რა ხდება "რუსთავი 2"-ში - კვირის პალიტრა

რა ხდება "რუსთავი 2"-ში

გასულ კვირას "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებმა ტელევიზია მასობრივად დატოვეს, რის გამოც არხზე საინფორმაციო გამოშვება შეწყდა.

"...ჟურნალისტების ნაწილის წასვლა თავიდანვე ცხადი იყო და მხოლოდ გვარამიას მოწოდებაზე იყო დამოკიდებული, რაც აშკარად გამოჩნდა კიდეც. ნათელია, რომ გვარამია მის პატრონთან, სააკაშვილთან ერთად ცდილობდა "რუსთავი 2"-ისთვის დაეკარგა ტელევიზიის სახე და აგრესიული პარტიული პროპაგანდის იარაღად გადააქცია. წლების განმავლობაში ამ პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტები სიცრუე და საზოგადოების ცნობიერებაზე ძალადობა იყო. ამ ყველაფერმა ტელევიზიის სანდოობას პირველი კრიტიკული დარტყმა მიაყენა. ასევე უმძიმესი დარტყმა იყო ის ფინანსური მაქინაციები, რომლებმაც ტელეკომპანია ამ ვითარებამდე მიიყვანა. მათ შორის იყო ის ერთ-ერთი ეპოზოდი, რის გამოც მოხდა რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება. გვარამიას, ანჯაფარიძეს, მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას, ასევე ყოფილ თანამშრომელ უდუმაშვილს, იმ დროს, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული. ახლა ცდილობენ ეს თანხები ბონუსად წარმოაჩინონ, თუმცა ასეთი ბონუსები კომპანიას არ გაუცია და სწორედ "რუსთავი 2"-ის კუთვნილი, მაგრამ სხვა კომპანიაში დალექილი თანხები მიიღეს სხვა თანამშრომლებისაგან მალულად, გადასახადების გადაუხდელად", - აცხადებს ქიბარ ხალვაში.

პაატა სალია: "მელაძემ თქვას, ვინ აიღო ბონუსები და რატომ, როცა თანამშრომლებს ხელფასი გაყინული ჰქონდათ"

რა თანხაზე საუბრობს ქიბარ ხალვაში და როგორ აპირებს პრობლემების მოგვარებას, "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს პაატა სალიას ვესაუბრეთ.

- "რუსთავი 2"-დან ამდენი თანამშრომლის წასვლას არ ველოდი. მგონი, ბევრი დაბრუნდება, მალე დარწმუნდებიან, რომ თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან დარღვევების გამო გავათავისუფლე.

- თანამშრომლები რომ გვარამიას გაჰყვებოდნენ, მოსალოდნელი არ იყო? თქვენ რას აკეთებდით მათ შესანარჩუნებლად? - არ ვერეოდი და ხელს არ ვუშლიდი ჟურნალისტურ საქმიანობაში. არც ერთი მითითება, უარყოფითი კომენტარი ჩემგან არ მიუღიათ. ჰკითხეთ ნებისმიერს...

- მელაძის თქმით, იყო შავი სია, თუ ვინ უნდა გაგეშვათ. - მელაძემ იმაზე ილაპარაკოს, ვინ აიღო ბონუსები და რატომ, როცა თანამშრომლებს ხელფასი გაყინული ჰქონდათ.

- როგორც განმარტეთ, მელაძე, ლაფერაშვილი და სხვები შინაომების თავიდან ასაცილებლად დაითხოვეთ... - სანამ ეს მოხდებოდა, გვარამია აცხადებდა, რომ თავის გუნდთან ერთად ახალ ტელევიზიას აკეთებს. ჰკითხეთ, სად არის ის გუნდი? ეს ხომ ის გუნდია, რომელიც ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები იყვნენ? სანამ მე ვინმეს გავათავისუფლებდი, უკვე არსებობდა გუნდი, რომელიც პარალელურად მუშაობდა ახალ ტელევიზიაზე. ამიტომ ჩემი პოზიცია იყო წმინდა სამართლებრივი - ადამიანებს არ შეიძლება ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი, ანუ აკეთებ ერთ ტელევიზიას და მეორეში მუშაობ. პარალელურად, კომპანიის დაზარალების ხარჯზე მიღებული აქვთ თანხები არა პრემიებად, არამედ გადასახადების გადაუხდელად ისე, რომ სხვა თანამშრომლებმა არც იციან. ეს ფული ტელეკომპანიას უნდა გადაენაწილებინა ხელფასებსა და სხვა ხარჯებზე, მაგრამ რამდენიმე პირზე გადანაწილდა.

- გიორგი ლაფერაშვილი ამბობს, გაცემის უწყისებს რომ აფრიალებენ, იმავე დღეს მიღების უწყისებიც ააფრიალონო... - არსებობდა "ინტერმედია პლუსი", სადაც გვარამიას 30%-ში მასთან დაახლოებული პირი ჰყავდა ჩასმული. ეს კომპანია "რუსთავი 2"-ის სარეკლამო დროის გაყიდვით იღებდა ფულს. "რუსთავი 2"-მა იმ დროს დაახლოებით 10 მილიონი იზარალა, ამ კომპანიამ კი 5 მილიონი მოგება ნახა. მილიონ 700 ათასი, გვარამიას სანდო პირმა გაიტანა - მილიონ 600 ათასი შემოვიდა "რუსთავი 2"-ში, მაგრამ მილიონ 100 ათასი არ შემობრუნებულა, ამიტომ რას გულისხმობს ლაფერაშვილი, მაინტერესებს. თუ სასამართლოში აპირებს მისვლას, წავიდეს.

- ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე დისკრიმინაციაში გადანაშაულებთ იმის გამო, რომ მას კუთვნილი ხელფასი არ მიუღია. - დამირეკეს სახალხო დამცველიდან და განვმარტე - ფინანსური პრობლემები იყო და ასეთ მდგომარეობაში მარტო კვესიტაძე ან 2-3 პირი არ არის. კომპანიაში არიან თანამშრომლები, რომლებსაც ჯერ კიდევ 2007 წელს გაუყინეს ხელფასები. ფინანსური პრობლემები გადაიჭრება და უპირველესად, დავაკმაყოფილებთ დაბალხელფასიან თანამშრომლებს, რომლებსაც 100-500 ლარამდე ჰქონდათ. ასე რომ, ვისაც ხელფასი ეკუთვნის, ყველა მიიღებს.