"პუტინისთვის სააკაშვილი ისეთი რამაა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი"
21-08-2019
"პუტინისთვის სააკაშვილი ისეთი რამაა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი"
"რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მიმართ კრემლის პოლიტიკის საფუძველი ნაკარნახევია პრეზიდენტ პუტინის პირადი ემოციებით - სააკაშვილი პუტინისთვის ისეთი რამაა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პოლიტიკის ანალიტიკოსმა, საზოგადო მოღვაწემ და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ყოფილმა პროფესორმა, ვალერი სოლოვეიმ განაცხადა.

ის ინტერვიუში გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ დეპუტატ გავრილოვის ვიზიტმა თბილისში რუსულ-ქართული ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა და უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებს რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ.

"ჩემი
აზრით, რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების პოლიტიკა საქართველოს მიმართ უცნაურ ხასიათს ატარებს და არათანმიმდევრულია. რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მიმართ კრემლის პოლიტიკის საფუძველი ნაკარნახევია პრეზიდენტ პუტინის პირადი ემოციებით. როგორც ჩანს, პუტინს მოახსენეს, რომ თბილისში მღელვარებების უკან სააკაშვილი დგას. სააკაშვილი პუტინისთვის ისეთი რამაა, როგორც ხარისთვის წითელი ნაჭერი. ამას მოჰყვა
საკმაოდ მკაცრი განცხადებები. ამას გათვლილ, გააზრებულ და საფუძვლიან პოლიტიკას ვერ დავარქმევდი. პრინციპულად გაუგებარია, რეალურად როგორ უნდა მიაღწიოს რუსეთმა იმას, რისი მიღწევაც უნდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, საერთოდ მიღწევადია თუ არა ეს მიზნები", - განაცხადა სოლოვეიმ.

მანვე ისაუბრა პუტინის შეხვედრაზე აფხაზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში ერთ-ერთ კანდიდატთან, ხაჯიმბასთან შეხვედრაზე.

"საქართველოსთვის აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" ჩამონტაჟებული ნაღმებია. პუტინმა იცის, რომ ეს თემები ქართული საზოგადოებისთვის და პოლიტიკოსებისთვის მანამდე იქნება მტკივნეული და აქტუალური, ვიდრე საქართველო არ ჩათვლის, რომ ისინი მოგვარებულია. ის თვლის, რომ ხაჯიმბასთან შეხვედრით ირიბად გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკაზე. აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" კონფლიქტების პრობლემა ისაა, რომ ისინი საქართველოზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტებად განიხილება. ძნელად წარმოსადგენია რუსეთის ხელისუფლება, რაც არ უნდა ლიბერალური იყოს ის, რომელიც ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობაზე უარს იტყვის და ვალდებულებად აიღებს საქართველოში მათი რეინტეგრაციისათვის ხელის შეწყობას. ვფიქრობ, ეს გამორიცხულია", - განუცხადა სოლოვეიმ "ინტერპრესნიუსს".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?