"არსებობს გეოპოლიტიკური განზომილება, რომლის გამოც შესაძლოა პორტის აშენება გადაიდოს..."
"არსებობს გეოპოლიტიკური განზომილება, რომლის გამოც შესაძლოა პორტის აშენება გადაიდოს..."
"საზოგადოების ცნობიერება ვერ მივიდა იქამდე, რომ საკუთარ თავს უფრო მაღალი სტანდარტები დაუწესოს, ბრმად მივყვებით პროცესებს"

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე, ანაკ­ლიის პორტი და 2020 წლის არჩევნები - ეს არის თემები, რომლებზეც "კვირის პალიტრას" პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია­ ესაუბრა.

- თქვენი აზრით, როგორ შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში ძალთა ბალანსი, თუ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა გააქტიურდება?

- თავდაპირველად, გავიხსენებ ივანიშვილის შარშანდელ დაპირებას, რომ ყველაფერს გამოასწორებდა.­ გულისხმობდა სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას, სასამართლო სისტემის პრობლემებს... სინამდვილეში ივანიშვილი პრობლემების გადაჭრას­
კი არა, ოპონენტების დასუსტებას შეუდგა.­ რაც მთავარია, ამას აკეთებს სახელისუფლებო ვერტიკალთან ერთად, რომლის მწვერვალზეც თავად აღმოჩნდა. ეს ძალიან ჰგავს­ იმ სისტემას, რომელიც სააკაშვილმა შექმნა - ყველას გვახსოვს, როგორ­ იბრძოდა ის რეჟიმის შესანარჩუნებლად. სააკაშვილმა ივანიშვილის აქტივები დააყადაღა და სხვა უამრავი მეთოდით უტევდა მას.

- ახლა როლები შეიცვალა?
- დიახ, ახლა ივანიშვილი იბრძვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. თუმცა ამ სცენარის ავტორებს ავიწყდებათ, როგორ დამთავრდა სააკაშვილის რეჟიმი. თუ ბოლო ათწლეულების პოლიტიკურ ცხოვრებას გადავხე­დავთ, ვნახავთ, რომ საზოგადოება ერთ პარტიას ორ ვადაზე დიდი ხნით არ ირჩევს - ეს განაჩენივითაა. ამომრჩეველი შანსს აძლევს ხელისუფლებას და შემდეგ უარს ეუბნება. ხალხს ხშირად ვსაყვედურობთ, რომ ცუდი მეხსიერება აქვს, მაგრამ ასე არ არის - "ქართული ოცნება" ბევრ რამეს დაჰპირდა, მაგრამ ვერ შეასრულა, ახლა კი ამის გადასაფარავად ხაზარაძეზე მიიტანა იერიში. პოლიტიკური ველის მოსუფთავება გადაწყვიტეს და მზად არიან გაწირონ ხაზარაძე-ჯაფარიძე, "რუსთავი 2" და ყველა ის ძალა, რომელიც "ოცნების" მონოპოლიას პრობლემებს უქმნის.

- ამ რეალობაში ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა რას შეცვლის?
- ხაზარაძის გათვლები ასეთია: ამომრჩეველი უნდა იყოს ნეიტრალური, ანუ ის კატეგორია, რომელიც ბოლო არჩევნებში­ 30-35-%-ს შეადგენდა. ვგულისხმობ იმ ნაწილს, რომელსაც არც "ოცნება" მოსწონს და არც "ნაცმოძრაობა". ხაზარაძეს კარგად ესმის, რომ ძველი სახეებით საზოგადოების გულს ვერ მოიგებს, ისიც კარგად იცის, რომ რისკავს, მაგრამ დასაკარგავი არაფერი აქვს. ცდილობს ახალი ჯგუფი შეკრას, თუმცა ასეთი სახეები ქართულ პოლიტელიტაში ძნელი მოსაძებნია. მაინც ვფიქრობ, ხაზარაძე-ჯაფარიძესთან ასოცირებული ახალი ძალა აუცილებლად მოხვდება პარლამენტში. ფაქტია, პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშე უნდა გამოჩნდეს! ამ ძალას კი აქვს სერიოზული შანსი, გახდეს ასეთი და პარლამენტში ანგარიშგასაწევ ძალად იყოს წარმოდგენილი.

- პოლიტიკაში ფინანსები რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ცხადია. თუმცა ხაზარაძეს ანგარიშები­ დაუყადაღეს და მასზე იერიში კვლავ გრძელდება.­ ეს როგორ აისახება მის პოლიტიკურ მომავალზე?
- ჩემი აზრით, ასეთი შეტევებით ხელისუფლება უფრო აგებს, ხაზარაძე კი სტარტს იღებს. გარდა ამისა, ის ამერიკელების მხარდაჭერით სარგებლობს. აქამდე "ოცნება" და "ნაციონალები" სხვა ძალას არ აჭაჭანებდნენ და ამას ოსტატურად, ერთმანეთის ლანძღვითა და ცილისწამებით ახერხებდნენ. მართალია, ხაზარაძეს ივანიშვილივით დიდი ფინანსური რესურსი არა აქვს, მაგრამ ბოლო მოვლენებს თუ გადავხედავთ, მის მიმართ ინტერესი იზრდება, რასაც "ოცნებაც" უწყობს ხელს და ამასობაში ხაზარაძის მოძრაობა დომინანტურ ძალად ყალიბდება. რაც შეეხება ახალი ძალის ეფექტს, ახალი ცოცხი ყოველთვის კარგია, ყოველ შემთხვევაში, თავიდან მაინც კარგად გვის. კარგი იქნება, პოლიტიკაში თამაშის გარკვეული წესები არსებობდეს, დემოკრატიის განვითარებისთვის პარტიების ხშირი ცვლა აუცილებელია, ჩვენ თუ ამ სისტემაზე გადასვლას მოვახერხ­ებთ, კარგი იქნება. მნიშვნელობა არა აქვს, მემარცხენე იქნები თუ მემარჯვენე. ასეთ შემთხვევაში ნაკლები იქნება რევოლუციები და რყევები, რაც სახელმწიფოს აზიანებს.

