რა ხდება საოკუპაციო ხაზთან ოსური მხარის ულტიმატუმის შემდეგ? - კვირის პალიტრა

რა ხდება საოკუპაციო ხაზთან ოსური მხარის ულტიმატუმის შემდეგ?

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში ამ დროისთვის სიმშვიდეა. ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე გადაადგილება არ შეინიშნება - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

"ამ დროისთვის, სოფელში სრული სიმშვიდეა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლის განცხადების და ულტიმატუმის შემდეგ რამდენიმე ოჯახმა სოფელი დატოვა, სრულიად უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ვაჟა ლომიძემ.

შეგახსენებთ, 29 აგვისტოს ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე, სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს დილის ექვს საათამდე გაუქმება მოითხოვეს.

"იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შესრულდება, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მიიღებს ყველა კანონიერ ზომას მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და საზღვრის დაცვისთვის", - განაცხადა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა.

"ნებისმიერი ულტიმატუმი, სად განალაგოს ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი პოლიციური ძალები, წარმოუდგენელია და ცინიზმით გაჯერებულ აბსურდს შეიცავს... სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას", - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთის ინციდენტების პრევეციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრის ჩაშლის შემდეგ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ამოწურულია ულტიმატუმის ვადა, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს. კერძოდ, საუბარია სოფელ წნელისთან ქართული პოსტის დილის ექვს საათამდე გაუქმებაზე.

ამჟამად ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანასთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე და საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე იმყოფებიან.

როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ პარტნიორებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან, მიმდინარეობს მათი ინფორმირება, რათა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რათა არ მოხდეს ვითარების ესკალაცია.

"მოლოდინი გვაქვს, რომ აღნიშნული საკითხი დარეგულირდება ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, - ამის შესახებ საქართველოსუსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ სოფელ ჩორჩანასთან ჟურნალისტებს განუცხადა. კახა ქემოკლიძე, ლაშა დარსალია

მისი თქმით, დღის განმავლობაში ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს და არ არის გამორიცხული, რომ შედგეს შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანასთან იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძეც, რომლის განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილზე იმყოფებოდნენ. მისი განცხადებითაც, სიტუაცია არის სტაბილური და ექვემდებარება კონტროლს.

"როგორც მოგეხსენებათ, მთელი ღამის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებოდით აქ. სიტუაცია სტაბილურია და ექვემდებარება კონტროლს. ასევე, ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, რათა კონსტრუქციული თანამშრომლობით დარეგულირდეს ყველა სადაო საკითხი, ყოველგვარი ექსცესებისა და გამწვავების გარეშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიტუაცია არის სტაბილური და ექვემდებარება კონტროლი", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

"ეს არის ჩვეულებრივი ინციდენტი, რომელიც საჭიროებს ძალიან პრაგმატულ, მშვიდ, წყნარ მიდგომას და ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტების გააქტიურებას, რათა მოხდეს აღნიშნული საკითხის მშვიდად და წყნარად დარეგულირება. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ვითარება ადგილზე არსებულ პროცესს ნამდვილად არ აჯანსაღებს. ნებისმიერი მოლაპარაკებების ფორმატში, როდესაც ულტიმატუმებით ხდება პოზიციების დაფიქსირება, ეს უკვე პრობლემაა. დიდი იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე დე ფაქტო ხელისუფლება ერთის მხრივ პოზიციას შეარბილებს და მეორე მხრივ, გაითვალისწინებს იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომელიც ადგილზეა და ეს ფაქტობრივი მოცემულობა არის ძალიან მარტივი - ხაშურის რაიონში მდებარე სოფელი ჩორჩანა 2008 წლის ომამადეც და მის შემდეგაც იყო და არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია",- განაცხადა ქემოკლიძემ.

მისი თქმით, ის, რომ თითქოს დღეს გამოჩნდნენ აქ ქართველი პოლიციელები, არის აბსოლუტურად არარეალური, რადგან ქართველი პოლიციელები აქ ყოველთვის მოძრაობდნენ, მაგრამ ამ ადგილზე არ იყო პოლიციის საგუშაგო.

"ჩვენ მოვისმინეთ ძალზე უცნაური განცხადებები დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ჩემი აზრით რაციონალურ შინაარსს მოკლებულია", - აღნიშნა ქემოკლიძემ.

იხილეთ ასევე: "ვფიქრობ, ოსური მხარე შეეცდება მოაწყოს პროვოკაცია. როგორც ჩანს, გარკვეული დავალება აქვთ"

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით