"თუ ხაზარაძე მკაფიოდ გამოხატავს პოზიციას, რომ საქართველოს მომავალს ივანიშვილის გარეშე ხედავს, თანამშრომლობა შესაძლებლად მიგვაჩნია"
23-08-2019
"თუ ხაზარაძე მკაფიოდ გამოხატავს პოზიციას, რომ საქართველოს მომავალს ივანიშვილის გარეშე ხედავს, თანამშრომლობა შესაძლებლად მიგვაჩნია"
ხაზარაძის პოლიტიკური ძალა, ვფიქრობ, კონკურენტუნარიანი იქნება, თუმცა მან მთავარ კითხვას უნდა გასცეს პასუხი - გამორიცხავს თუ არა ბიძინა ივანიშვილის "ქართულ ოცნებასთან" ერთად კოალიციურ ხელისუფლებას,- ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა დავით ბერძენიშვილმა, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ მიზნებთან და მის მიერ პარტიის შექმნის დაანონსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, მისი პარტია მამუკა ხაზარაძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, თუ ბიზნესმენი მკაფიოდ დააფიქსირებს საკუთარ აზრს "ქართულ ოცნებასთან", თუ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპული საქართველოსთან"
ერთად შეუძლია კოალიციის ჩამოყალიბება.

პოლიტიკოსის თქმით, იქნება თუ არა ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის პარტია მესამე ძალა, ამას დრო აჩვენებს.

"პოზიტიურად ვაფასებ მამუკა ხაზარაძის ინიციატივას. ერთგვარად დაგვიანებულადაც. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო მამუკა ხაზარაძის ოპოზიციაში გარიცხვა და ეს შეძლო ივანიშვილმა მისი მმართველობის დასასრულს. პირველად, საქართველოს პოსტსაბჭოთა ისტორიაში
იქმნება რეალობა, როცა ხელისუფლების მოწინააღმდეგე, დომინანტი პოლიტიკური ძალა არ არსებობს. პოლიტიკური პლურალიზმის კონტექსტში ხაზარაძის პოლიტიკური ძალა, ვფიქრობ, იქნება კონკურენტუნარიანი გახდეს ერთ-ერთ შემადგენელი ქართული ოპოზიციური სპექტრის. მესამე პარტია იქნება თუ მეოთხე ამას დრო გამოაჩენს, მაგრამ ის, რომ შეუძლია შექმნას ისეთი ორგანიზაცია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საქართველოს მომავალი კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბების საქმეში, ეს გასაგებია",- განაცხადა ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილი იმედოვნებს, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში შემოსვლისთვის ისეთ იაფფასიან ტყუილს არ გამოიყენებს, როგორიცაა, მაგალითად ის, რომ არჩევნების მოგებას ვინმესთან ალიანსის გარეშე შეძლებს.

"ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძის მიმართ, ასევე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ფიგურის მიმართ ძალიან მკაფიო კითხვები აქვს პროდასავლურ ოპოზიციას. გამორიცხავს თუ არა ბიძინა ივანიშვილის "ქართულ ოცნებასთან" ერთად კოალიციურ ხელისუფლებას. თუ მამუკა ხაზარაძეს ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი აქვს და უნდა ვივარაუდოთ, რომ წესით უნდა ჰქონდეს, მაშინ ეს ყველაფერი პოზიტიური იქნება. თუ ხაზარაძის პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის "ქართულ ოცნებასთან" კონფიგურაციაში დაინახავდა ქვეყნის მომავალ ხელისუფლებას, მაშინ ეს არაფერი პოზიტივი იქნება. ვვარაუდობ, რომ ივანიშვილისთვის ხაზარაძე მაშველი რგოლი ვერ იქნება. თუ ის მკაფიოდ გამოხატავს პოზიციას, რომ საქართველოს მომავალს ხედავს ბიძინა ივანიშვილის გარეშე, მაშინ, თანამშრომლობა შესაძლებლად მიგვაჩნია მომავალ პარლამენტში. ძალიან მკაფიო პასუხი იქნება გასაცემი - "ქართულ ოცნებასთან" ერთად შეუძლია მამუკა ხაზარაძის პარტიას თუ ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ჯგუფს კოალიციის ჩამოყალიბება, თუ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" მონაწილეობით შეუძლია კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება. არც "ნაცებთან" და არც "ქოცებთან" ერთად ვიქნები, გულუბრყვილო, არასერიოზული და მატყუარა პასუხია. იმედი მაქვს, ხაზარაძის კვალიფიკაცია საკმაოა იმისთვის, რომ პოლიტიკაში შემოსასვლელად ასეთი იაფფასიანი ტყულებით არ გამოვიდეს და არ თქვას, ისე მოვიგებ არჩევნებს არც "ნაცები" დამჭირდება და არც "ქოცებიო",- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ 22 აგვისტოს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის პოლიტიკაში ერთვება და პარტიას ქმნის.

"ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით - იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის,- აღნიშნა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს ბრალი აქვს წაყენებული და პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები