გია ვოლსკი: "რუსეთის აგრესიული სამიზნიდან ჩვენი ხელისუფლება რატომ გამოთიშეთ?!"
გია ვოლსკი: "რუსეთის აგრესიული სამიზნიდან ჩვენი ხელისუფლება რატომ გამოთიშეთ?!"
"ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და არა კერძო პირის, მამუკა ხაზარაძის კერძო შეკვეთა"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი­ გია ვოლსკი გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ტელეკომპანია "TV პირველის" მფლობელისა და მისი მამის გარშემო ატეხილი ამბები პოლიტიკურად მოტივირებულია.

- პროკურატურამ TBC-ის საქმეზე ტელეკომპანია "TV-პირველის" მფლობელის, ვატო წერეთლის მამას, ავთო წერეთელს ბრალი წაუყენა. არ ფიქრობთ, რომ ეს ტელეკომპანიაზე გავლენის მოპოვების მცდელობაა?
- ფაქტია, რომ პროკურატურამ წერეთელს სერიოზული ბრალდება წაუყენა და ჯერჯერობით ვერაფერი
მოვისმინე ბრალდების საწინააღმდეგო, გარდა ყვირილისა, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვს და ტელეკომპანიაზე გავლენის მოხდენა უნდათ.

- რატომ მოუნდა პროკურატურას ამ საქმის გამოძიება მაინცდამაინც ახლა?
- რას ნიშნავს, მაინცდამაინც ახლა? დაიწყეს ძიება და როდესაც დარღვევები იპოვეს, მაშინ თქვეს. საქმე ეხება ბანკიდან ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე 17 მილიონ დოლარამდე
სესხის გატანას ამ ადამიანის სახელზე და შემდეგ იგივე ადამიანი­ ამ თანხებს კერძო პირების ანგარიშ­ებზე აბრუნებს. თუ ვინმე იტყვის, რომ ეს შეიძლება მედიასაშუალებას, ბიზნესმენის ან მისი შვილის საქმიანობას უკავშირდება, დაასაბუთოს.

- არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ეს ყველაფერი "TV პირველის" ჩახშობას" ემსახურება.
- იგივე არასამთავრობოებმა ჰკითხონ ვინმეს, შეიძლება თუ არა გამოძიებას კითხვა­ არ ჰქონდეს პირთან, ვისი მეშვეობითაც ბანკიდან 17 მილიონი დოლარი აორთქლდა ისე, რომ მას სესხის პროცენტების გადასახდელად ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს?

- ბატონო გია, აქ პერსონების მიმართ ხელისუფლების განწყობა იწვევს ეჭვს...
- ამ პერსონების გარდა, კიდევ რამდენიმე ათეული პირია პასუხისგებაში მიცემული მსგავსი საქმეების გამო. მათ ტელევიზიასთან ან პოლიტიკურ ორგანიზაციებთან არა აქვთ კავშირი და ისინიც დაჩაგრულებად უნდა მივიჩნიოთ? სად არის აქ ლოგიკა?! თუ ამბობენ, პოლიტიკურიაო,­ ბრტ­ყელ-ბრტყელი განცხადებების ნაცვლად, იქნებ არგუმენტირებულად აგვიხსნან, სად ხედავენ სუბიექტურ მიდგომებს.

- რამდენიმე დღის წინ სუს-ში ბიძინა­ გეგიძეც­ დაიბარეს. ამას წინ უძღოდა მისი განცხადება, რომ გახარია უნდა გადამდგარიყო. გეგიძემ არც ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის მოხსნას დაუჭირა მხარი...­ არ გიჩნდებათ ეჭვი, რომ გეგიძე ამის გამო გააფრთხილეს?..
- ასეთ განცხადებას უმრავლესობიდან გასული თითქმის ყველა პირი აკეთებს და იმის შიშით, არიქა, ვინმემ პოლიტიკურ საფუძველს არ მიაწეროსო, მათთან კითხვები არ უნდა გაჩნდეს? მე არ ვიცი, რას ედავება მას გამოძიება, მაგრამ თუ რამეში ეჭვი ეპარება, თქვას და იბრძოლოს უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

- არც იმაზე გიჩნდებათ­ ეჭვი, რომ "TV პირველის" საქმე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს, კერძოდ, სექტემბერში დაანონსებულ საზოგადოებრივი მოძრაობის გააქტიურებას უკავშირდება?..
- რადგან ასეთი პოლიტიკური მოტივაციებისკენ მიჰყავთ საქმე მედიასა და საზოგადოებას, ისევ იმ საზოგადოებისთვის უცნობ პირებზე ვიკითხავ, მათაც არასწორად აქვთ ბრალი წაყენებული? უბრალოდ, სკანდალის მოთხოვნილება ბევრად მეტია, ვიდრე ჭეშმარიტების. ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და არა კერძო პირის, მამუკა ხაზარაძის კერძო შეკვეთა.

