"ქართული მხარე დათმობაზე არ წამოვიდა, ქართული პოსტი, რომლის არსებობაც ძაბავს სიტუაციას, უნდა მოიხსნას" - კვირის პალიტრა

"ქართული მხარე დათმობაზე არ წამოვიდა, ქართული პოსტი, რომლის არსებობაც ძაბავს სიტუაციას, უნდა მოიხსნას"

ქართული მხარე დათმობაზე არ წამოვიდა, მოლაპარაკებები გაგრძელდება, - განაცხადა ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო "პრეზიდენტის" სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში მურატ ჯიოევმა.

საოკუპაციო ხაზთან დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კომენტარი გააკეთა მურატ ჯიოევმა.

"ჩვენ ერთი მოთხოვნა გვაქვს - ეს ქართული პოსტი, რომლის არსებობაც ძაბავს სიტუაციას, უნდა მოიხსნას. ქართული მხარე ჯერ არ წამოვიდა დათმობაზე. მიუხედავად იმისა, რომ პოსტის განთავსების თაობაზე მათი არგუმენტები ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ საქმე (როგორც ისინი ამტკიცებენ) სოფლის უსაფრთხოების საკითხს ეხება, მაშინ დადგან პოსტი თავისი სოფლის ტერიტორიაზე. რა შუაშია აქ წნელისი", - განაცხადა ჯიოევმა.

მისივე თქმით, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა დიალოგის გაგრძელება ჟენევის დისკუსიისა და ინციდენტებზე რეაგირებისა და თავიდან აცილების მექანიზმის ჩარჩოებში. ჯიოევის განაცხადებით, "ქართველებმა სხვა ვარიანტებიც შემოგვთავაზეს, მაგრამ ჩვენ ერთი პოზიცია გვაქვს, თვით ამ პოსტის არსებობა სოფელ წნელისის თავზე არის ფაქტორი, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს".

ამ ინფორმაციას "sputnik-ossetia.ru" ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"