"ჩვენმა კოლეგებმა ცხინვალიდან შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ მათი განზრახვა ულტიმატუმის ენით საუბარი არ ყოფილა" - კვირის პალიტრა

"ჩვენმა კოლეგებმა ცხინვალიდან შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ მათი განზრახვა ულტიმატუმის ენით საუბარი არ ყოფილა"

ჩვენმა კოლეგებმა ცხინვალიდან შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ მათი განზრახვა არასოდეს არ ყოფილა ულტიმატუმის ენით საუბარი, - ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ სოფელ ჩორჩანასთან, ქართულ მხარის, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, ის იზიარებს კოლეგების ამ პათოსს და ამ ნაბიჯს პოზიტიურს უწოდებს.

"ულტიმატუმთან და ზოგადადად ულტიმატუმის ენასთან დაკავშირებით ცხინვალიდან ჩვენმა კოლეგებმა დააფიქსირეს, რომ მათი განზრახვა არასოდეს არ ყოფილა ულტიმატუმის ენით საუბარი, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია, პოზიტიურად გადადგმული ნაბიჯია და სწორი შეფასებაა. ჩვენ ამ პათოსს ვიზიარებთ“, -აღნიშნა ქემოკლიძემ.

რაც შეეხება საგუშაგოს ადგილმდებარეობას, ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ ხელისუფლებას და დე ფაქტო ხელისუფლებას განსხვავებული პოზიციები აქვთ.

"საგუშაგოს ნაწილში, საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით ცენტრალურ მთავრობას და დე ფაქტო ხელისუფლებას აქვს დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები, მაგრამ ამ განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ, რომ კონსტრუქციულ ჭრილში თანამშრომლობა გაგრძელდეს“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, რომ შეიცვალოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით, ქემოკლიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი შეხვედრაზე არ განხილულა, თუმცა "მოცემულ მომენტში, საგუშაგო თავის ადგილას რჩება“.

"ბლოკპოსტის დაშლის საკითხი დღევანდელ ტექნიკურ შეხვედრაზე არ განხილულა. ჩვენ უბრალოდ დავაფიქსირეთ და კონსტრუქციულ ჭრილში გავცვალეთ ის მოსაზრებები, რომლებიც არის ცალსახად ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეხვედრაში მონაწილე ყველა წარმომადგენელი იზიარებს იმ პათოსს, რომ თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს კონსტრუქციულ ჭრილში, ამისკენ კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი ის იქნება, რომ შემდეგ კვირაში შევიკრიბებით“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე, თუმცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ აღნიშნული ულტიმატუმი არ შეასრულა.

"ინტერპრესნიუსი"