გიორგი ლაფერაშვილი: "რუსთავი 2"-ის გენდირექტორის მოადგილეობა "ოცნებასთან" დაახლოებულმა პირმა შემომთავაზა" - კვირის პალიტრა

გიორგი ლაფერაშვილი: "რუსთავი 2"-ის გენდირექტორის მოადგილეობა "ოცნებასთან" დაახლოებულმა პირმა შემომთავაზა"

"რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე "კვირის პალიტრას" გიორგი ლაფერაშვილი ესაუბრა

გიორგი ლაფერაშვილი, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე: - აბსოლუტურად გაურკვეველია, რამდენიმე დღის წინ სალიამ რა დამატოვებინა, როდესაც 19 ივლისის დილით, ანუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მერე, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე "რუსთავი 2". ეს ჩემმა ხელქვეითებმა და ზემდგომმა პირებმაც იცოდნენ. ისე, მათი თხოვნა, რომ შვებულება დამეწერა და ამ ფორმით წავსულიყავი, გავითვალისწინე. უკან მიბრუნებას რომ არ ვაპირებდი, ყველამ იცოდა. ხალვაშს თუ პრობლემა აქვს სარედაქციო პოლიტიკასთან, შეეძლო თავიდანვე ეთქვა, რა საჭირო იყო ეს ერთთვიანი კატათაგვობანა? თუ ასე ძალიან უნდა "კურიერი", რომლის შესახებაც თვალცრემლიანი ლაპარაკობდა თათბირებზე, გაუგებარია, ეს რა გაითამაშა? თავის დროზე, 2006 წელს, ისე მივედი მის ტელევიზიაში სამუშაოდ, სანამ არ წამოვედი, საჭიროდ არ ჩაუთვლია, გამარჯობა ეთქვა.

- სალიას თქმით, მელაძე და სხვები თქვენთან ერთად შიდაომების თავიდან ასაცილებლად გაათავისუფლა. - სალიას არ ვიცნობ. ვისაც ვიცნობ და ვინც მთავაზობდა გენდირექტორის მოადგილეობას სალიას დროსაც და მის მერეც, კი ბატონო, ვიცნობ.

- ქიბარ ხალვაშმა შემოგთავაზათ? - არა, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა პირმა. შემომთავაზეს ეტაპობრივად ჩემი პრობლემების მოგვარება და ხელფასის 30%-იანი მატებაც.

- როდის შეხვდით მას და სად? - 19 ივლისის საღამოს. ვინაობას არ დავასახელებ.

- არხის სარედაქციო პოლიტიკის შესახებ თუ ჰქონდათ კონკრეტული მოთხოვნა? - მე საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვიყავი. გვარამიას წასვლის შემდგომ, ვეღარ დავინახე ჩემი დარჩენის საჭიროება. თუმცა პატივს ვცემ "კურიერისა" და ნოდარ მელაძის გადაწყვეტილებას, რომ ყოფილიყვნენ მანამ, სანამ თვალსაჩინო გახდებოდა, რომ ქიბარ ხალვაში მარტო ნიკა გვარამიას კი არა, მთელ არხს ებრძოდა...

ვერ მივიღებ ბრალდებას, რომ ვიღაცის ხელფასს ვჭამდი, რომ თანამშრომლებს შიოდათ და მე მაძღარი ვიჯექი. მარტო თანხის გაცემის უწყისებს რომ აფრიალებენ, იმავე დღეს თანხის მიღების უწყისებიც ააფრიალონ. შავი პიარის აგორებას ცდილობენ. არ გამოვრიცხავ, რომ სასამართლოს მივმართო საპასუხო სარჩელით პატივისა და ღირსების შელახვისთვის.