"თუ დავუკვირდებით, საქართველო შედის ივანიშვილის მმართველობის მესამე სტადიაში, რას ნიშნავს ეს?" - კვირის პალიტრა

"თუ დავუკვირდებით, საქართველო შედის ივანიშვილის მმართველობის მესამე სტადიაში, რას ნიშნავს ეს?"

ექსპერტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გასავლელი გზა საკმაოდ რთული იქნება, რა პოლიტიკური კონფიგურაცია შეიძლება დალაგდეს როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე მომავალ პარლამენტში? - გვესაუბრება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

- უპირველესად ვიტყვი, რომ იმედია აშშ 2020 წლის არჩევნებისთვის გარკვეულწილად ხელს შეუწყობს იმგვარი პოლიტიკური კონფიგურაციის დალაგებას, რაც იქნება ქვეყნის პროდასავლური ვექტორის საყრდენი. სხვა შემთხვევაში დასავლეთი დაკარგავს საქართველოს და მასთან ერთად მთელ რეგიონსაც. ამაზე პასუხს ოქტომბერში ამერიკის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირის ვიზიტის დროს გავიგებთ.

დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, საინტერესოდ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი. ამ მოცემულობით მომავალ პარლამენტში 3 შესაძლო კომბინაცია შეიძლება განვიხილოთ.

თუ მიიღეს არჩევნების პროპორციულად ჩატარების წესი, პარლამენტში ბევრი ძალა შევა. სოლიდური უპირატესობით, სავარაუდოდ, შევლენ: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", მათ მოჰყვება "ევროპული საქართველო". შედარებით ნაკლები მასშტაბით წარმოდგენილი იქნებიან: "პატრიოტთა ალიანსი", ალეკო ელისაშვილის მოძრაობა, დავით უსუფაშვილი, "გირჩი", ნინო ბურჯანაძე, ლეიბორისტული პარტია, გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო", ოქრუაშვილ-სანიკიძის ერთობა, ვასაძე, რომელიც თუ რუსეთს დასჭირდება, აუცილებლად შექმნის პარტიას... რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მისი წარმატების მასშტაბი დამოკიდებული იქნება, ვის შემოიკრებს და რამდენად სწორად გაივლის მისთვის დაგებულ მახეებს.

რა მოხდება, თუ "ქართულ ოცნებას" მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა დასჭირდება? მას ექნება 2 პირობითი გზა, პირველი: კოალიცია შექმნას "პატრიოტთა ალიანსთან", ბურჯანაძესა და ვასაძესთან ერთად, რაც, ფაქტობრივად, პრორუსული ვექტორის არჩევა იქნება, და მეორე ალტერნატივაა - კოალიცია "ევროპულ საქართველოსთან", "გირჩსა" და უსუფაშვილთან ერთად, რაც პროდასავლურ ძალებთან გაერთიანებას ნიშნავს.

"ოცნებისთვის" პრობლემა ის არის, რომ პირველი სახის კოალიცია ამერიკისთვის იქნება მიუღებელი, მეორე ვერსია კი, ანუ "ევროპულ საქართველოსთან" ერთად მთავრობის ფორმირება, მისივე ამომრჩევლისთვის. ამიტომ "ოცნებას" რჩება ორი გზა: ან იმგვარი ავტორიტარიზმის გზით წასვლა, რომ სრულად მოასუფთაოს ოპოზიციისგან პოლიტიკური და მედიაველი, ან უნდა ველოდოთ ახალი პოლიტიკური პარტიების გამოჩენას, რომლებთან ერთადაც კოალიციის შეკვრა არც დასავლეთს გააღიზიანებს ზომაზე მეტად და არც "ოცნების" ამომრჩეველს.

კოალიციური ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს ამოსუნთქვის საშუალებასაც მისცემს.

თუ დავუკვირდებით, საქართველო შედის ივანიშვილის მმართველობის მესამე სტადიაში, რას ნიშნავს ეს? - პირველი სტადია იყო, როდესაც ივანიშვილის ხელშეწყობით მოვიდა "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში. მას 2008-2009 წლებამდე მასზე დიდი გავლენა ჰქონდა, ანუ ივანიშვილს სხვა პოლიტიკური პარტიის გავლით ჰქონდა გავლენა ქვეყნის მართვასა და ძალაუფლებაზე.

2012 წელს მან გადაწყვიტა ერთპიროვნულად უკვე მისივე შექმნილი ძალის - "ოცნების" მეშვეობით ემართა ქვეყანა.

ახლა დგება მესამე სტადია, როდესაც "ოცნების" საშუალებით ერთპიროვნულად მართვის მეთოდი ივანიშვილს ამოეწურა და სხვა ალტერნატივაც არ ჩანს, გარდა 2020 წლიდან კოალიციური მმართველობისა, რაც თეორიულად მას მისცემს საშუალებას დარჩეს მესამე ვადით ქვეყნის რეალურ მმართველად და იმავდროულად, პასუხისმგებლობა გადაანაწილოს სხვა პარტიებზეც. მიეცემა თუ არა მას საშუალება ქვეყნის მესამე, 8-წლიანი ვადით, თუმცა კი განსხვავებული, კოალიციური ფორმატით მართვისა, ამაზე პასუხსაც, ვფიქრობ, ამერიკულ მესიჯებში მოვისმენთ. მნიშვნელოვანია ისიც, შეიქმნება თუ არა სხვა პოლიტიკური ძალებისგან დასავლეთისთვის მისაღები კონფიგურაცია.

პოლიტიკური კონფიგურაციის მეორე ვერსია ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში იმ მასშტაბით შევიდეს, რომ გამწევი ძალა გახდეს. ასეთ შემთხვევაში მის გარშემო თავს მოიყრიან: "ევროპული საქართველო", ნათელაშვილი, გუბაზ სანიკიძე, გიორგი ვაშაძე და შესაძლოა "გირჩიც". თუმცა პროპორციული არჩევნები ოპოზიციურ ელექტორატს იმდენად დაქსაქსავს, რომ "ნაციონალების" მასშტაბური წარმომადგენლობა მომავალ პარლამენტში საარჩევნო გზით შეუძლებელი ხდება.

მესამე კონფიგურაცია ხაზარაძის პოლიტიკური ძალა და მის გარშემო გაერთიანებული პარტიები შეიძლება გახდნენ. ხაზარაძის გარშემო შეიძლება დაჯგუფდეს პარლამენტში შესული ყველა პარტია, გარდა რადიკალური ფრთებისა: ვასაძე- "პატრიოტებისა" და "ნაციონალების".

ახლა რა ნიშაც თავისუფლდება რუსეთიდან იერიშის ფონზე, არის ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეის საფუძველზე პოლიტიკური პროცესის წამოწყება. თუ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებზე ხაზარაძის გამოხმაურებას გავითვალისწინებთ, შესაძლოა მან ეს ნიშაც მოირგოს.

ხაზარაძეს საარჩევნოდ ყველაზე რთული დისტანცია ექნება გასავლელი, რადგან ის სახელისუფლებო საინფორმაციო-მორალური იერიშის მთავარი ადრესატი იქნება. გარდა ამისა, ბანკებთან ხალხის დამოკიდებულებაც არ ასხამს მამუკა ხაზარაძის წისქვილზე წყალს.

გადამწყვეტი მაინც ის იქნება, ვის დაიყენებს გვერდით და განიხილავს თუ არა აშშ მას ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის, თუ ასეთი იქნა, მთავარ სუბიექტად. ასე რომ, წარმატების მაღალ შანსთან ერთად მას აქვს ფალსტარტის დიდი ალბათობაც. იხილეთ სრულად