მამუკა ხაზარაძე: "შემიძლია ღმერთის და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ პირნათელი ვართ" - კვირის პალიტრა

მამუკა ხაზარაძე: "შემიძლია ღმერთის და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ პირნათელი ვართ"

შემიძლია ღმერთის და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ როგორც ამ საქმეში, ასევე მთელი ჩვენ მოღვაწეობის განმავლობაში პირნათელი ვართ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში, ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ რამის გვეშინია, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც მას დაზუსტებული ბრალი გააცნეს. ხაზარაძის განცხადებით, მას და ბადრი ჯაფარიძეს არც ყადაღის ეშინიათ და არც სხვა რამის.

მან „ქართული ოცნების“ ზოგიერთ წარმომადგენელს კითხვით მიმართა, მოსწონთ თუ არა ის მართლმსაჯულება, რაც დღე საქართველოშია და არის თუ არა ეს ის, რაც მათ უცხოეთში განათლების მიღებისას ისწავლეს.

„ჩემი და ბადრის ცხოვრებისა და ბიზნეს მოღვაწეობის განმავლობაში არასდროს არ დაგვირღვევია კანონი, არ მოგვიტყუებია ბიუჯეტი, არ მოგვიტყუებია ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორები. შემიძლია ღმერთის და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ როგორც ამ საქმეში, ასევე მთელი ჩვენ მოღვაწეობის განმავლობაში პირნათელი ვართ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში. ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ რამის გვეშინია, ან ყადაღის დადების ან ნებისმიერი ქმედების. მე მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ იმ ახალგაზრდა წევრებს, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს, დახარჯეს ოთხი ან მეტი წელი დემოკრატიისა და მართლმსაჯულების სწავლაში და ჰქონდათ სურვილი, რომ თავიანთ ქვეყანაში მსგავსი სიტუაცია შეექმნათ. ჩვენ მაშინ ამ ხალხს მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ გვეგონა, ეს ამ პარტიის ის ნაწილია, რომელიც ამ ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანდა. მე მინდა მათ ვკითხო, ეს არის ის განათლება? ასეთი სახელმწიფო ნახეთ თქვენ იმ ქვეყნებში და ამ ცოდნით დაბრუნდით გაჩუმებულები რომ ხართ? ასეთი მართლმსაჯულება მოგწონთ, რაც დღეს ხდება? არაფერს არ ამოვფარებულვართ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.