ბიძინა გეგიძე: "ახლა გაახსენდათ,­ რომ საქა­რთველოს ფოსტაში ჩემი მუშაობის­ დროს თურმე დარღვევები დაფიქსირებულა?" - კვირის პალიტრა

ბიძინა გეგიძე: "ახლა გაახსენდათ,­ რომ საქა­რთველოს ფოსტაში ჩემი მუშაობის­ დროს თურმე დარღვევები დაფიქსირებულა?"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, სადაც 8 საათი დაჰყო. სუს-ის ცნობით, გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო და უკავშირდება ბიძინა გეგიძის წინა სამსახურებრივ საქმიანობას - 2014-2016 წლებში გეგიძე საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

ბიძინა გეგიძის აზრით, ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

- გამოძიება თურმე შარშან დაიწყო, მე კი მაშინ გავიგე, როცა სუს-მა დამიბარა. რასაკვირველია, ეს კავშირშია პოლიტიკასთან, მიზეზი კი ამა თუ იმ საკითხზე ჩემი კრიტიკული პოზიციაა.

- თქვენ განაცხადეთ 21 ივნისის გამო, გახარიას ადგილას რომ ვყოფილიყავი, გადავდგებოდიო... მოგვიანებით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეთ და კენჭისყრაზე არ მიხვედით. ეს არ გაპატიეს? - დიახ, პოლიტიკურ პროცესებზე ჩემი განსხვავებული ხედვა ვიღაცებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. არ მინდა ხისტი ვიყო, მაგრამ ახლა გაახსენდათ, რომ საქართველოს ფოსტაში ჩემი მუშაობის დროს თურმე დარღვევები დაფიქსირებულა?

- რა საქმეზეა ლაპარაკი? - მინდოდა ფოსტაში სერვისცენტრების ინფრასტრუქტურული ოპტიმიზაცია ჩატარებულიყო, რადგან საბჭოთა კავშირის შემდეგ იქ არაფერი შეცვლილა. შენობების დიდი ნაწილი ამორტიზებული და დანგრეული იყო, განსაკუთრებით რეგიონებში. ხელისუფლებასთან ერთად ოპტიმიზაცია გადავწყვიტე - შპს "ფოსტის" 10% ხელისუფლებას ეკუთვნის. აუქციონზე იყიდებოდა ქონება, რომელსაც ფოსტა ვერ მოიხმარდა, იმ თანხით კი ახალი ცენტრი აშენდებოდა ან არსებულის რეაბილიტაცია მოხდებოდა. შემოსული თანხით ფოსტის რეაბილიტაცია დავიწყეთ. ახლა ამბობენ, რომ სწორედ აქ ჩნდება კითხვები. არადა, ყველა პროცესი გამჭვირვალე იყო, გაყიდვები ელექტრონული წესით ხდებოდა, რომელსაც ფოსტა კი არა, სახელმწიფო ატარებდა. მეუბნებიან, აუქციონზე სუბიექტური მიდგომები იყოო. აუქციონი იყო, ტენდერი ხომ არა? ღია პროცესებზე როგორ უნდა მეთქვა ვინმესთვის, ამ შენობის შეძენა ამდენად შეგეძლება-მეთქი.

- როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს? - ვერაფერს გეტყვით. როდესაც ამ მოწვევის პარლამენტში შევედი, "ქართული ოცნება" აცხადებდა, რომ მისი მთავარი მონაპოვარი გუნდში განსხვავებული აზრია, მაგრამ შემდეგ პარლამენტის ტრიბუნიდან განსხვავებული აზრის გამოხატვა მიუღებელი აღმოჩნდა, რაც ახლა ჩემთვის არის მიუღებელი. გუნდში კოლექტიური აზროვნების დანერგვა მიუღებელია. ერთ მწკრივში ჩამდგარი ადამიანების ჯგუფს ყოველთვის მოუგებს ის გუნდი, სადაც განსხვავებული აზრი არ იზღუდება.

- ფიქრობთ, რომ ახლა "ქართული ოცნების" გუნდი ერთ მწკრივში დგას? - ფაქტია, გადავუხვიეთ მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმას: სამართლიანობა, თავისუფლება, კეთილდღეობა, განვითარება.

თავისუფლება უნდა ეხებოდეს მედიასაც და სასამართლოსაც. 2012 წელს "ოცნების" ლიდერები ამბობდნენ, კანონი უნდა მართავდეს ქვეყანასო, მაგრამ ეს ახლა ყველას დაგვავიწყდა. მედიაზე არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური თავდასხმა არ შეიძლება. ქვეყანაში ძალიან ბევრი უარყოფითი პროცესი მიმდინარეობს და რაც მთავარია, უფრო მეტი ემატება.

- თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია ხელისუფლების ქმედება? - ხელისუფლება კი არა, ზოგჯერ ექსპერტები და მედიაც კი არ არიან ადეკვატური. თუმცა მედიას აქვს ფუფუნება ასე მოიქცეს, ხელისუფლებას კი არა. ამიტომაც გაჩნდა უამრავი ეჭვი. დღეს ხელისუფლებაში ყოფნის კომფორტი ვერ წარმომიდგენია.…თუ ადრე ამბობდნენ, საქართველო არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობსო, ბოლო თვეებია, ბრიფინგიდან ბრიფინგამდე ვცხოვრობთ. 2020 წლამდე ეს რეალობა თუ არ შეიცვალა, თუ პოზიტიური პროცესები არ დაიწყო, საზოგადოებას სასამართლოს ნდობა არ გაუჩნდა, 2020 წლის არჩევნებს აზრი არ ექნება.

- არაერთხელ ახსენეთ სასამართლოს მიმართ უნდობლობა. რას ელით თქვენს საქმესთან დაკავშირებით?.. - იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც ქვეყანაშია, ჩემი საქმე მეასეხარისხოვანია. რა გითხრათ, რაც იქნება, იქნება.