- შემოდგომაზე კიდევ რომელი პარტიების გააქტი­ურებას­ უნდა ველოდოთ?
- შესაძლოა რამდენიმე პრორუსულ პარტიას გაუჩნდეს პარლამენტში შესვლის შანსი, გააჩნია, არჩევნები რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება. მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობაც, რათა არჩევნებში მაქსიმალურად გამოირიცხოს დარღვევები. 2020 წლის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო კურსის თვალსაზრისითაც, რადგან ბოლო 25 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ამდენი კითხვა არ გაჩენილა.

- ანაკლიის პორტზეც გკითხავთ, ფიქრობთ, მის აშენებას საფრთხე ემუქრება?
- დიახ, ფაქტია, მიზეზთა გამო (მიზეზები კი ბოლომდე გამოკვეთილი არ არის) ხელისუფლებას ამ პორტის აშენება არ აწყობს. ხელისუფლება თითქოს მხარს უჭერს პროექტს, სინამდვილეში კი მისი აშენებით დიდად დაინტერესებული არ ჩანს - ასე ვთქვათ, ნახევრად უჭერს მხარს. არადა, ვისაც დანამდვილებით უნდა მისი აშენება, პოტენციურ კონკურენტებად მოიაზრებს. რაც ყველაზე საგანგაშოა, ამ საქმეში რუსული ინტერესები იკვეთება, ხელისუფლება კი კოჭის გაგორების პოლიტიკას მიჰყვება. თუმცა ამას არ აღიარებს და ხაზარაძისკენ იშვერს ხელს. საგანგაშო ვითარებაა - მაშინ, როცა ხელისუფლებას საზოგადოების ყურადღება ერთი საკითხიდან მეორეზე გადააქვს, იმავდროულად, რაღაც ქვედინებებშია ჩართული. თუ პორტის აშენებით არ არის დაინტერესებული, ეს ნიშნავს, რომ ავტომატურად უარს ამბობს დასავლურ განვითარებაზე.

შესაძლოა, ანაკლიის პორტთან დაკავში­რებულმა­ პოლიტიკამ, ანუ რუსეთის ინტერესების ირიბად გატარებამ, ლაკმუსის ეფექტი იქონიოს 2020 წლისთვის. მოკლედ, არსებობს გეოპოლიტიკური განზომილება, რომლის გამოც შესაძლოა პორტის აშენება გადაიდოს. არადა, ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად.
კიდევ ერთი, პროექტს მხარს უჭერენ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები - ევროკავშირი და ამერიკა, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ინტერესი დიდია და მისი ჩავარდნა ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა მასზე. ეს კი ასე ითარგმნება - ხელისუფლებამ უარი თქვა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.

- შეიძლება ითქვას, რომ უკან ვბრუნდებით?
- დიახ, საზოგადოების ნაწილი ბრაზდება, როდესაც საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო მოხსენიებულია, როგორც ჰიბრიდული ომის რეჟიმის ქვეყანა. ასევე ისმის შენიშვნები, რატომ ვერ მოვახერხეთ საგარეო კურსსა და დემოკრატიაზე კონსოლიდირება? დიახ, 26 წლის განმავლობაში ამაზე ვერ ჩამოვყალიბდით. ამიტომ ფერხდება თუნდაც ნატოში გაწევრება­, ევროკავშირში შესვლა. ასეთი ქვეყნის მიღება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში პრობლემა იქნება. მართალია, სამხრეთ კავკასიაში ამ მხრივ საქართველო სხვებზე წინ არის, მაგრამ ეს ჩვენთვის შეღავათი არ არის. საზოგადოების ცნობიერება ვერ მივიდა იქამდე, რომ საკუთარ თავს უფრო მაღალი სტანდარტები დაუწესოს, ბრმად მივყვებით პროცესებს...

მეზობელ ქვეყნებს კი არ უნდა შევედაროთ, სადაც ჩვენზე უარესი ვითარებაა, ესტონეთს, სლოვაკეთსა და მსგავს ქვეყნებს უნდა მივბაძოთ. მხოლოდ ასე გავიგებთ, სად ვართ, საით მივდივართ, ან საერთოდ, საით გვინდა წასვლა. ჯერჯერობით კინკლაობასა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოOლის ბინძურ მეთოდებს ვერ გავცდით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები