურჯანაძესა  და "სახალხო კრებასთან" თუ ითანამშრომლებთ?

- სამწუხაროა, რომ ბურჯანაძეს არ აღმოაჩნდა იმის უნარი, ერთ ყველაზე ნაკლებად გავლენიან პოლიტიკურ ჯგუფთან მაინც გამოენახა საერთო ენა, რომ სახალხო კრება მის პარტიულ ღონისძიებად არ გადაქცეულიყო. ამის მერე არათუ ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლების შეცვლას მიაღწიოს, არამედ დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების შეტორტმანებასაც ვერ შეძლებს.

ძალიან ვწუხვარ, რომ 25 ნოემბერს (სახალხო კრების ჩატარების დღე) კიდევ ერთი "საპნის ბუშტი"" გაიბერება და ხალხი კიდევ ერთხელ იმედგაცრუებული წავა სახლში, საერთოდ, თუ გამოვიდა ვინმე.

მჯერა, რომ საზოგადოების ის ძალიან დასაფასებელი ნაწილი, რომელიც კრებასთან არის ასოცირებული, გულით მოწადინებულია ქვეყანაში ეს უბედურება დამთავრდეს, მაგრამ მხოლოდ მათი ძალისხმევა პოლიტიკური სპექტრის გარეშე ფუჭი იქნება. ერთი ნათქვამით და "შემოუერთდი-შემოუერთდის" ძახილით პოლიტიკური ამინდი არ იქმნება, თანაც მაშინ, როდესაც საჯაროდ ამბობ, რომ გაერთიანებას მთავაზობდნენ და უარი ვთქვიო.

რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც სკეპტიკურად შეხვდა ჩვენს გამოჩენას, ისინი ჩემთვის და იმ მიზნისათვის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ,  არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენენ და საჭიროდ არც მიმაჩნია მათზე ლაპარაკი.

- როგორ შეძლებთ ამდენი იმედგაცრუების მერე ხალხი გვერდით დაიყენოთ?

- ჩვენ დავამთავრებთ ამ რეჟიმს, რა ფასადაც უნდა დაგვიჯდეს ეს ბრძოლა. ამას მივიჩნევთ ჩვენს მოვალეობად და ხალხის გულგატეხილობა ხელს ვერ შეგვიშლის. განსაზღვრული დროის განმავლობაში არ იქნება უპრიანი საჯაროდ ლაპარაკი, რას და როდის გავაკეთებთ, მაგრამ ერთ რამეს საჯაროდ დავპირდებით ჩვენს მხარდამჭერებსაც და იმ ხალხსაც, ვისაც იგივე სურვილი ამოძრავებს: ჩვენ იმ გზიდან, რასაც სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა ჰქვია, არ გადავუხვევთ. ჩვენ არ გვჭირდება უსაზღვრო დრო ამისათვის და არ ვაპირებთ ხალხის მუდმივი დაპირებებით კვებას. რამდენიმე თვეა საჭირო, რომ დავანახოთ ყველა გულგატეხილ ადამიანს, რომ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

ამ მიზანს საქართველო ჰქვია და თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, ამას უკვე გულგატეხილობა კი არა, უფრო სხვა სახელი ჰქვია. თითოეული ჩვენგანის ვალია, გადავარჩინოთ საქართველო ამ უბედურებისაგან, რასაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი ჰქვია. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ მიზნის მქონე ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვართ, მაგრამ უჩვენოდ ამ მიზანს ვერავინ მიაღწევს.