- რომელიც ამერიკულმა კომპანია "კონტიმ"­ დატოვა. ინვესტორების შესახებ სულ უფრო მეტი ეჭვი ჩნდება, რომ არაფერი ვთქვათ პროექტის განხორციელება-არგანხორციელებაზე.
- რაც შეეხება "კონტის", სიმართლე გითხრათ, ის ჩემთვის გაუგებარი კომპანიაა და არ ვფიქრობ, რომ მისი მონაწილეობა გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო. იქ სხვა კომპანიებიც არიან... პორტის მშენებლობა სახელმწიფო მნიშვნელობისაა და პროექტის დასრულება "კონტიზე" არ არის დამოკიდებული.

- ვისზეა დამოკიდებული? თუ პროექტი ჩავარდა, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?
- არ ვამბობ, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული ვითარება მარტივია, სირთულეები არსებობს.

- ვისი მხრიდან?
- ყოველ შემთხვევაში, ეს სირთულეები ბანკიდან აორთქლებული 17 მილიონი დოლარის გამო არ შექმნილა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ანაკლიის კონსორციუმიდან "კონტის" ან ხაზარაძის გასვლამ (ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი პოსტები დატოვეს - ავტ.) გამოიწვია, სირთულეები ისედაც იყო - გარანტიებთან დაკავშირებით სახელმწიფოს დავალდებულება არასწორი მიდგომაა. კონსორციუმი იმიტომ იქმნება, რომ სხვა კომპანიები და ინვესტიციებიც მოიზიდოს

- მათ შორის რუსული ინტერესების გამტარებელი კომპანიები?

- რაც რუსეთს აინტერესებდა, სააკაშვილის დროს უკვე შეისრულა. მათ უნდოდათ "გაზსადენთან" ახლოს ყოფილიყვნენ, რათა გაეკონტროლებინათ და ამიტომაც მიიტაცეს ჩვენი ტერიტორიის ის ნაწილი 2008 წლის ომის დროს; უფრო ადრე სურდათ, შავი ზღვის აკვატორიის დიდი ნაწილი მათი კონტროლირებადი ყოფილიყო და დაიპყრეს აფხაზეთი. სააკაშვილმა ჩვენი სტრატეგიული­ პარტნიორების, ამერიკისა და ევროკავშირის რჩევები რომ არ შეისმინა, ამის შედეგს ვიმკით დღემდე!

- დღევანდელი ხელისუფლება რას აკეთებს გართულებების თავიდან ასაცილებლად?
- ძალისხმევას არ იშურებს და იმედია, ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგად ამ მძიმე პირობებში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება. თუ ვინმე­ ფიქრობს, რომ რუსეთის ინტერესები ანაკლ­იის პორტს ეხება, რატომ გამორიცხავენ, რომ მას საქართველოს ხელისუფლების მიმართაც ჰქონდეს ინტერესები, რუსეთის აგრესიული სამიზნიდან ჩვენი ხელისუფლება რატომ გამოთიშეთ? ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის ინტერესებში მხოლოდ ხაზარაძის მოცილება შედის?.. ჩვენ ამას საერთაშორისო დონეზე, თანამიმდევრული ნაბიჯებით უნდა ვუპასუხოთ. ანაკლიის პორტს გრძელვადიანი მუშაობა სჭირდება. როგორ ფიქრობთ, ხაზარაძე რომ ყოფილიყო, პორტი უცებ აშენდებოდა?! მე არ მინდა ვინმეს უდანაშაულოდ დასჯა და დაპატიმრება, მაგრამ თუ ხაზარაძეს დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს. პარტია და მედია ასეთი ადამიანებისთვის თავშესაფარი ვერ იქნება.