მარატ კულახმეტოვი: "რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზა "სამხრეთ ოსეთის" უსაფრთხოებას უზრუნველყოფს" - კვირის პალიტრა

მარატ კულახმეტოვი: "რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზა "სამხრეთ ოსეთის" უსაფრთხოებას უზრუნველყოფს"

რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზა "სამხრეთ ოსეთის" უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ე.წ. ელჩი მარატ კულახმეტოვი. ამის შესახებ სააგენტო "რეს"-ი იუწყება.

კულახმეტოვის თქმით, საქართველოს თანამშრომლობა ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ამერიკასთან რუსეთის მხარის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფება.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვრეაგირებთ. მეოთხე სამხედრო ბაზა, რომელიც "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზეა დისლოცირებული, რესპუბლიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ხოლო რუსეთის "ეფ-ეს-ბე"-ს სასაზღვრო სამმართველო საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარს აკონტროლებს. ჩვენი თანამშრომლობის ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელთა და შესაბამისი სტრუქტურების კონტროლს ქვეშაა", - განაცხადა კულახმეტოვმა.

მისი თქმით, 2008 წლის მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული დასკვნები გამოტანილია. "მთავარია, რომ თერთმეტი წლის განმავლობაში "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე მშვიდობაა, ადამიანებს არ ესმით სროლის ხმა, საღამოობით ქუჩაში ბევრი ხალხია, ბავშვები მშვიდად თამაშობენ. ეს ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია უსაფრთხოების სფეროში", - აღნიშნა კულახმეტოვმა.