"ხეობა მდიდარია მარმარილოს, სერპენტინიტის, ნეფრიტის მარაგით... პროვოკაცია მიმართულია ჩვენს ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩაგდებისკენ" - კვირის პალიტრა

"ხეობა მდიდარია მარმარილოს, სერპენტინიტის, ნეფრიტის მარაგით... პროვოკაცია მიმართულია ჩვენს ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩაგდებისკენ"

"სამხრეთ ოსეთის“ "საგარეო საქმეთა მინისტრის“ დიმიტრი მედოევის განცხადებით, საქართველოს მოქმედებები რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩაგდებისკენ არის მიმართული. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას მისი გადაცემა უცხოელი ინვესტორებისთვის აქვს გადაწყვეტილი.

დიმიტრი მედოევმა პასუხი გასცა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელშიც აშშ-ს საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, "გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აიცილოს სიტუაციის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ".

"როგორც იქნა აღელდნენ ამ პროვოკაციის ნამდვილი შემკვეთები. საქართველოს პროვოკაციას, შიდაპოლიტიკური მიზნების გარდა ჰქონდა კიდევ ერთი, სავარაუდოდ მთავარი მიზანი. ტერიტორია, რომელზეც არის საუბარი, დიდი ხანია ცნობილია "ტალკის“ და მარმარილოს გრანულების წარმოებით. საერთოდ ეს ხეობა მდიდარია მარმარილოს, სერპენტინიტის, ბარიტის და ნეფრიტის მარაგით, რომ აღარაფერი ვთქვათ სამრეწველო თიხის საბადოებზე და ძვირფასი ხის ჯიშების მთელ მასივებზე. ეჭვი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობამ იპოვა ინვესტორი, რომელსაც გადასცა ეს მიწები და ბიზნესის უსაფრთხო წარმოების გარანტიებიც მისცა“, - განაცხადა მედოევმა.

მისივე სიტყვებით, საქართველოს მხარესთან ბევრი კითხვაა, მაგრამ მთავარი მაინც შემდეგია: "როგორ შეიძლება სიტყვით სამშვიდობო პროცესისკენ მიისწრაფოდე, რეალურად კი ვიღაცის ანგარებიანი ინტერესების გამო საქმე ომის გაჩაღებამდე მიიყვანო“.

ამ ინფორმაციას "sputnik-ossetia.ru“ ავრცელებს.