"შეიძლება სეპარატისტები სახელმწიფობანას თამაშობენ, რა თქმა უნდა, რუსეთის იმედით" - კვირის პალიტრა

"შეიძლება სეპარატისტები სახელმწიფობანას თამაშობენ, რა თქმა უნდა, რუსეთის იმედით"

ოსი სეპარატისტების ულტიმატუმი - კრემლის დავალება თუ თვითნებობა?!

ბლოკპოსტის არსებობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება, გამოვიყენებთ ყველა რესურსს რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია - დაახლოებით ამგავრი შინაარსისაა საქართველოს თითქმის ყველა წარმომადგენლის განცხადებები. მათივე თქმით, რუსეთი აგრძელებს თავის პროვოკაციულ ქმედებას ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.

შეგახსენებთ, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წაუყენეს ულტიმატუმი, ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან, ოკუპირებელი სოფელ წნელისის მიმდებარედ არსებული ქართული საპოლიციო პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე. ექსპერტები და პოლიტოლოგები უკვე მეორე დღეა მსჯელობენ, რას უნდა ნიშნავდეს სეპარატისტების ულტიმატუმი - როგორც ყოველთვის, ამჯერადაც კრემლის დავალებას ასრულებენ თუ თვითნებობენ?!

ვერსიებსა და მოსალოდნელ შედეგებზე სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი ამირან სალუქვაძე გვესაუბრება:

- ბატონო ამირან, რა ინფორმაციას ფლობთ ამ საგუშაგოს შესახებ, რამდენად შეესაბამება რუსულ-ოსური წყაროების გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის განსაკუთრებული სამხედრო დანიშნულებით აშენდა?

- იმ ტერიტორიას კარგად ვიცნობ, ეს ყველაფერი მოარული ჭორი და სისულელეა. იქ არანაირი გვირაბები არ არის. რაც შეეხება, ვერსიებს სეპარატისტის ულტიმატუმის შესახებ, ვერცერთ ვარიანტს ვერ გამოვრიცხავ, შესაძლოა ოსები მართლაც კრემლის წაქეზებით მოქმედებენ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, თვითნებობდნენ. ოსებმა მშვენივრად იციან, რომ მათ უკან რუსეთი დგას. პროცესს უნდა დავაკვირდეთ რამდენიმე დღის განავლობაში, ვნახოთ დღეს, ხვალ, ზეგ რა განცხადებებს გააკეთებენ მოსკოვში. ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით სიმშვიდეა და უაზრო ულტიმატუმების იქით საქმე არ მიდის, მაფიქრებინებს, რომ სეპარატისტები სახელმწიფობანას თამაშობენ. თუმცა რა თქმა უნდა, რუსეთის იმედით. რომ არა რუსეთის მიერ სამი ათეული წლის განმავლობაში გატარებული პოლიტიკა, ოსები ასეთი ულტიმატუმების გაკეთებას ვერ გაბედავდნენ.

საპოლიციო საგუშაგო. გიორგი ჟამერაშვილის ფოტო

თუ ოსი სეპარატისტები რუსების წაქეზებით მოქმედებენ, ეს თავისთანავად ნიშნავს, რომ კრემლს სქართველოს პროვოკაციაზე წამოგება სურს. ამ კონკრეტულ ვითარებაში რისთვის შეიძლება სჭირდებოდეს ეს რუსეთს - დასავლეთთან სავაჭროდ თუ საქართველოსთვის იმის საჩვენებლად, რომ პუტინი "მოწყალეა"? თუ ეს ინციდენტი მშვიდობიანი მოლაპრაკებით მოგვარდა, რა თქმა უნდა, ყველაფერი პუტინის "კეთილ ნებას" მიეწერება.

ნახეთ, რამდენ დროს ანდომებს კრემლი საოკუპაციო ზოლის გავლებას ჩვენს ტერიტორიაზე. ეს წლების განმავლობაში გრძელდება. როგორ ფიქრობთ, ამ  ამბავს რუსეთი უფრო ადრე ვერ მოამთავრდებდა?! ყირიმში უცებ ააშენეს ავტობანი და რკინიგზაც გაიყვანეს. იქ ასე სჭირდებოდათ და იმიტომ. გუგუტიანთკარში თითო ბოძის ჩასობას უამრავი დრო შეალიეს. კრემლი ხედავს, რომ საქართველოში ყოველი ახალი ბოძის ჩასობა და ადმინისტრაციული საზღავრის ოდნავ გადმოწევა პოლიტიკურ წრეებსა თუ საზოგადოების  სხვადასხვა ნაწილს შორის სერიოზულ დაპირისპირებებს იწვევს. ეს კი შესანიშნავი ბერკეტია საქართველოში არეულობის მოსაწყობად! რუსეთ-საქართველოს ომი ჯერ არ დასრულებულა. ოკუპაცია ჩვეულებრივი ომია, ჩვენ დაზავებულებიც კი არ ვართ რუსეთთან. მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე გვაქვს ხელი მოწერილი... გიორგი ჟამერაშვილის ფოტო

ქართველები კი იდეის დონეზეც არ ვართ ჯერ ჩამოყალიბებული, როგორ უნდა მოვაგვაროთ არსებული პრობლემა და როგორ უნდა დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები. ორი დღეა, ინტენსიურად ვადევნებ თვალყურს, სოციალურ ქსელში იმ ადამინების კომენტარებსა და მოსაზრებებს, რომლებსაც საზოგადოებაზე გავლენა აქვთ. ისეთი ადამიანები ალაპარკდნენ, ნატოში შაცვლის სანაცვლოდ ცხინვალისა და აფხაზეთის დათმობაზე, რომ გული გამისკდეს. ადრე ამას ვერავინ წარმოიდგენდა.

- ვის გულისხმობთ? - კონკრეტული გვარ-სახელების დასახელებისგან თავს შევიკავებ. მე იმაზე, მინდა, აქცენტის გაკეთება, რომ კრემლს როგორც მოუნდება, ისე ურევს და აწყობს საქართველოში ვითარებას. საკმაოდ გაზრდილია იმ ადამიანთა როცხვიც, ვინც ამბობს, რომ ნატოში მაინც ვერადსროს გავწევრიანდებითო. გადაწყვეტილების მიმღებ ქართველებს, პოლიტიკოსებს იმის უნარიც არ შესწევთ, რომ ერთი ნორმალური ფორუმი ჩავატაროთ და გადავწყვიტოთ, როგორ გავიყვანოთ ქვეყანა ფონს. არაფრის მომცემ კონფერენციებს ვაწყობთ და ამისთვის უამრავ დროსა და ფულს ვხარჯავთ. ყველაფერს ვაკეთებს იმის გარდა, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია. რუსეთს რა უნდა მოვთხოვოთ, როდესაც ჩვენ ვერ შევჯერებულვართ, რა გვინდა და როგორ გვინდა?

- არსებობს ვერსია, კრემლის გაღიზიანება ამჯერად ლევან იზორიას განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც თვის ბოლომდე ამერიკული ინფრატრუქტურის შექმნა იგეგმება...

- სულ რომ არავის არაფერი ეთქვა, რუსეთი მაინც გააკეთებდა იმას, რაც უკვე გააკეთა. მომავალშიც ასე მოიქცევა, ეს მისი მეთოდია.

იხილეთ ასევე: ოსები ამტკიცებენ, პოლიციის პოსტზე ქართველები ბომბსაფარს აწყობენო... - რა ჩანს ოსების დრონიდან გადაღებულ ფოტოზე?

ხათუნა ბახტურიძე სპეციალურად საიტისთვის