"ბორდერიზაციის" ბოლო შემთხვევა 20 ივნისის მოვლენებზე რუსეთის შესაძლო პასუხია" - კვირის პალიტრა

"ბორდერიზაციის" ბოლო შემთხვევა 20 ივნისის მოვლენებზე რუსეთის შესაძლო პასუხია"

გუგუტიანთკარში დაწყებული "ბორდერიზაციის" ბოლო შემთხვევა 20 ივნისის მოვლენებზე რუსეთის რეაქციის ნაწილია,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა კენეტ იალოვიცმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას განუცხადა.

კენეტ იალოვიცი მიიჩნევს, რომ "ყველაფერი იმის საჩვენებლად კეთდება, წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობა, გააკეთონ რაც სურთ და როცა სურთ".

"ვფიქრობ, რომ "ბორდერიზაციის" გააქტიურება, შესაძლოა იყოს იმ რუსული რეაქციის ნაწილი, რომელიც თბილისში, ივნისში მოხდა. რა თქმა უნდა, რუსები უკმაყოფილო არიან იმ ანტირუსული დემონსტრაციებით, რომელიც თბილისში მიმდინარეობს. ფრენების აკრძალვაც ამის ნაწილი იყო. ყველაფერი იმის საჩვენებლად კეთება, რომ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობა, გააკეთონ რაც სურთ და როცა სურთ. ასევე, იმის დემონსტრირებისთვისაც, რომ თუ საქართველოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დაბრუნება სურს, ეს მხოლოდ რუსეთის გავლით მოხდება. ერთ-ერთ გამოსავლად ქართველებს შევთავაზეთ, რომ ჩაეტარებინათ ადგილობრივი სამუშაოები, არა მავთულხლართების ან ღობის, არამედ რაიმე სხვა ტიპის თვალსაჩინო მაჩვნებლების სახით. ამ შემთხვევაში, რუსების მიერ ამ მონიშნვების უგულვებელყოფა უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენდა მათ საქმიანობას. ამ შემოთავაზებაში სირთულე ისაა, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება ისე იქნას აღქმული, თითქოს, საქართველომ რუსეთის მიერ ამ ტერიტორიის ოკუპაცია სამუდამოდ აღიარა. ამიტომაც, ეს მხოლოდ შეთავაზებაა და მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო გზა",- განაცხადა ყოფილმა ელჩმა.

იალოვიცის თქმით, საქართველომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ნდობის მოპოვებაზე მეტად უნდა იმუშაოს, რაც ბევრი სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება გამოიხატოს.

"გაოგნებული ვარ იმით, რაც დნესტრისპირეთში მოხდა. მათ შეძლეს, რომ ევროპულ ბაზარზე გასულიყვნენ მოლდოვის დახმარებით. ჩემთვის ესეც არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იფიქროს საქართველოს ხელისუფლებამ. შეიძლება იმ საკითხზე დაფიქრებაც, შეუძლია თუ არა აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს ჰქონდეს რაიმე ტიპის წვდომა ევროპულ ბაზარზე საქართველოს გავლით. რუსები, ალბათ, მკაცრად უარყოფენ ასეთ ვარიანტს. მეტიც, შესაძლოა, თავად ამ რეგიონებმაც უარი თქვან ასეთ შემოთავაზებაზე. მთავარი აქ ისაა, რომ ეს ქმედებები დაანახებდა ყველას, რომ საქართველო მშვიდობიან ნაბიჯებს დგამს",- აცხადებს იალოვიცი.

აშშ-ის კიდევ ერთი ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი კი, "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში აცხადებს, რომ "ბორდერიზაცია" ქვეყნისთვის ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად, სტრატეგიულ საფრთხესაც წარმოადგენს.

"უმნიშვნელოვანესია, რომ ბორდერიზაცია არ მივიდეს იქამდე, რომ საფრთხე შეუქმნას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციას. თუ ეს მოხდება, მაშინ ეკონომიკური და უსაფრთხოების შედეგები საქართველოსთვის ბევრად უფრო სერიოზული იქნება",- განაცხადა კორტნიმ.

"ინტერპრესნიუსი"