ოსური მხარე ულტიმატუმს აყენებს - რას უპასუხებს საქართველოს მთავრობა? - კვირის პალიტრა

ოსური მხარე ულტიმატუმს აყენებს - რას უპასუხებს საქართველოს მთავრობა?

გავრცელებული ინფორმაციით, ოსური მხარე ქართულ მხარეს ულტიმატუმს უყენებს და ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან, ოკუპირებელი სოფელ წნელისის მიმდებარედ არსებული პოლიციის საგუშაგოს ასაღებად დროს პარასკევს დილის 6 საათამდე აძლევს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ეგორ კოჩიევის თქმით, მათ ქართული მხარისგან მოითხოვეს, რომ: "შეწყდეს პროვოკაცია საზღვარზე და გაიტანონ საგუშაგო სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიიდან". ეგორ კოჩიევი

როგორც ირკვევა,  ამხრეთ ოსეთის დელეგაციამ შეხვედრა ამ საკითხის განხილვისას დატოვა, საბოლოოდ შეხვედრის მონაწილეები ისე დაიშალნენ, რომ დღისწესრიგით გათვალისწინებული საკითხების არ მოხერხდა. "პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რესპუბლიკის ხელისუფლება გამოიყენებს ყველა კანონიერ ზომას, სამხრეთ ოსეთის ხალხის და სახელმწიფო საზღვრის დასაცავად", -  უთხრა ეგორ კოჩიევმა სააგენტო "რეს"-ს.

როგორც უკვე ვთქვით, სოფელ ერგნეთში უშედეგოდ დასრულდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 95-ე შეხვედრა, რომელზეც ათამდე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განეხილათ. საბოლოოდ შეხვედრის მთავარ საკითხად ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან შექმნილი ვითარება იქცა, რის გამოც შეხვედრა საერთოდ ჩაიშალა.

ოსურმა მხარემ მოითხოვა, ქართულ მხარეს ე.წ. სასაზღვრო ტერიტორიიდან გაეყვანა შეიარაღებული ფორმირებები და შეეწყვიტა "უკანონო მშენებლობა".

"უკანონოდ" კი მიიჩნევენ, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ჩორჩანის ტყეში გზის გაყვანა და იქ პოლიციის საგუშაგოს განთავსება.

როგორც თავშიც აღვნიშნეთ, სოფელი ჩორჩანა ოკუპირებულ სოფელ წნელისს ესაზღვრება. 28 აგვისტოს სწორედ ამ სოფლის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გადაადგილდებოდა.

"ნებისმიერი ულტიმატუმი, სად განალაგოს ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი პოლიციური ძალები, წარმოუდგენელია და ცინიზმით გაჯერებულ აბსურდს შეიცავს... სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას", - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთის ინციდენტების პრევეციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრის ჩაშლის შემდეგ.

ირაკლი ანთაძე

მან აღნიშნა, რომ სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მხრიდან ბლოკ პოსტის აშენების პროცესს უკავშირდება, საქართველო კოორდინაციაში იმყოფება პარტნიორებთან.

მანვე უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა არგუმენტაცია აქვს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მხარეს აღნიშნულ პოსტთან დაკავშირებით და ხომ არ უკავშირდება ეს "ტალკის" საბადოზე შესაძლო ინტერესს.

"ცალსახად ვადასტურებ, რომ ეს გახლავთ სტანდარტული საპოლიციო პოსტი, სტანდარტული პირადი შემადგენლობითა და აღჭურვილობით. ძნელია, ვიმსჯელოთ მათ არგუმენტაციაზე. ეს არ დაწყებულა დღეს, რომ ისინი, მათ შორის ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში აქტიურად ავრცელებენ სრულიად გაუგებარ და საფუძველმოკლებულ პრეტენზიებს, ამიტომ აქ მკითხაობა, კონკრეტულად რა სურთ მათ, არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია, რომ პოსტი მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ნებისმიერი ბრალდება არის უსაფუძვლო. მხოლოდ ქართული სახელმწიფო წყვეტს, სად განალაგებს თავისი პოლიციის პოსტებს. ამ პოსტის მიზანია ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა", - აღნიშნა სუს-ის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

მანვე ისაუბრა მდგომარეობიდან შესაძლო გამოსავალზე და განაცხადა, რომ გამოსავალი მდგომარეობს პირველ რიგში იმაში, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები პერმანენტულ კონტაქტშია საერთაშორისო პარტნიორებთან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის საგუშაგოს მოწყობასთან დაკავშირებით ოსურ და რუსულ მედიასაშუალებებში ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი შემაშფოთებელი განცხადება გავრცელდა.

ქეთევან ციხელაშვილი

"ცხადია, ამ განცხადებების შინაარსის განხილვაში ვერ შევალთ და არც არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პოლიციის მოქმედებაზე საქართველოს ტერიტორიაზე, მითუფრო ეს სეგმენტი გახლავთ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. მე არ ვიცი რას ემსახურება ეს, თუმცა მინდა მოვუწოდო ყველა პირს, რომელიც მსგავს განცხადებებს აკეთებს, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის განცხადებებისა და მითუფრო, მოქმედებებისაგან, რომლებიც ცალსახად აღიქმება როგორც ვითარების ესკალაციის მცდელობა და შესაძლოა ადგილზე უსაფრთხოებისათვის დამატებით რისკებს აჩენდეს", - განცხადა ციხელაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთი შეხვედრა ჰგქონდათ ჟენევის თავმჯდომარეებთან.

"ჩვენ გვქონდა არაერთი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგა შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან, არაერთი კომუნიკაცია ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, რომლებიც ასევე იყვნენ წარმოდგენილნი დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ჩართული გახლავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანის ინტერესშია იყოს მშვიდობა და რაიმე დამატებითი რისკები არ შეიქმნას", - განაცხადა ციხელაშვილმა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალებზე დაყრდნობით