"პუტინი ყველაზე მწვავე რაღაცეებს აგვისტოში აკეთებს ხოლმე. დღე არ გასულა ბიძინამაც ვიღაც არ დაიჭიროს" - რას წერენ წერეთლისთვის ბრალის წაყენებაზე
"პუტინი ყველაზე მწვავე რაღაცეებს აგვისტოში აკეთებს ხოლმე. დღე არ გასულა ბიძინამაც ვიღაც არ დაიჭიროს" - რას წერენ წერეთლისთვის ბრალის წაყენებაზე
გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

შესაბამისი განცხადება უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით დაიბარეს. ისინი უწყებაში 19:00 საათზე უნდა მივიდნენ.

აღნიშნულ ვითარებას "ფეისბუკში"
საზოგადოებისთვის ცნობილი წარმომადგენლები ეხმაურებიან.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
"ყველაზე საინტერესოა 2-3 ტრანზაქციის გამოძიების ერთი წლის თავზე "ბრალის დაზუსტება". თუ ახლა პროკურატურამ კვალიფიკაცია შეცვალა, ეს წაიკითხება ასე - "ვაშლის მოპარვას ვერ გიმტკიცებ და ამიტომ მსხლის მოპარვას შეგედავები"... ეს იქნება მართლმსაჯულების სისტემის სრული კატასტროფა... იმედია, ამაზე არ არის საუბარი.
გარდა ამისა, ყველა საპროცესო მოქმედება ძველი ბრალდების ფარგლებში მიდიოდა (გირაო და ა.შ.). ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს?"

კახა კოჟორიძე, იურისტი:
"ოცნების შემოქმედებით ჯგუფს მინდა ერთი იდეა მოვაწოდო: სასწრაფოდ შეიტანეთ კანონში ცვლილება და ფულის გათეთრებაში ბრალდებულს აუკრძალეთ ყველა სახის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების უფლება. ხოლო ბრალდებულის შვილს აუკრძალეთ ტელევიზიის ფლობისა და ფუნქციონირების უფლბა. თან იქნებ ეს ყველაფერი აგვისტოში მოასწროთ"
ეკა ბესელია, პარლამენტარი:
"აგვისტოს თვე-ბოლო 11 წელია ასოცირდება ომის თემასთან და სულ მზარავდა ეს განცდა...
ახლა აგვისტო შიდა "ომის " და რევანშის სიმბოლოდ იქცა...
უკიდურესად სახიფათოა ასეთი სვლა!
კეთილგონიერების და რაციონალური გადაწყვეტილებების რესურსი ამოწურა ხელისუფლებამ?
იქნებ დარჩა ვინმე "იქ" ვინც ხვდება და იტყვის, რომ ეს ყველაფერი უკვე ნანახიც და გავლილიც გვაქვს და უბრალოდ კარგად არ სრულდება...
ძალიან მინდა არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ!
სიმშვიდე ძალის გამოყენებით არ მყარდება!!!"

ლევან ალაფიშვილი, იურისტი:
"გეზი რიგგარეშე არჩევნებისკენ? 3% და მაჟორიტარებით? დასუფთავების სამუშაოები სრულდება? საგანგებო მდგომარეობაც რეზერვშია?
ფრთხილად!"

ელენე ხოშტარია, "ევროპული საქართველოს" წევრი:
"აგვისტოში ბევრი სიბინძურის მოსწრება ესეც რუსული სტილია, პუტინი ყველაზე მწვავე რაღაცეებს აგვისტოში აკეთებს ხოლმე.

აგვისტოს დღე არ გასულა ბიძინამაც ვიღაც არ დაიჭიროს, ბრალი არ წაუყენოს, რამე არ დაანგრიოს. დღეს ეხლა TBC და TV1 ჯერია...

ერთი რამე არ გესმით ბატონო ბიძინა, რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ აქ მეტნი ვართ და არ გვეშინია. იხილე გუშინ რუსთავი2 ის ჟურნალისტები და რუსთაველის აქცია"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები