ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ - კვირის პალიტრა

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ

ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება პოლონეთის მხარის ინიციატივით გაკეთდა. "ინტერპრესნიუსი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთი არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობენ მის შედეგებს. ანალოგიურად, ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2019 წლის 9 ივნისს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა ამ რეგიონებში, ასევე უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"