"თუ დავუკვირდებით, საქართველო შედის ივანიშვილის მმართველობის მესამე სტადიაში, რას ნიშნავს ეს?"
25-08-2019
"თუ დავუკვირდებით, საქართველო შედის ივანიშვილის მმართველობის მესამე სტადიაში, რას ნიშნავს ეს?"
ექსპერტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გასავლელი გზა საკმაოდ რთული იქნება, რა პოლიტიკური კონფიგურაცია შეიძლება დალაგდეს როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე მომავალ პარლამენტში? - გვესაუბრება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

- უპირველესად ვიტყვი, რომ იმედია აშშ 2020 წლის არჩევნებისთვის გარკვეულ­წილად ხელს შეუწყობს იმგვარი პოლიტიკური კონფიგურაციის დალაგებას, რაც იქნება ქვეყნის პროდასავლური ვექტორის საყრდენი. სხვა შემთხვევაში დასავლეთი დაკარგავს საქართველოს და მასთან ერთად მთელ რეგიონსაც. ამაზე პასუხს ოქტომბერში ამერიკის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირის ვიზიტის
დროს გავიგებთ.

დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, საინტერესოდ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი. ამ მოცემულობით მომავალ პარლამენტში 3 შესაძლო კომბინაცია შეიძლება განვიხილოთ.

თუ მიიღეს არჩევნების პროპორციულად ჩატარების წესი, პარლამენტში ბევრი ძალა შევა. სოლიდური უპირატესობით, სავარაუდოდ, შევლენ: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", მათ მოჰყვება "ევროპული საქართველო". შედარებით ნაკლები მასშტაბით წარმოდგენილი
იქნებიან: "პატრიოტთა ალიანსი", ალეკო ელისაშვილის მოძრაობა, დავით უსუფაშვილი, "გირჩი", ნინო ბურჯანაძე, ლეიბორისტული პარტია, გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო", ოქრუაშვილ-სანიკიძის ერთობა, ვასაძე, რომელიც თუ რუსეთს დასჭირდება, აუცილებლად შექმნის პარტიას... რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მისი წარმატების მასშტაბი დამოკიდებული იქნება, ვის შემოიკრებს და რამდენად სწორად გაივლის მისთვის დაგებულ მახეებს.

რა მოხდება, თუ "ქართულ ოცნებას" მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა დასჭირდება? მას ექნება 2 პირობითი გზა, პირველი: კოალიცია შექმნას "პატრიოტთა ალიანსთან", ბურჯანაძესა და ვასაძესთან ერთად, რაც, ფაქტობრივად, პრორუსული ვექტორის არჩევა იქნება, და მეორე ალტერნატივაა - კოალიცია "ევროპულ საქართველოსთან", "გირჩსა" და უსუფაშვილთან ერთად, რაც პროდასავლურ ძალებთან გაერთიანებას ნიშნავს.

"ოცნებისთვის" პრობლემა ის არის, რომ პირველი სახის კოალიცია ამერიკისთვის იქნება მიუღებელი, მეორე ვერსია კი, ანუ "ევროპულ საქართველოსთან" ერთად მთავრობის ფორმირება, მისივე ამომრჩევლისთვის. ამიტომ "ოცნებას" რჩება ორი გზა: ან იმგვარი ავტორიტარიზმის გზით წასვლა, რომ სრულად მოასუფთაოს ოპოზიციისგან პოლიტიკური და მედიაველი, ან უნდა ველოდოთ ახალი პოლიტიკური პარტიების გამოჩენას, რომლებთან ერთადაც კოალიციის შეკვრა არც დასავლეთს გააღიზიანებს ზომაზე მეტად და არც "ოცნების" ამომრჩეველს.

კოალიციური ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს ამოსუნთქვის საშუალებასაც მისცემს.

თუ დავუკვირდებით, საქართველო შედის ივანიშვილის მმართველობის მესამე სტადიაში, რას ნიშნავს ეს? - პირველი სტადია იყო, როდესაც ივანიშვილის ხელშეწყობით მოვიდა "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში. მას 2008-2009 წლებამდე მასზე დიდი გავლენა ჰქონდა, ანუ ივანიშვილს სხვა პოლიტიკური პარტიის გავლით ჰქონდა გავლენა ქვეყნის მართვასა და ძალაუფლებაზე.

2012 წელს მან გადაწყვიტა ერთპიროვნულად უკვე მისივე შექმნილი ძალის - "ოცნების" მეშვეობით ემართა ქვეყანა.

ახლა დგება მესამე სტადია, როდესაც "ოცნების" საშუალებით ერთპიროვნულად მართვის მეთოდი ივანიშვილს ამოეწურა და სხვა ალტერნატივაც არ ჩანს, გარდა 2020 წლიდან კოალიციური მმართველობისა, რაც თეორიულად მას მისცემს საშუალებას დარჩეს მესამე ვადით ქვეყნის რეალურ მმართველად და იმავდროულად, პასუხისმგებლობა გადაანაწილოს სხვა პარტიებზეც. მიეცემა თუ არა მას საშუალება ქვეყნის მესამე, 8-წლიანი ვადით, თუმცა კი განსხვავებული, კოალიციური ფორმატით მართვისა, ამაზე პასუხსაც, ვფიქრობ, ამერიკულ მესიჯებში მოვისმენთ. მნიშვნელოვანია ისიც, შეიქმნება თუ არა სხვა პოლიტიკური ძალებისგან დასავლეთისთვის მისაღები კონფიგურაცია.

პოლიტიკური კონფიგურაციის მეორე ვერსია ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში იმ მასშტაბით შევიდეს, რომ გამწევი ძალა გახდეს. ასეთ შემთხვევაში მის გარშემო თავს მოიყრიან: "ევროპული საქართველო", ნათელაშვილი, გუბაზ სანიკიძე, გიორგი ვაშაძე და შესაძლოა "გირჩიც". თუმცა პროპორციული არჩევნები ოპოზიციურ ელექტორატს იმდენად დაქსაქსავს, რომ "ნაციონალების" მასშტაბური წარმომადგენლობა მომავალ პარლამენტში საარჩევნო გზით შეუძლებელი ხდება.

მესამე კონფიგურაცია ხაზარაძის პოლიტიკური ძალა და მის გარშემო გაერთიანებული პარტიები შეიძლება გახდნენ. ხაზარაძის გარშემო შეიძლება დაჯგუფდეს პარლამენტში შესული ყველა პარტია, გარდა რადიკალური ფრთებისა: ვასაძე- "პატრიოტებისა" და "ნაციონალების".


ახლა რა ნიშაც თავისუფლდება რუსეთიდან იერიშის ფონზე, არის ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეის საფუძველზე პოლიტიკური პროცესის წამოწყება. თუ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებზე ხაზარაძის გამოხმაურებას გავითვალისწინებთ, შესაძლოა მან ეს ნიშაც მოირგოს.

ხაზარაძეს საარჩევნოდ ყველაზე რთული დისტანცია ექნება გასავლელი, რადგან ის სახელისუფლებო საინფორმაციო-მორალური იერიშის მთავარი ადრესატი იქნება. გარდა ამისა, ბანკებთან ხალხის დამოკიდებულებაც არ ასხამს მამუკა ხაზარაძის წისქვილზე წყალს.

გადამწყვეტი მაინც ის იქნება, ვის დაიყენებს გვერდით და განიხილავს თუ არა აშშ მას ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის, თუ ასეთი იქნა, მთავარ სუბიექტად. ასე რომ, წარმატების მაღალ შანსთან ერთად მას აქვს ფალსტარტის დიდი ალბათობაც. იხილეთ სრულად
მარკი
26 აგვისტო 2019 11:00
ГПИ-ს კომკავშირული აქტივისტი რომელმაც აქციაზე მერაბ კოსტავას უკანიდან ,მიპარვით თავში ლაჩრულად ჩაარტყა ქართულ პოლიტიკაში/თუ ასეთი არსებობს/ ვერ მოვა.მას ამის მორალური უფლება არა აქვს./ვიზიარებ ავთოს აზრს/
ალექს
26 აგვისტო 2019 10:32
-ჩვენი რომელიმე პოლიტიკური პარტიის დასავლური ვექტორი ისეთივე მოჩვენებითია,როგორც ის, რომ ეგენი პარტიებია-კლანებია მსხვილ საშუალო და მცირე ,სადარბაზოსი,უბნისა,და ერთი ქალაქისა,ასევე სამი ქალაქისა ,წესდებები გადაწერილია ან ერთი და იგივე პირების ნაწერია ,აქეთ იქით მოხტუნავეების მიერ ,პროგრამა ან არ აქვთ ,ან ბლეფია ,აქვთ წინასაარჩევნო დაპირებები,ასევე ბლეფია !
ისინი ყველანი ერთად ეტევიან მწვავე მამასისხლური დაპირისპირებულობის მიუხედავად ერთ სახელმწიფო ფუნქციონალური და სისტემური,ასევე ეკონომიკური მოწყობის მოდელის ჩარჩოში და სხვა ჩარჩოს მოდელის შექმნის უნარი არ გააჩნიათ,რომც ქონდეთ ასეთი მიზანი-რეალურად დასავლური ჩარჩო მათ მიერ ვერ შეიქმნება ,რადგან კომკავშირლებია უკლებლივ !
ვფიქრობ 30-40 წელს მიღწეული ახალგაზრდების ისეთი ჯგუფი გამოიხატება,კომკავშირი რომ არ უნახავთ და არც მოქკავშირსა და ნაციონალქოციონალებს გაკარებიან !
--კოალიცია იქნება,ოღონდ მოჩვენებითი !
-დიდად უმადურია ეს მიშა,ბადრიც აფინანსებდა და სასიკვდილოდ გაწირა,ივანიშვილის ძარცვა რომ დაიწყო,მაშინ გაუჩნდა ხელისუფლებისაკენ ლტოლვა ბიძინას,თორემ აზრადაც არ მოუვიდოდა,ის საკუთარ შესაძლებლობებს საღად აფასებს,იცის,რომ არ არის პოლიტიკოსი და ის რაც გამოუვიდა ,გამოუვიდა, თორემ არ დაუგეგმავს ,შინაგანად ის არაა წინააღმდეგი ეფექტიანი სისტემა გვქონდეს,მაგრამ არ იცის როგორ შექმნას და ვის დაეყრდნოს ბანკირების გარდა ,ჰოდა გამოუვიდა საბანკო სამოხელეო პარტოკრატიული ოლიგარქიის დიქტატურა ,ისე მიშასიც ეგ იყო და პირველად ედუარდი შეცდა ,როცა ბანკირებს დაუთმო საკანონმდებლო აღმასრულებელი ხელისუფლების საფინანსო ეკონომიკური ხალათები,ბანკირები ხელისუფლებაში იგივეა გველგესლასთან გეძინოს !
-ხაზარაძის ბლოკი ნაძმოძრაობის მესაფლავეა ,ის მას ჩაანაცვლებს ,რადგან მას ფულიან ძალიანი საშუალო ბიზნესმენების ანტიმიშისტების ბირთვი ეყოლება ,საბედნიეროდ ბიზნესში მარტო ბანკები არ არიან !
ისე ხაზარაძე ისეთივეა ,როგორც მიშა ,რუსეთისაგან მართული პროდასავლელი კომკავშირელია,ამ ამერიკელებს რატომ გონიაათ ,რომ უკომკავშიროდ აქ კაცად ვერ იქცეოდი,არ ვიცი !





macbook pro
26 აგვისტო 2019 02:53
ივანიშვილი თუ დარჩა . კიდე მშვიდობით საქართველო

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?